სიახლეები

2785 Views
გირჩის შესახებ

გირჩის შესახებ

„გირჩის” ამბის გაგება შეგიძლიათ ამ საიტზე. 

მოკლე „ბიოგრაფიული“ მონაცემები, ზედაპირულ წარმოდგენას შეგიქმნით „გირჩის” ისტორიაზე.

როგორ მოვედით დღემდე?

 2015 წელი

„გირჩი“ შეიქმნა 2015 წლის ზაფხულში, იმ დროს ნაციონალური მოძრაობის ოთხი პარლამენტის წევრის: პალიკო კუბლაშვილის, ზურა ჯაფარიძის, გოგა ხაჩიძისა და გოგი მელაძის მიერ.

მათ პოლიტიკური საქმიანობით დაინტერესებულ ადამიანებს შესთავაზეს პლატფორმა - „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, რომელსაც ყურადღების მისაქცევად „გირჩი“ დაერქვა.

 2016 წელი      

2016 წელს „გირჩი“ პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა. ამავე წლის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერის გადალახვის მიზნით, პაატა ბურჭულაძესთან და გიორგი ვაშაძესთან პარტნიორობის მცდელობა იმდენად სასაცილოდ წარუმატებელი გამოდგა, რომ არჩევნებშიც ვერ მოვახერხეთ მონაწილეობა.

გასაგები გახდა, რა შეიძლება მოჰყვეს არასწორ პოლიტიკურ გარიგებას.

წარუმატებელი საარჩევნო წლის ბოლოს წინასაარჩევნოდ შემოერთებული „პოლიტიკოსების“ დიდმა ნაწილმა გირჩი“ დატოვა. პოლიტიკური ცხოვრება პარლამენტის ნაცვლად „ქუჩაში“ გავაგრძელეთ. 

ასე დაიწყო „გირჩის” განვითარების მეორე ეტაპი.

 2017 წელი

ამ პერიოდის გირჩი ცნობილი გახდა ხმაურიანი და გამომწვევი კამპანიებით

ამბავი დაიწყო 2016 წლის 31 დეკემბრის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტით. ახალი წლის ღამეს 84-მა მოხალისემ ნებაყოფლობით, სრულიად ქართული მედიის და უამრავი სტუმრის თანდასწრებით, საჯაროდ დათესა კანაფი პარტიის ოფისში.

ამავე წლის ბოლოს საკონსტიტუციო სასამართლომ გირჩის სარჩელი დააკმაყოფილა და კანაფის მოხმარება ადამიანის განვითარების უფლების ნაწილად აღიარა.

 2017 წელს კიდევ ერთი წარმატებული პროექტი - „ბიბლიური თავისუფლება დავიწყეთ, რომელმაც, ფაქტობრივად, სავალდებულო სამხედრო გაწვევა გააუქმა და ათი ათასობით ახალგაზრდას ცხოვრების ნორმალურად გაგრძელების შესაძლებლობა მისცა. 

 

2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე „გირჩმა” კვლავ ვერ მიიღო მონაწილეობა. ამჯერად საარჩევნო ბიუროკრატიამ პარტია არ დაარეგისტრირა.

 2018 წელი

2018 წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ „გირჩის” პოლიტიკოსების სარჩელი დააკმაყოფილა და კანაფის მოხმარება ადამიანის უფლებად აღიარა, რამაც ეს ქმედება ლეგალური გახადა.

არჩევნებში მონაწილეობის მესამე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „გირჩის” კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე იყო და კამპანია #ჯაფარაპრეზიდენტად დაიწყო.

2018 წლის 20 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც გასაგები გახდა რომ საქართველოს პარლამენტმა უარი თქვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაგებასა და აღსრულებაზე, დედაენის ბაღში ჩავატარეთ კანაფის ფესტივალი, სადაც საჯაროდ და დემონსტრაციულად დავარიგეთ კანაფის ჯოინთები. ეს ქმედება როგორც „გასაღება”, ისევე როგორც კულტივაცია წინა წელს, მრავალწლიან პატიმრობას ითვალისწინებდა.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მესამე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე იყო (#ჯაფარაპრეზიდენტად). 30 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებში 2.25% ავიღეთ. 

