მულტისავალუტო სისტემა

ჩემი მთავარი პოლიტიკური მიზანია, დავიბრუნოთ თავისუფლება გამოვიყენოთ ის ფული, რომელიც გვსურს, იქნება ეს ლარი, დოლარი, ბიტკოინი თუ ოქრო. ეს მიზანი არ გაჩენილა შემთხვევით. ჯერ კიდევ 2000-იანი წლებიდან, როცა აკადემიური კარიერა დავიწყე, ჩემი მთავარი მეცნიერული ინტერესი ზუსტად რომ ცენტრალური ბანკები და მონეტარული პოლიტიკა იყო. რაც უფრო მეტს ვსწავლობდი, მით უფრო ვხედავდი, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ცენტრალური ბანკი და რამდენად დამაზიანებელი შეიძლება იყოს ადამიანებისთვის ფულის „ბეჭდვა“ და ამით გამოწვეული ინფლაცია. არაერთი მეცნიერული სტატია მაქვს ამ თემაზე დაწერილი, განსაკუთრებით კი იმაზე, თუ როგორ იწვევს ინფლაცია ეკონომიკური უთანასწორობის ზრდას, როცა ღარიბები ღარიბდებიან, რათა ბანკირების და ბიუროკრატების შემოსავლები გაიზარდოს. ინფლაციის ეს უკიდურესი ამორალურობა რომ დავინახე, და იმის გათვალისწინებით, რომ ფასების ზრდა ასევე ეკონომიკურ ზრდასაც უშლის ხელს, გადავწყვიტე, ამ ბოროტების დასრულებას მაქსიმალურად შევუწყო ხელი.

პარლამენტში მოხვედრისთანავე დავინახე, რომ არავის აინტერესებს, თუ რა ხდება ეროვნულ ბანკში, არავის აღელვებს მაღალი ინფლაცია, არავინ ცდილობს, პასუხი მოსთხოვოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას მათ ქმედებებზე.

პირველივე შეხება ეროვნული ბანკის მმართველებთან კი მათი ცინიზმისა და არაპროფესიონალიზმის დემონსტრაციით დამამახსოვრდა (იხილე ვიდეო 1 და ვიდეო 2). სიტუაციას დამატებით ამძიმებს ის ფაქტი, რომ მავნებლობას, რომელსაც ეროვნული ბანკი ჩადის, მფარველობს მთავრობა, ქართული ოცნება და საბანკო სისტემა. ფაქტობრივად, ქვეყანაში ჩამოყალიბდა კონგლომერატი, რომელიც ეროვნული ბანკის მეშვეობით დანარჩენ მოსახლეობას თავის სასარგებლოდ ინფლაციის მეშვეობით ძარცვავს. ეს ამორალური პროცესი, განსაკუთრებით ამორალური ხდება ჩვენნაირ ღარიბ ქვეყანაში, რადგან ღარიბებს ნორმალური ცხოვრების მიღწევის შანსს უკარგავს. ამიტომ, ჩემი თითქმის მთელი საპარლამენტო საქმიანობა ამ ბოროტი პრაქტიკის დასრულებასთან არის დაკავშირებული.
საბოლოო მიზნის მიღწევის ყველაზე მარტივი გზა ე. წ. მულტისავალუტო სისტემის შემოღებაა. სისტემის, როცა ადამიანი იმ ფულს იყენებს, რომელიც მისთვის არის უფრო მომგებიანი, იმის ნაცვლად, რომ ერთ ვალუტაზე იყოს დამოკიდებული. თუ, მაგალითად, ლარს არ ენდობი და გსურს ხელფასი დოლარში აიღო ან სესხი - ევროში, ამის უფლება უნდა გქონდეს. გარდა იმისა, რომ ეს მომგებიანია, მულტისავალუტო რეჟიმი გვიცავს ეროვნული ბანკის მიერ გამოწვეული ინფლაციისგან - თუ ლარი უფასურდება, შესაძლებელი იქნება სხვა ვალუტაზე გადართვა. თუმცა, მულტისავალუტო რეჟიმი პოლიტიკურად ძალიან რთულად მისაღწევია, რადგან არა მარტო ეროვნული ბანკის, არამედ მთავრობის, ბანკების, მოსყიდული „ექსპერტების“ წინააღმდეგობაა დასაძლევი.
ამ გზაზე კი არსებობს ნაბიჯები, რომლებიც საბოლოო მიზანთან დაგვაახლოებს და ამავდროულად პოლიტიკურად შედარებით მარტივად მისაღწევია. მაგალითად, ჩემი კანონპროექტით გათვალისწინებული იყო პარლამენტარის მეტად ინფორმირება. რაც მეტი ვიცით, მით უფრო მარტივად ვაფასებთ სარგებელსა და ზარალს. ქართულმა ოცნებამ კანონს მხარი არ დაუჭირა. განხილვისას კი ნათლად გამოჩნდა, თუ რამდენად არ სურს მმართველ გუნდს, ღია გახადოს ადამიანების ინფლაციით ძარცვის მასშტაბი.

