სიახლეები

2869 Views
გირჩის შესახებ

გირჩის მოწყობა და ჯედი

მიგვაჩნია, რომ ჩვენი შეხედულებები ჩვენი ღირებულებებიდან გამომდინარე ლოგიკური დასკვნებია. ჩვენ ერთადერთი პროგნოზირებადი ადამიანების ჯგუფი ვართ და ვცდილობთ, შევქმნათ წევრებისათვის სანდო და პრაქტიკულად გამოსადეგი ორგანიზაცია.

ერთმანეთთან თანამშრომლობის პრინციპები და წესები აღვწერეთ კონსტიტუციაში.

კონსტიტუცია ასრულებს ღირებულებების შესახებ საჯარო განცხადების და გირჩელების ერთმანეთთან ხელშეკრულების როლს.

ჩვენი მიზანია კოორდინირება და ძალების გაერთიანება წევრების სისტემისაგან დასაცავად და მათი ინტერესების ლობირებისათვის საჯარო სივრცეში ანუ პოლიტიკაში.

ჩვენთვის ცუდი ნიშნავს ერთი ადამიანის მეორეზე ძალადობას.

ძალადობად მიგვაჩნია ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ ქმედება.

მოძალადეს შეიძლება გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ის ძალადობს, როდესაც ის ქურდობს ან ვინმეს აყაჩაღებს. მათ შესაჩერებლად არსებობს სახელმწიფო, რომელმაც პოლიციის და სასამართლოების მეშვეობით უნდა დაიცვა ადამიანები მოძალადეებისგან.

ამ დროს გაჩნდნენ გაუცნობიერებელი მოძალადეები, რომლებიც სახელმწიფოს სახელით იცავენ ადამიანებს არარსებული მოძალადეებისგან.

მცველთა როლში პოლიტიკოსები და ბიუროკრატები გამოდიან. ხალხის „განვითარებისა“ და მათზე „ზრუნვის“ მოტივით მიღებულ პოლიტიკური გადაწყვეტილებების რეალური შინაარსი ძალადობაა, რასაც შედეგად მოყვება ადამიანების სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების შეზღუდვა და დაზიანება.

გაუცნობიერებელ მოძალადეებს საკუთარი გაუცნობიერებელი მხარდამჭერები ჰყავთ, კორონათი შეშინებულები, თანამოქალაქეების სახლში მოკეტვას რომ სთხოვდნენ მთავრობას - ყურძნის სუბსიდიით დაინტერესებული კახელი გლეხები, საყოველთაო ჯანდაცვის მხარდამჭერი მოხუცები თუ ბუნების მდგომარეობით შეწუხებული ახალგაზრდა მემარცხენეები...

იმისათვის, რომ თავისუფლების დათმობის პროცესი დავამუხრუჭოთ და შემდეგ მიმართულება შევუცვალოთ, კარგად ორგანიზებულ, მრავალრიცხოვან და მრავალფეროვან საზოგადოებად ჩამოყალიბება გვჭირდება.

გირჩის წევრები

ვინ არიან გირჩის წევრები?

ორგანიზაციის წევრი არის გირჩის პორტალზე რეგისტრირებული ადამიანი, რომელსაც აქვს გირჩის ვალუტა GeD-ი.

პორტალზე რეგისტრაცია და GeD-ის შეძენა ნიშნავს კონსტიტუციაზე და გირჩის წესრიგზე საჯარო თანხმობას.

გირჩის პოლიტიკოსი შეიძლება გახდეს მხოლოდ გირჩის წევრი, ანუ გირჩის პოლიტიკოსი ავტომატურად გირჩის წევრია.

შეიძლება ადამიანი არ იზიარებდეს ჩვენ მსოფლმხედველობას, მაგრამ ეთანხმებოდეს გირჩის რომელიმე იდეას ან პროექტს. მხარდაჭერისათვის საკმარისია პორტალზე რეგისტრაცია.

პროექტის მხარდამჭერის შესახებ ინფორმაცია საჯაროა.

წევრებისათვის ჯედი არის პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღების, ერთმანეთში ეკონომიკური შინაარსის ტრანზაქციების განხორციელების და ინოვაციურ პარტიაში ინვესტიციის გაკეთების შესაძლებლობა.