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო გირჩის შეცვლა. ცვლილების იდეა იყო პარტია მერიტოკრატიული წესრიგის მქონე ღია საზოგადოებად გარდაგვექმნა.

ამისათვის „გირჩი” უნდა გამხდარიყო პირველი პოლიტიკური პარტია, რომელიც დაფინანსებას მიიღებდა მხარდამჭერებისგან გამჭვირვალედ, ნაცვლად ერთადერთი მსხვილი დამფინანსებლის წარსულში ან სახელმწიფო ბიუჯეტიდან მომავალში. პარტიის მიერ მიღებული დაფინანსება უნდა ყოფილიყო საჯარო და გამხდარიყო პარტიული გავლენის წყარო.

ამ იდეის განსახორციელებლად დავიწყეთ მუშაობა ამ ვებ-გვერდზე ე.წ. „პორტალზე“.  აქ თქვენი ახალი ამბებით ინფორმირების გარდა, არის შესაძლებელი შემოწირულობების აღრიცხვა და პორტალის მომხმარებლის პოლიტიკურ გავლენაში გადაყვანა.

 2019-2020 წელი

2019-2020 წლები „გირჩისთვის” ოპოზიციასთან ურთიერთობის სწავლის და თანამშრომლობის მცდელობის პერიოდი იყო.

გირჩის პოლიტიკოსების მიერ ინიცირებული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და მომდევნო წლის დასაწყისში ხელი მოეწერა ოპოზიციის შეთანხმებას:

ბოლო წლებში, ეს პოლიტიკური პარტიების მიერ საკუთარი ინიციატივით ხელმოწერილი ერთადერთი შეთანხმებაა. „გირჩის” გარდა შეთანხმებული იდეები სხვა ხელმომწერ პარტიებს საკუთარი ამომრჩევლისთვის სერიოზულად არ შეუთავაზებიათ, თუმცა არც საჯაროდ გამოუთქვამს რომელიმეს შეთანხმებიდან გასვლის სურვილი.

ოთხწლიანი მუშაობის შემაჯამებელი - საარჩევნო 2020 წელი.

წლის დასაწყისიდანვე ქვეყანაში კორონა ისტერია დაიწყო და პარტიის პოზიცია კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

ჩვენ პირველივე დღიდან ვეწინააღმდეგებოდით მთავრობის მიერ “კოვიდ 19”-თან ბრძოლის ფარგლებში შემოღებულ ყველა შემზღუდავ და ამკრძალავ ღონისძიებას, ვაკრიტიკებდით მედიაში გაჩაღებულ ისტერიულ კამპანიას, რომელიც მთავრობისგან დამატებითი შეზღუდვებისა და აკრძალვების შემოღებას ითხოვდა.

ამ კამპანიაში ჩვენ მარტოები აღმოვჩნდით, რადგანაც ოპოზიციამ და ოპოზიციურმა მედიამ „კოვიდ 19”-თან ბრძოლის სამთავრობო კამპანიას მხარი დაუჭირა.

გირჩის მხარდამჭერები და ლიდერები დააჯარიმეს კორონა აკრძალვების დაუმორჩილებლობისათვის.

 ამავე წლის ზაფხულში ფიზიკურად ვიცავდით გასართობ დაწესებულებებს, რომელთაც მთავრობა ჯარიმებითა და დახურვით ემუქრებოდა.

ოპოზიციამ წინასაარჩევნო შეთანხმება დაარღვია და საარჩევნო კამპანიის მთავარ იარაღად, ტრადიციულად, ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის პერსონალური ლანძღვა გამოიყენა, ნაცვლად ამომრჩევლისთვის იმ იდეების ერთობლივად შეთავაზებისა, რაზეც ყველა შევთანხმდით.

