სიახლეები

177 Views
ჩვენ შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ სიტყვა “ძალადობა”-ს?

“ძალადობაა ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების ან საკუთრების ხელყოფა” (გირჩის კონსტიტუცია, თავი მეორე). ჩვენი აზრით, ძალადობა მხოლოდ ისაა, რისი “გაზომვაც” შეიძლება, ანუ ერთი ინდივიდის მიერ მეორის სიცოცხლეზე, თავისუფლებასა ან საკუთრებაზე ფიზიკური ზემოქმედება, მეორის ნებართვის გარეშე. ისეთი ზემოქმედება, რომელსაც ნებისმიერი თვითმხილველი დანახვისთანავე ზიანის მიყენებად აღიქვამს . ემოციური, ფსიქოლოგიური თუ სხვა არაფიზიკური ზემოქმედება ძალადობად არ მიგვაჩნია, რადგან მსგავს შემთხვევებში ისეთივე “გაზომვადი” სტანდარტის დადგენა შეუძლებელია, როგორც ფიზიკური ძალის გამოყენებისას და რაც ერთი ადამიანისთვის შეიძლება იყოს “ფსიქოლოგიური ძალადობა”, მეორისთვის შეიძლება არაფერს ნიშნავდეს. სიტყვებით გამოხატული ნებისმიერი ემოცია, ჩვენთვის სიტყვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება. როდესაც გირჩის წევრი ახსენებს სიტყვას “ძალადობა”, გულისხმობს ამ სიტყვის ისეთ განმარტებას, როგორიც ამ პასუხის დასაწყისში მოვიყვანეთ.

ჯარის გაუქმება მართლა გინდათ?

ის ფაქტი, რომ ჩვენ სავალდებულო ჯარს ვეწინააღმდეგებით, არ ნიშნავს, რომ პაციფისტები ვართ და გვგონია, ნორმალური ჯარი და თავდაცვა არ გვჭირდება. პირიქით — ვფიქრობთ, რომ თავდაცვას ბევრად მეტ ყურადღებას უნდა ვაქცევდეთ და ათასგვარ სისულელეში ფულის ხარჯვის ნაცვლად, გვინდა მეტი რესურსი მივმართოთ ამ სფეროსკენ. უსაფრთხოება, მშვიდობა და დაცულობის განცდა ადამიანების ბედნიერად ცხოვრების აუცილებელი წინაპირობაა.

ჩვენ უბრალოდ ვგმობთ ნების საწინააღმდეგო ქმედებებს, სავალდებულოობას. მიგვაჩნია, რომ ჯარი უნდა იყოს სრულად საკონტრაქტო და მეომარი უნდა ერქვას იმას, ვინც საკუთარი ნებით მზადაა იარაღი აიღოს და ამ დასაფასებელ, მნიშვნელოვან პროფესიას დაუთმოს ცხოვრება. “ძალით ჯარისკაცი” როგორც თავდაცვის ბიუჯეტის, ასევე ადამიანთა დროის ფუჭად გაფლანგვაა. 

ხოლო თუ გგონიათ, რომ “ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ისეთი მეზობლებით, სადაც ყველამ უნდა იცოდეს იარაღის გამოყენება”, ჩვენი აზრით, მაგ მიზნის მიღწევა სხვა გზითაც შესაძლებელია — მიეცეს ადამიანებს იარაღის თავისუფლად ფლობის საშუალება და გამარტივდეს სასროლეთების მოწყობა, რათა ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა ისწავლოს იარაღის გამოყენება.

ჯარის იმაზე (“ბიბლიური თავისუფლების” წევრობა) როდის და სად მოვიდე?

 რელიგიური ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლება” მუშაობს:
თბილისი, 9 აპრილის ქუჩა N
, 11:00-დან 14:00 სთ-მდე, ყოველ სამუშაო დღეს;

ქუთაისი, როძევიჩის ქუჩა N2, მეცხრე სკოლის წინ დაღმართზე, უნივერსიტეტ “ლამპარის” პირველ სართულზე, 12:00-დან 15:00 სთ-მდე, ყოველ სამუშაო დღეს.

ნარკოტიკებზე ამდენს რატომ ლაპარაკობთ?

სინამდვილეში, ნარკოტიკებზე საკმაოდ ცოტას ვლაპარაკობთ, უბრალოდ იმ თემებიდან, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ყველაზე მეტ გამოხმაურებას ნარკოტიკები, კერძოდ კი მარიხუანას თემა იწვევს ხოლმე და თქვენ გრჩებათ შთაბეჭდილება, თითქოს გირჩი სულ ნარკოტიკებზე საუბრობს. არადა, გადაამოწმეთ, რამდენს ვლაპარაკობთ ეკონომიკაზე, განათლებაზე, ეროვნულ ბანკზე, სახელმწიფო ქონების ხალხისთვის დაბრუნებაზე და ასე შემდეგ.

მეორე მხრივ, ნარკოტიკი ძალიან კარგი მაგალითია იმ პრინციპის ასახსნელად, რაზეც დგას გირჩის ყველა იდეა - “ადამიანს ეკუთვნის საკუთარი სხეული და სიცოცხლე” (გირჩის კონსტიტუცია, თავი მეორე). თუ სხეული ჩემია, ასევე ჩემი საქმეა მასში რას შევუშვებ — მარიხუანას, ალკოჰოლს, ბევრ ცხიმს თუ ლიპტონის ცივ ჩაის. ადამიანის დასჯა საკუთარი სხეულისთვის ზიანის მიყენების გამო სისულელეა. სისულელესთან ერთად, ბოროტებაცაა, რადგან სახელმწიფო, თქვენი სახელით, ძალას იყენებს ისეთი ინდივიდების წინააღმდეგ, რომლებიც სხვებზე არ ძალადობენ. ძალის გამოყენება არა-მოძალადის მიმართ კი თავადაა ძალადობა. ძალადობა ერთადერთი რამეა, რაც გირჩის მორალით, “არ მოსულა”.

კაცმა რომ მიგიშვათ, სახელმწიფოს გააუქმებთ?

ჩვენ გვგონია, რომ მომავალი საზღვრებისა და მთავრობების გარეშე თანაცხოვრებაშია. თუმცა გირჩი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ხელისუფლებაში მოსასვლელად იბრძვის არსებული პოლიტიკური სისტემის ფარგლებში. ხელისუფლებაში მოსვლა კი გვინდა იმისთვის, რომ რაც ჩვენ სწორი გვგონია, ის რეფორმები გავატაროთ. დღეს რა წესრიგიცაა სამყაროში, იმ წესრიგში შეუძლებლად მიგვაჩნია სახელმწიფოების გაუქმება. ასეთი გაუქმება შეიძლება მომავალში რამემ მოიტანოს, იქნება ეს ტექოლოგიური რევოლუცია, კაცობრიობის შეხედულებების ცვლილება თუ ა. შ. მაგრამ დღეს და აქ “სახელმწიფოს გაუქმება”, მით უმეტეს მხოლოდ საქართველოში, წარმოუდგენლად მიგვაჩნია. ამის სანაცვლოდ, ჩვენ გვჯერა ე. წ. მინიმალური სახელმწიფოსი, სადაც მთავრობა ინდივიდის ცხოვრებაში თითქმის არ ერევა და მხოლოდ კონკრეტული, ერთეული ფუნქციები გააჩნია. ეს ფუნქციები შეიძლება იყოს საგარეო ურთიერთობები, თავდაცვა და მართლმსაჯულება/შიდა წესრიგის დაცვა. ამის იქით, ჩვენი აზრით, სახელმწიფოს თუ მთავრობას არაფერი ესაქმება ჩვენს ცხოვრებასთან. სანამ ერთმანეთზე არ ვძალადობთ და ვახერხებთ სიტყვით მოვაგვაროთ  ერთმანეთთან კონფლიქტები, ჩვენს საქმეებში მთავრობის ჩარევის არანაირი საჭიროება და არც მორალური საფუძველი არ არსებობს.

ბიბლიური თავისუფლება იმიტომ გააკეთეთ, რომ მართლმადიდებლობას დასცინოთ?

მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელ მრევლში ეს შეხედულება დიდი ხანია არსებობს, ბიბლიური თავისუფლება არასოდეს, მისი არსებობის არცერთ მომენტში არ მოიაზრებდა სხვა ადამიანებისა და მათი რწმენის (რისიც არ უნდა სწამდეთ მათ) შეურაცხყოფას, დაცინვას და ა. შ. გირჩში საკმაოდ კონსერვატიულად ვუყურებთ რელიგიის საკითხს და გვჯერა, რომ ყველას აქვს უფლება, სწამდეს რისიც უნდა და მეტიც, საკუთარი შვილებიც აღზარდოს იმ მორალსა და რწმენაზე, რომელიც მართებულად მიაჩნია. ჩვენთვის პრობლემა მხოლოდ ძალადობა ან მყისიერი საფრთხის შექმნაა სხვა ადამიანების მიმართ, რა რწმენასაც და შეხედულებასაც არ უნდა ემყარებოდეს ის. 

“ბიბლიური თავისუფლება” კი შეიქმნა თავისუფლების საქადაგებლად. ჩვენ ვთვლით, რომ თავისუფალი არჩევანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც კი ღმერთმა ადამიანს მისცა და ბიბლიაში ვერ ნახავთ ვერცერთ ხაზს, სადაც ღმერთი რაიმე ფორმით ზღუდავს ერთი ინდივიდის არჩევანის თავისუფლებას. ამ მიზნით და იმ პრაქტიკული ქმედებებით, რასაც ჩვენი რელიგიური ორგანიზაცია ახორციელებს, მიგვაჩნია, რომ დედამიწის ზურგზე ერთ-ერთი ყველაზე ქრისტიანული ორგანიზაცია ვართ, ვეხმარებით რა ადამიანებს თავი დაიცვან მოძალადე სახელმწიფო სისტემისგან და შეინარჩუნონ ყველაზე ძვირფასი — ღვთისგან ბოძებული არჩევანის თავისუფლება. 
ასევე, არ წავიდნენ ჯარში, თუ არ უნდათ :) 

ლგბტ ჯგუფების უფლებებს იცავთ?

ჩვენ არ გვჯერა ლგბტ ჯგუფების უფლებების. მეტიც, ჩვენ არც ლგბტ ჯგუფების არსებობის გვჯერა, ანუ არ გვჯერა, რომ ისინი ყველა ლგბტ ადამიანს წარმოადგენენ. ჩვენ მხოლოდ ინდივიდების და მათი უფლებების გჯერა. ადამიანები თანაბარუფლებიანები არიან, მიუხედავად მათი გემოვნებისა სექსში თუ ჭამაში, ლოცვაში თუ ჩაცმაში. ჰოდა, როდესაც ვხედავთ, რომ ვიღაცას არ ეძლევა საშუალება იმავე თავისუფლებით ისარგებლოს, რითაც ჩვენ ვსარგებლობთ, ასეთი ადამიანის უფლებას დავიცავთ. მაგალითად, თუ ჩვენ გვაქვს რუსთაველზე დემონსტრაციული მსვლელობების უფლება, იგივე უფლება აქვს აბსოლუტურად ყველას. საერთოდ, ნებისმიერი უფლება ან აქვს ყველას თანაბრად, ან არ აქვს არავის. ნებისმიერი სხვა სცენარი ნიშნავს, რომ ერთნი მეორეებზე ძალადობენ. ძალადობა კი ერთადერთია, რასაც ვეწინააღმდეგებით. ზოგიერთისთვის ჩვენი პოზიცია ისე აღიქმება , თითქოს ვინმეს განსაკუთრებით ვესარჩლებით., სინამდვილეში ასე არაა — ჩვენ სხვების უფლებების დაცვით ვიცავთ საკუთარ უფლებებს, რომ არ შეიქმნას პრეცედენტი და მომავალშიც ვინმე “ნიჭიერს” არ მოუნდეს ჩვენი უფლებების შეზღუდვაც, მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოვწონვართ. 

ჯედი (GeD) რა არის?