თუმცა გულუბრყვილო უნდა ვიყო, რომ ეროვნული ბანკის მარტო დამარცხების იმედი მქონდეს (თუნდაც ჩემი მეგობრების და პარტიის თანამშრომლების დახმარებით). კი, შეიძლება ბევრ შემთხვევაში მათ პრობლემა შევუქმნა, მაგრამ იქით მხარეს არა მხოლოდ 600-დე ეროვნული ბანკის თანამშრომელია 50 მილიონიანი ბიუჯეტით, არამედ მთელი საბანკო სისტემა, მთავრობა და ქართული ოცნება. ვინაიდან, მათი პოზიცია მცდარია და ტყუილზე არის აგებული, ცხადია, მათი დამარცხება მიუხედავად ყველაფრისა შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის ბევრად მეტი ადამიანური და ფინანსური რესურსია საჭირო. ამიტომ მე მოგმართავთ თხოვნით, მხარი დამიჭიროთ ჩემი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად და დავასრულოთ ეროვნული ბანკის მეშვეობით აწყობილი ინფლაციით დაბეგვრის ამორალური პრაქტიკა. 

თუ ამ მიზანს მივაღწევთ, ფასების ზრდა, როგორც პრობლემა, აღარ იარსებებს ჩვენს ქვეყანაში და ადამიანების გამდიდრების გზაზე ხელოვნური ბარიერი გაქრება. თქვენთვის ეს პირდაპირი სარგებელია, ხოლო ირიბად, უფრო მდიდარი საზოგადოება ბევრად მარტივად მოაგვარებს ყველა სხვა პრობლემას. მდიდარ მშობლებს უკეთესი განათლების მიღების სურვილი გაუჩნდებათ, რაც უკეთესი სკოლების და უნივერსიტეტების დაარსებას შეუწყობს ხელს, მდიდარ ამომრჩეველს კარტოფილით თუ 50 ლარით ვეღარ მოისყიდი, მდიდარ ადამიანებს ექნებათ სურვილი სამართლიან სასამართლოში გადაჭრან დავები, რაც მოტივაციას გააჩენს მოვაგვაროთ ეს, უკიდურესად მნიშვნელოვანი და ამავდროულად სრულიად მიშვებული ინსტიტუცია. ასე რომ, ეროვნული ბანკი და არსებული საბანკო სისტემა არა მხოლოდ ამორალურია, არამედ ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე ერთ-ერთ დიდ ბარიერს წარმოადგენს.

თუ მეთანხმებით და გადაწყვეტთ, ამ საქმეში ჩემს დახმარებას, სულ მცირე, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ - ღიად დააფიქსიროთ ჩემი მხარდაჭერა პეტიციის ხელმოწერით და შეძლებისდაგვარად გაავრცელოთ სოციალურ ქსელებში თემატური ვიდეო და სტატიები, რომელიც ჩემს პოლიტიკოსის გვერდზე იდება.

კიდევ უფრო დამეხმარებით, თუ ჩემს პროექტს დააფინანსებთ, რომ: მეც მეტი დრო შემეძლოს მას დავუთმო; დავიქირავო დამატებითი თანამშრომლები; გავაკეთო ხოლმე პერიოდული ანალიტიკა იმისა, თუ რას აკეთებს ეროვნული ბანკი; მოვამზადო ვიდეო და სხვა საინფორმაციო მასალები, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავაგებინო პრობლემის შესახებ. მეტი რესურსი ასევე შესაძლებლობას გააჩენს მიზნის მისაღწევად ისეთი ინსტრუმენტები ავამოქმედოთ, როგორიცაა საკონსტიტუციო სასამართლო, რეფერენდუმი, საპროტესტო აქციები. მნიშვნელოვანია ინფორმაციის სხვა ენებზე თარგმნაც, რათა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი აქტივობა შშმ პირებისთვის და ნაციონალური უმცირესობებისათვის.

განსაკუთრებით კი დავაფასებ, თუ თქვენ ჩემი პროექტის რეგულარული დამფინანსებელი გახდებით, რადგან ამით მეც გამიმარტივდება პროექტის დაგეგმვა, ხოლო თქვენ, როგორც ფაქტობრივად ჩემი პროექტის პარტნიორებს, ყოველთვის გექნებათ შესაძლებლობა პერსონალურად მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ ან პროექტის იმ ნაწილზე, რომელიც თქვენ დაგაინტერესებთ.

დამატებითი ინფორმაცია:
1. სტატიები
2. გამოსვლები პარლამენტში: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11
3. ჩემი პირველი კანონპროექტის განხილვა
4. ისტორია მოპარულ 600 მილიონზე
 

პეტიცია

მოვითხოვ ნებისმიერი ფულით (დოლარი/ევრო/ლარი/კრიპტოვალუტა) ვაჭრობის უფლებას.