შედეგად, არჩევნების დღეს ამომრჩეველს არ ჩამოუყალიბდა რწმენა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიცია მათთვის პრინციპულად ახლის შეთავაზებას და ნაციონალური მოძრაობის ძალაუფლების შეზღუდვას შეძლებდა იმგვარად, რომ ამ უკანასკნელთა მიერ შესაძლო შურისძიების, შეცდომების თუ დანაშაულების გამეორების რისკები მოხსნილიყო.

ვინაიდან „გირჩში”  მხარდამჭერის გავლენა საერთო საქმეში შეტანილი წვლილის შესაბამისად განისაზღვრება, საპარლამენტო პარტიული სია პრაიმერისის უნიკალური წესით შევარჩიეთ. სხვა სიტყვებით, ამ პრაიმერისის უნიკალურობა იმაში გამოიხატა, რომ დაირღვა ერთკაციანი ქართული პარტიებისთვის დამახასიათებელი ტრადიცია რომლის მიხედვით, ერთი კაცი ღია ან ფარული ლიდერი წერს საპარლამენტო სიას. ნაცვლად ამისა გირჩის საპარლამენტო სია საჯაროდ ონლაინ შეადგინეს მხარდამჭერებმა მათი ინდივიდუალური შემოწირულობის პროპორციული პარტიული გავლენის შესაბამისად.

არჩევნებზე ქვეყანაში ხმების 2.89% მივიღეთ, რაც იმჟამინდელი წესებით ოთხი პარლამენტის წევრის უფლებას ნიშნავდა. 

თბილისში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის შემდეგ მესამე ადგილი 7%-ით  და რეგიონებში 1%-ზე ნაკლები ნიშნავდა მომავალში შედეგის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების პერსპექტივას. საპარლამენტო არჩევნებში პირველად მონაწილე პარტიისათვის, კამპანიაში დახარჯული ფულის გათვალისწინებით, ასეთი შედეგი დიდი წარმატება იყო.

წარმატების სიხარული ოპოზიციის მხრიდან არჩევნების შედეგების გაყალბებულად გამოცხადებამ დაჩრდილა. ცესკოს ტექნიკურმა შეცდომებმა და ოპოზიციონერი კოლეგების ერთხმად მტკიცებამ, რომ არჩევნები გაყალბდა, “გირჩის” დეპუტატები რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით ბოიკოტის გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.

პარტიული წარმატებისა და ზოგადი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, პარტია დატოვა საპარლამენტო სიის პირველმა ნომერმა - ზურაბ ჯაფარიძემ. ამან მხარდამჭერების დიდ ნაწილში იმედგაცრუება გამოიწვია და პარტიას, რომელმაც ცოტა ხნით ადრე არჩევნები მოიგო, შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების ფონზე გაქრობის საფრთხე დაემუქრა.

გონივრული გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში, ნებისმიერი დაბრკოლება შესაძლებლობებად იქცევა. ჩვენ შემთხვევაში ეს შესაძლებლობა „გირჩის” საბოლოო, თანამედროვე ფორმად ჩამოყალიბებაში გამოიხატა.

 2021 წელი

2021 წელი დაიწყო დაუსრულებელი ბატალიებით პარლამენტში შესვლა - არ შესვლასთან დაკავშირებით.

მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ ოპოზიცია არჩევნების გაყალბების ფაქტს ვერ ადასტურებდა, მივხვდით, რომ ტექნიკურად ვიჩქარეთ და ამ საფუძვლით ჩვენი მხრიდან ბოიკოტში ჩართვა საბოლოო ჯამში აღმოჩნდა შეცდომა. 

გადავწყვიტეთ, ყველაფერი გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ პარლამენტს მუშაობა დაეწყო და ხელი შეგვეწყო საერთო ოპოზიციური ბოიკოტის დასრულებისათვის.