პოლიტიკოსი

პოლიტიკოსი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში გირჩის სახელით საზოგადოებას აცნობს პოლიტიკურ პოზიციას და/ან ხელმძღვანელობს პროექტს.

გირჩის წევრები აფასებენ და ირჩევენ პოლიტიკოსებს.

პოლიტიკოსი ფასდება შიდა პარტიულ პრაიმერისში.

პრაიმერისს აქვს ორი დანიშნულება: ერთი საპარლამენტო სიაში ადგილის მოპოვება და მეორე, გირჩის სათათბიროში მოხვედრა.

პოლიტიკოსებს ვირჩევთ ელექტრონული სისტემით.

პოლიტიკოსის წონა იზრდება გირჩის წევრების დახმარებით, როდესაც წევრები მხარდაჭერას გამოხატავენ მათ ანგარიშზე არსებული GeD-ით სასურველი პოლიტიკოსებისათვის. წევრებისგან მიღებული მხარდაჭერის შესაბამისად ელექტრონული სისტემა ალაგებს გირჩის პოლიტიკოსების თანმიმდევრობას, რაც არის გირჩის პარტიული სია.

პოლიტიკოსის შემოსავლის წყაროა გირჩის წევრების შემოწირულობა და პროექტებიდან მიღებული შემოსავალი.

არც ერთ გირჩის წევრს ან გირჩის რომელიმე მმართველობით ორგანოს არ აქვს უფლება შეცვალოს წევრების ხმის მიცემის შედეგად მიღებული სია (გამარჯვებული კანდიდატი) ან/და სიაში თანმიმდევრობა.

2020 წლის არჩევნებზე მოვახერხეთ და თავი ავარიდეთ „ქალის კვოტით“ საპარლამენტო სიაში მდედრობითი სქესის ადამიანების სისტემის იძულებით შეყვანას.

2024 წლის არჩევნებისათვის მდგომარეობა გაუარესდა. ამ დრომდე არ გვაქვს გადაწყვეტილი, რა ფორმით ავუაროთ გვერდი კანონს და მოვახერხოთ ჩვენი ორგანიზაციის წევრების მიერ შედენილი პარტიული სიის დაცვა სისტემის ძალადობისაგან.

მმართველობა

გირჩის მართვა ხდება ორგანიზაციის საქმიანობით ყველაზე მეტად დაინტერესებული ადამიანების მიერ. დაინტერესებას ვაფასებთ საქმისთვის გაღებული რესურსის მიხედვით. ანუ პარტიას მართავენ წევრები, რომლებსაც სხვა წევრებთან შედარებით ყველაზე მეტი ჯედი აქვთ და მათი მოწონებული გირჩის წევრი პოლიტიკოსები.

გირჩი, ჩვენი მოწყობის წესებიდან გამომდინარე ვერ იქნება საქართველოსთვის დამახასიათებელი ერთი კაცის პარტია. მძიმე შედეგით, მაგრამ გირჩმა ეს ტესტი 2020 წელს ჩააბარა (იხილეთ გირჩის დაშლის ისტორიები).

სამი წელია ორგანიზაციას მართავს 16 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი. ამ ჯგუფს სათათბირო ეწოდება.

სათათბიროს 16 წევრიდან:

  • 5 წევრი უნდა იყოს ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსი პრაიმერისის შედეგის მიხედვით;
  • 5 წევრი უნდა იყოს ყველაზე მეტი GeD-ის მფლობელი;
  • 6 წევრი ბოლო 6 თვის განმავლობაში ყველაზე მსხვილი შემომწირველი.

სათათბიროს ახალი შემადგენლობა ირჩევა ყოველი არჩევნების შემდეგ.

სათათბიროს შემადგენლობა გირჩს ხელმძღვანელობს ერთი საარჩევნო ციკლის განმავლობაში.

ხმის უფლებით სათათბიროს წევრობა შეიძლება ზედიზედ ორჯერ.

სათათბიროში შეიძლება სტუმრების მოწვევა. სტუმარს ხმის უფლება არ აქვს. სტუმრის მოსაწვევად სათათბიროს ხმის უფლების მქონე წევრების თანხმობაა საჭირო.

სათათბიროს სხდომები, როგორც წესი, ტარდება კვირა საღამოს, ZOOM-ის მეშვეობით.

ყველა მოწვევის სათათბიროს საკუთარი ფეისბუკ ჯგუფი აქვს, სადაც არქივდება სათათბიროს შეხვედრების ვიდეო ჩანაწერები.

სათათბირო ირჩევს თავკაცს - გირჩის ოფისის საქმიანობაზე და ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ ადამიანს.

სათათბიროს მთავარი ფუნქციაა გირჩის შიგნით არსებული კონფლიქტების ეფექტურად და სამართლიანად მოგვარება. სათათბიროს წევრებს აქვთ არბიტრების ფუნქცია და ყველა ვალდებულია, რომელიმე სათათბიროს წევრს გამოუცხადოს ნდობა, როგორც მისი საქმის არბიტრს/მოსამართლეს.

პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანისათვის

შესაძლებელია, ჩვენი მსოფლმხედველობის შესახებ არ იცოდეთ ან რატომღაც არ ეთანხმებოდეთ, იყოთ სხვა პოლიტიკური პარტიისა და პოლიტიკოსის გულშემატკივარი ან მხარდამჭერი, მაგრამ ეთანხმებოდეთ რომელიმე პოლიტიკურ იდეას ან მხარს უჭერდეთ რომელიმე გირჩის პროექტს.

ასეთ შემთხვევაში, არ ყიდულობთ GeD-ს, მაგრამ ამ მიმდინარე პროექტების და პოლიტიკური პოზიციების მხარდაჭერა  შესაბამის პეტიციებზე ხელმოწერით შეგიძლიათ.

გირჩის ფული - GeD

ჯედი (GeD – Georgian Dollar) - ციფრული ვალუტა.

ემიტენტი - პოლიტიკური პარტია „გირჩი“

ემისიის წესი - $1 დოლარი, რომელიც „გირჩის“ პოლიტიკოსებისათვის არის შემოწირული, 100 GeD-ს გამოიმუშავებს.

ემისიის მაქსიმალური ოდენობა 5 000 0000 000

უკვე განხორციელებული ემისია: 2.9%.

ტრანსაქციების ისტორიის მართვის ტიპი: ყველა ტრანსაქცია გირჩის სერვერის გავლით ხორციელდება.

უსაფრთხოების გარანტიები: თითოეული ტრანსაქცია საჯაროა, ხოლო ტრანსაქციების ისტორიის ჩამოტვირთვა შესაძლებელია.

უნიკალური თვისება:

1.            ჯედი ერთადერთი ფულია, რომლის ყველა გამოყენება, ანუ ყველა ტრანსაქცია, საჯაროა. ტრანსაქციების საჯაროობით უზრუნველყოფილია ტრანსაქციების ისტორიის დაცულობა და ტრანსაქციების გაყალბების შეუძლებლობა.

2.            ჯედი - პოლიტიკური ფულია, რომლის ფუნქციონირება „გირჩის“ პოლიტიკური მიზნების მიღწევის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. როცა ადამიანი ჯედის მეშვეობით, მაგალითად, ჯოინთს ყიდულობს, ის ღიად და ბევრი ადამიანის გასაგონად ერთდროულად ორ პოლიტიკურ პოზიციას აფიქსირებს: მხარს უჭერს კანაფის ლეგალიზაციას და მულტისავალუტო სისტემა.

3.            ჯედი - მთავრობების მიერ იძულებით დანერგილი ფულისგან განსხვავებით, მატერიალური და არამატერიალური აქტივებით არის გამყარებული.

4.            1 ჯედის უკან დგას პარტიის მიერ მოპოვებული სახელმწიფო დაფინანსება. ამ დროისათვის ... ლარი. თითოეულ ჯედერს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს თავის მფლობელობაში არსებული ჯედების დაწვა და სანაცვლოდ, სათანადო ფულის მოთხოვნა.

5.            ბაზარზე 1 ჯედის ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე მის უკან არსებული მატერიალური აქტივები, რადგან ჯედის მეშვეობით ