სიახლეები

"გირჩი" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას

პარტიამ სულ ცოტა ხნის წინ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა ტიპის ღია თუ დახურული ტიპის ხალხმრავალ შეხვედრებში.

შეხვედრები იქნება სხვადასხვა ტიპის და გარდა პარტიული აგიტაციისა და გირჩის ლიდერებთან პირადი კონტაქტის დამყარებისა, თავის თავში შეიძლება მოიცავდეს მუსიკის მოსმენას, კერძების დაგემოვნებას, ალკოჰოლის მიღებას, სიმღერასა და სხვადასხვა რიტუალების ჩატარებას.

აღნიშნული შეხვედრების ნაწილის ორგანიზებაში გვეხმარებიან მეგობრები, მხარდამჭერები და კომპანიები, რომელთაც აქვთ ასეთი ტიპის შეხვედრების მოწყობის გამოცდილება.

რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან ნებისმიერი მიზეზითა და ნებისმიერი ფორმით ხელის შეშლა ასეთი შეხვედრების ორგანიზებაში, ჩვენს მიერ აღქმული იქნება როგორც ხელისუფლების მიერ გირჩისთვის წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა"- ნათქვამია განცხადებაში.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გავესაუბრეთ "გირჩის" საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელს და პოლიტიკოსს, ალექსანდრე რაქვიაშვილს და ზურაბ ჯაფარიძეს. 

ეს არის კარგი შესაძლებლობა, ერთის მხრივ ჩვენი იდეები გავავრცელოთ და მეორე მხრივ დავანახოთ ადამიანებს მთავრობის ქცევის არაადეკვატურობა. გაგვიხარდება, თუ ამით არამარტო ჩვენ მხარდამჭერებს მოვიპოვებთ, არამედ ზოგადად დავეხმარებით ადამიანებს, რომელთა ცხოვრება შეიძლება შეიცვალოს უარესობისკენ.

                                                                                                                                                                         - გვითხრა სანდრომ. 

მთავრობამ აკრძალა შეკრებები. ჩვენი აზრით, ამის მიზანი არის ხალხის დაშინება და კორონას ფაქტორის კიდევ ერთხელ გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენ გვიკავშირდება უამრავი ადამიანი რომელთაც ასეთი შეზღუდვებით ხელი ეშლებათ პირად ცხოვრებასა თუ კომერციულ საქმიანობაში. შესაბამისად, ჩვენ ვთავაზობთ ყველას - ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც თავისი ბუნებიდან გამომდინარე ითვალისწინებს ადამიანების შეკრებას, ვაქციოთ გირჩის წინასაარჩევნო სააგიტაციო ღონისძიებად.

                                                                                                                                                                           - თქვა ზურამ.

შაბათისთვის უკვე დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება, სადაც ჩვენი პოლიტიკოსები შეხვდებიან თავიანთ ამომრჩეველს ფორმალურ თუ არაფორმალურ გარემოში და ისაუბრებენ მეტ თავისუფლებაზე. 

                                                                                                                                                                        ავტორი: პოლინა აბზიანიძე 

კომენტარები