2021 წლის პოლიტიკური კრიზისის პროცესში მონაწილეობამ და დაკვირვებამ ჩვენთვის საეჭვო გახდა კონფლიქტის მთავარი მხარეების - ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის რეალური მიზნები და ამოცანები. ისინი აშკარად ეხმარებოდნენ ერთმანეთს კრიზისის გაღრმავებაში.

ყოველივე ამის გათვალისწინებით გირჩის პოლიტიკური პოზიცია შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

  1. ქართულმა ოცნებამ ჩაატარა არჩევნები დადასტურებული ტექნიკური ხარვეზებით;
     
  2. ოპოზიციამ ვერ მოახერხა მიზანმიმართული გაყალბების მტკიცებულებების წარმოდგენა;
     
  3. ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების გამო, შეუძლებელი აღმოჩნდა, არჩევნების შედეგების შეფასებაზე მხარეების შეთანხმება;
     
  4. რადგან მორიგი (ადგილობრივი) არჩევნები რამდენიმე თვეში - შემოდგომით ტარდებოდა, შემდეგი არჩევნების შედეგები გამხდარიყო პარლამენტის ლეგიტიმაციის ერთგვარი რეფერენდუმი, რომელზეც ქართული ოცნება ეცდებოდა ლეგიტიმაციის ხელახლა მიღებას, ხოლო თუ ამას ვერ მოახერხებდა, დანიშნულიყო ხელახალი არჩევნები.
     

ამ პოზიციის გამო, გუშინდელი პარტნიორი ოპოზიცია საკუთარი სატელევიზიო მედიის მეშვეობით, ღიად გვესხმოდა თავს და ქართულ ოცნებასთან ფარულ შეთანხმებაში გვადანაშაულებდა.
 

თუმცა, რამდენიმე თვიანი მოლაპარაკების, ნიკა მელიას დაჭერისა და ბატონ შარლ მიშელის ჩარევის შედეგად ოპოზიციამ ხელი მოაწერა იმ დოკუმენტს, რომელიც არჩევნების შედეგების გადამოწმების, ზუსტად, გირჩის შეთავაზებულ წესს ითვალისწინებდა.
 

“გირჩის” დეპუტატებმა, კოლეგების პარლამენტის დარბაზში დაბრუნების შემდეგ, არჩევნების ჩატარებიდან 6 თვეში, დაასრულეს საპარლამენტო ბოიკოტი. 
 

მხოლოდ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი, რამდენიმე თვეში, 2021 წლის შემოდგომაზე, ჩასატარებელ ადგილობრივ არჩევნებზე ფიქრი და მისთვის მზადება. 
 

ახლო წარსულში თუ საარჩევნო კამპანიაში დაშვებული შეცდომების გამო, ადგილობრივ არჩევნებში ათასობით ამომრჩეველი დავკარგეთ.


ამავდროულად, ვიპოვეთ ახალი ამომრჩეველი და რამდენიმე რეგიონში საპარლამენტო არჩევნების შედეგიც კი გავაუმჯობესეთ. 


გირჩის ისტორიაში პირველად, საკრებულოში ადგილობრივი პოლიტიკოსი - კოკი ჩაჩავა გავიყვანეთ. კოკი აბაშის საკრებულოს წევრი გახდა.
 

2021 წელი მოვლენებით დახუნძლული აღმოჩნდა, დაიწყო პარტიის განადგურების მცდელობით და დასრულდა ახალი, განსხვავებული ამომრჩევლების და პოლიტიკოსების შემოერთებით და ოთხკაციანი წარმომადგენლობით პარლამენტში.
 

განსაკუთრებით პოზიტიურ მოვლენად მიგვაჩნია პრეზიდენტის გადაწყვეტილება დაეკმაყოფილებინა „გირჩის“ თხოვნა და 2021 წლის 31 დეკემბერს, 10-წლიანი პატიმრობისთვის განწირული, კანაფის მომხმარებელი უდანაშაულო დავით კვარაცხელია შეეწყალებინა.
 

ასე იწყება გირჩის ისტორიის მეოთხე და იმედია, ყველაზე საინტერესო პერიოდი...

2022 წელი...

კომენტარები