სიახლეები

496 Views
გირჩი

გირჩის კონსტიტუცია

ჩვენთვის ბოძებული სამყარო თავისი უთვალავი ფერით გვეკუთვნის ადამიანებს და სწორედ ჩვენ გვაქვს ვალდებულება ვიპოვოთ ისეთი წესრიგი, რითაც ვიცხოვრებთ თავისუფლად და ერთმანეთს დავიცავთ მოძალადეებისგან.

ამბავი პირველი — ადამიანის შესახებ

1. ადამიანს ეკუთვნის საკუთარი სხეული და სიცოცხლე. მხოლოდ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს უფლებები და პასუხისმგებლობები.

2. ადამიანი იბადება თავისუფალი და მას აქვს ყველაფრის უფლება, გარდა სხვა ადამიანზე ძალადობისა. ძალადობაა ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების ან საკუთრების ხელყოფა.

3. ძალადობისგან თავდაცვა (მათ შორის იარაღის და ძალის გამოყენებითაც) არის ჩვენი უფლება.

4. ყველა ადამიანს აქვს შეცდომების დაშვების უფლება, თუ ამით სხვა ადამიანი არ ზიანდება.

5. ადამიანს უფლება აქვს, მის წინაშე ჩადენილი დანაშაული აპატიოს სხვა ადამიანს.

6. ადამიანს თავისი საკუთრების ფარგლებში შეუძლია ნებისმიერი არაძალადობრივი წესრიგის დამყარება.

ამბავი მეორე — გირჩის საზოგადოების შესახებ

7. გირჩის საზოგადოება შედგება მსგავსი ღირებულებების მქონე წევრებისგან. ჩვენი მთავარი მიზანი ისეთი წესრიგის ჩამოყალიბებაა, რომელიც გვიცავს და გვეხმარება თავისუფლების საზღვრების გაფართოებაში.

8. გირჩის საზოგადოების წევრის გავლენა გადაწყვეტილებების მიღებისას მის მიერ საერთო საქმეში შეტანილი წვლილის შესაბამისია.

9. ჩვენი მიზნების მისაღწევად ვიყენებთ ორგანიზების სხვადასხვა ფორმას, მათ შორის პოლიტიკურ პარტიას, რომლის საშუალებითაც ვმონაწილეობთ პოლიტიკურ პროცესებში და ამ გზით ჩვენი საზოგადოების მორალის, იდეებისა და პრინციპების გავრცელებას ვუწყობთ ხელს.

10. გირჩის პოლიტიკოსი არის ჩვენი საზოგადოების წარმომადგენელი გარე სამყაროსთან პოლიტიკურ ურთიერთობებში. იგი უნდა იზიარებდეს გირჩის საზოგადოების ეთიკურ ნორმებს, მისი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი პოზიციები კი ღია და გირჩის საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

11. გირჩის პოლიტიკოსს ეკრძალება ზრუნვის, უსაფრთხოების და სხვა ნებისმიერი მოტივით ადამიანის თავისუფლების შემზღუდავი კანონმდებლობის მხარდაჭერა.

12. გირჩის საზოგადოების წევრები ეჭვის ან დავის შემთხვევაში ერთმანეთის მოქმედებების კონსტიტუციასთან შესაბამისობას ვამოწმებთ მსაჯულ-მოსამართლეებთან

ამბავი მესამე — სახელმწიფოს შესახებ

13. ძალადობებს შორის ყველაზე საშიში „სახელმწიფოს“ სახელით ძალადობაა.

14. „სახელმწიფო“ არის ცნება, რომლის მეშვეობით ადამიანები მალავენ და ამართლებენ ძალადობრივ ქცევებს.

15. "სახელმწიფოს იდეა" ასახავს იმ სახიფათო რწმენას, რომ თავისუფლების, საკუთრებისა და სიცოცხლის ხელყოფა დაშვებულია სახელმწიფოს სახელით ლაპარაკის უფლების მქონე ადამიანების მიერ.

16.  ამ საშიშ რწმენაზე აგებულ წესრიგში ვცხოვრობთ ჩვენც და ამ წესრიგისგან დაცვა გვსურს.დაცულები კი მხოლოდ მაშინ ვიქნებით, როცა ჩვენთვის და სხვებისთვისაც მეტ თავისუფლებას მოვიპოვებთ.

17. სახელმწიფოს სახელით მოქმედ ადამიანებთან თანამშრომლობა დასაშვებია მხოლოდ მეტი თავისუფლების მოპოვების მიზნით.

18. „სახელმწიფოს“ სახელით ძალის გამოყენება მხოლოდ ძალადობის აღკვეთის აუცილებლობით შეიძლება იყოს გამართლებული.