როდესაც გირჩს ვინმე სწირავს 1 ლარს, ან 1 ლარის საქმეს გაუკეთებს, ეს შემომწირველი სანაცვლოდ იღებს ჯედებს (GeD - Georigan Dollar). ჯედი ერთგვარი აქციაა, ხოლო გირჩი — სააქციო საზოგადოება. ეს ჯედი შეგიძლიათ შემდეგ გაყიდოთ, იყიდოთ, გადაურიცხოთ სხვას ან დააგროვოთ. რაში გამოგადგებათ? გირჩი, სინამდვილეში, ჯედებით იმართება. რაც მეტი ჯედი გაქვთ, მით მეტი წონა აქვს თქვენს ხმას გადაწყვეტილებების მიღებისას. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პარტიის ცხოვრებაში — საარჩევნო სიის ფორმირება — სწორედ ჯედებით ხდება. ჯედების მფლობელები წყვეტენ, ვინ რომელ ადგილზე იქნება სიაში. თუ ჩვენს საიტზე დარეგისტრირდებით და შემოგვწირავთ ფულს, თქვენ ავტომატურად დაგერიცხებათ ჯედები, რომელთა განკარგვაც შეგეძლებათ საიტზევე, თქვენს “კაბინეტში”. აქ შეგეძლებათ შეადგინოთ “პარტიული სია” თქვენი პირადი გემოვნებით. ჯედის ყველა მფლობელიც ასე იზამს და არჩევნების წინ სისტემა დააგენერირებს საარჩევნო სიას, რომელიც თქვენი სურვილების ჯამი იქნება.

მეორე გამოყენება, რაც ჯედს აქვს, პარტიულ დაფინანსებას ეხება. 
ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარტიები მხოლოდ ადამიანების ნებაყოფლობითი შემოწირულობებით უნდა ფინანსდებოდნენ, ამიტომ ხელს არ ვკიდებთ იმ ფულს, რომელიც გირჩის ანგარიშზე ირიცხება ბიუჯეტიდან, ჩვენი პარლამენტში მოხვედრის შემდეგ. ეს ფული უკან, ამომრჩევლებს უნდა დავუბრუნოთ. ამისთვის კი ჯედებს ვიყენებთ. ეს “პარტიული ფული” “ამოედება” ჯედებს უკან და დაგროვდება. თუ ვინმეს მოუნდება საკუთარი სააქციო წილი “გაიტანოს”, შეუძლია საკუთარი ჯედები “გაანაღდოს” და გირჩის მიერ დღეს არსებული სისტემით მოპოვებული საბიუჯეტო ფულიდან (რომელიც გადასახადების გადამხდელებისთვისაა წართმეული) თავისი წილი გაიტანოს. ასეთ შემთხვევაში, მისი ჯედები “დაიწვება”. 
მესამე გამოყენება, რაც ჯედს შეიძლება ქონდეს, მიწა-წყლის დაბრუნებაა.თუმცა ამაზე მოგვიანებით, ან ცალკე სტატიაში ვისაუბრებთ.

ჯარის იმით კიდევ იმასშვრებით?

სანამ გირჩი იარსებებს და სანამ “ბიბლიური თავისუფლება” იარსებებს, ყველა მსურველს შეეძლება გახდეს ჩვენი რელიგიური ორგანიზაციის წევრი და დაიცვას საკუთარი არჩევანის თავისუფლება. მათ შორის, ისარგებლოს ყველა იმ პრივილეგიით, რაც კანონით აქვს ყველა სხვა კონფესიის მღვდელმსახურსაც და გადაივადოს “სავალდებულო სამხედრო სამსახური”.

სად გაქვთ ოფისები?

გირჩს მხოლოდ ერთი ოფისი აქვს, რომელსაც ჩვენს რელიგიურ ორგანიზაცია “ბიბლიურ თავისუფლებასთან” ვიყოფთ. სხვა რეგიონალური ოფისები ჩვენს პარტიას არ გააჩნია.

მისამართი: თბილისი, 9 აპრილის ქუჩა N⅗, პარლამენტის უკან. სუს-ის შენობის მოპირდაპირე მხარეს, პირველ სართულზე.

როგორ დაგეკონტაქტოთ? 

ჩვენთან დაკონტაქტების რამდენიმე გზა არსებობს:
შეგიძლიათ გვესტუმროთ: თბილისი, 9 აპრილის ქუჩა N, პარლამენტის უკან. სუს-ის შენობის ზუსტად პირდაპირ, პირველ სართულზე.
მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე:
[email protected]
მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე: fb.com/GirchiParty
ან დაგვემატოთ ჩვენს ფეისბუქ ჯუგფში, სადაც ვსაუბრობთ გირჩულ თემებზე: “გირჩის ბაბლი”.