ამბავი მეოთხე — მტყუან-მართლის შესახებ

19. გირჩის საზოგადოებაში კონფლიქტები წყდება საუბრით.

20. თუ კონფლიქტის გადაწყვეტა სიტყვით ვერ ხერხდება, საუბარი გრძელდება მსაჯული-მოსამართლის თანდასწრებით. მსაჯული-მოსამართლეა გირჩის საზოგადოების ის წევრი, ვისაც საკუთარი საქმის გარჩევას ანდობენ მოდავეები. ადამიანის თავისუფლების ნაწილია იყოს სხვა ადამიანთა საქმის მსაჯული-მოსამართლე.

21. თუ მოდავეები მსაჯული-მოსამართლეზე ვერ შეთანხმდებიან, თითოეული მათგანი ირჩევს ერთ მსაჯული-მოსამართლეს, ხოლო არჩეული ორი - მესამეს. მოდავეთა შეთანხმებით, საქმე შეიძლება განიხილოს სამზე მეტმა მსაჯულ-მოსამართლემ. აზრი, რომელსაც მსაჯულ-მოსამართლეთა უმრავლესობა ეთანხმება, შესასრულებლად სავალდებულოა.

22. კონფლიქტის შემთხვევაში საუბარზე უარის თქმა დაუშვებელია.

23. მსაჯულ-მოსამართლეთა გადაწყვეტილება საბოლოოა, აქვს სავალდებულო ძალა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე უარის თქმა არის ადამიანის გირჩის საზოგადოებიდან განდევნის ერთადერთი ლეგიტიმური მიზეზი.

24. გირჩის საზოგადოების წევრი ვერ იქნება ადამიანი, ვინც არ აღიარებს ამ კონსტიტუციას და მსაჯულ-მოსამართლეთა გადაწყვეტილებებს.

ამბავი მეხუთე —  სათათბიროს შესახებ

25.სათათბირო არის გირჩის მმართველი ორგანო.

26. სათათბირო კომპლექტდება სათათბიროს არჩევის მომენტისთვის ყველაზე რეიტინგული ხუთი პოლიტიკოსისგან, ხუთი ყველაზე მეტი ჯედის (გირჩის საზოგადოების ვალუტა) მფლობელისაგან და ექვსი ადამიანისაგან, რომელსაც სათათბიროს ბოლო არჩევნების შემდგომ განახორციელეს ყველაზე მსხვილი ინვესტიცია გირჩის საზოგადოებაში.

27. სათათბიროს ხელახალი დაკომპლექტება უნდა მოხდეს საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების დამთავრებისთანავე, ადეკვატურ დროში.

28. სათათბირო ვალდებულია უზრუნველყოს გირჩის საზოგადოების პოლიტიკური პარტიის ფუნქციონირება.

29. სათათბირო გადაწყვეტილებებს, როგორც წესი, იღებს კონსენსუსით, ხოლო გადაუჭრელი აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში — წევრთა უმრავლესობით.

30. სათათბირო უფლებამოსილია გადაწყვიტოს დავები პოლიტიკოსებს შორის, თუ დავა გირჩის კონსტიტუციის დარღვევას არ ეხება.

ამბავი მეექვსე — კონსტიტუციის შესახებ

31. ამ კონსტიტუციის აღიარება არის გირჩის საზოგადოებაში გაწევრების აუცილებელი წინაპირობა.

32. კონსტიტუციის ტექსტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერენ გირჩის წევრები ბრუნვაში არსებული ჯედების საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტით. ეს წესი აუცილებელია ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილებისთვისაც.

33. კონსტიტუციაში ცვლილების ინიცირების უფლება აქვს სათათბიროს.

34. სათათბიროს მიერ კონსტიტუციაში ცვლილებების ინიცირების შემთხვევაში, მის სრულ შემადგენლობას უფლებამოსილება უწყდება და კონსტიტუციის ცვლილების პროექტს გირჩის საზოგადოებას წარუდგენს სათათბიროს ახალი შემადგენლობა.

35. საკითხები, რომლებიც პირდაპირ არ არის მოწესრიგებული კონსტიტუციით ან შესაძლოა გამოიწვიოს ბუნდოვანება, უნდა იქნას გაგებული კონსტიტუციის ზოგადი პრინციპების სულისკვეთებით. ნებისმიერი ბუნდოვანება კი უნდა გადაწყდეს მეტი ინდივიდუალური თავისუფლების იდეის სასარგებლოდ.

36. კონსტიტუცია განიმარტება სათათბიროს ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელსაც, როგორც წესი, აქვს პრეცედენტის ძალა.

ჩვენ ვთქვით.

კომენტარები