თქვენი გუნდი სულ ის 4 კაცია და არჩევნები რომ მოიგოთ, პოლიტიკოსები არ გეყოფათ!

ჩვენ გარშემო უამრავი ძალიან საინტერესო, კომპეტენტური და ნიჭიერი ადამიანი შემოიკრიბა ამ წლების განმავლობაში. მათი უდიდესი უმრავლესობა ჯერ არ იღებს პოლიტიკოსობის გადაწყვეტილებას. ზოგადად, ადამიანები მათ ხელთ არსებულ ყველა ალტერნატივას უყურებენ, წონიან და ისე იღებენ ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს. თუ გირჩის რეიტინგი ისე გაიზრდება, რომ მას დამატებით პოლიტიკოსები დასჭირდება, ასეთი ხალხი ბუნებრივად გამოჩნდება. მთავარია, პერსპექტივის რეალურობა და მასშტაბი დაინახონ. თუკი მეტი კომპეტენტური ადამიანის საჭიროება დადგება, ისინი საკუთარ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. დღეს გირჩი პატარაა და მოთხოვნა-მიწოდების პრინციპით, მხოლოდ 4 სპიკერი ჰყავს. ათჯერ რომ გაიზარდოს ჩვენი რეიტინგი, ათჯერ მეტი ადამიანი მყისიერად იქნება მზად აქტიურად დაგენახვოთ. 

რეგიონის მოსახლეობაზე გასვლას როგორ აპირებთ?

ჩვენი რესურსებით, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტს სხვადასხვა სტრატეგიით მივწვდეთ. ჩვენი ერთადერთი სტრატეგია რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება და ორივე  - სატელევიზიო და ინტერნეტ - მიმართულების ათვისებაა. ვისაც ასე მივწვდებით, მივწვდებით. თუ მათ გასაგებად ავუხსნით რა რატომ გვინდა, მერე ეს ხალხი თავად გახდება ჩვენი ელჩი საკუთარ პატარა საზოგადოებებში. 

ასევე, ჩვენი პროექტით, მიწა-წყლის დაბრუნების შესახებ, ბუნებრივად უნდა დაინტერესდნენ არა-ურბანულ დასახლებებში მცხოვრები ადამიანები. რაც მეტი შემოწირულობა გვექნება, მით მეტი რესურსის გამოყოფის შესაძლებლობა გაგვიჩნდება საკომუნიკაციო კამპანიის ფართოდ გასაშლელად. დღეს არსებული ადმიანური რესურსით, მიგვაჩნია, რომ მაქსიმუმს ვაკეთებთ.
ასევე, გვგონია, რომ დაინტერესება ქვემოდან ზემოთ უნდა მოხდეს — რეგიონებში თავად უნდა გაჩნდნენ ადგილობრივი ლიდერები, რომლებსაც გააზრებული ექნებათ, რამხელა სიკეთე შეიძლება მოყვეს გირჩის გაძლიერებას თითოეული ადამიანისთვის და თავად დაიწყებენ ჩვენი იდეების გავრცელებას.

როგორ ფინანსდებით?

 გირჩი, ბოლო 4 წელია, სრულად გამჭვირვალედ და ქართული პოლიტიკისთვის უჩვეულოდ,  კერძო პირების და ბიბლიური თავისუფლების შემოწირულობების ხარჯზე არსებობს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გირჩის ვებ-გვერდიდან აირჩიოს მისთვის სასურველი პოლიტიკოსი, პროექტი ან თავად გირჩი და დააფინანსოს მისთვის სასურველი თანხით. თქვენც შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ ბმულზე და შემოგვწიროთ იმდენი, რამდენსაც საჭიროდ მიიჩნევთ.

თითოეული ლარი, რომელიც გირჩის სისტემაში შემოდის, აღირიცხება და ამ თანხის შესაბამისი GeD-ების სახით შემომწირველს ერიცხება საკუთარ ანგარიშზე . GeD გახლავთ ჩვენი შიდა “აქციები”. ამ აქციებით შემომწირველს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პარტიის მართვაში, გადაწყვეტილებების მიღებაში და შეადგინოს საარჩევნო სია, როგორც ეს 2020-ის და 2021 წლების არჩევნების წინ მოხდა.

კომენტარები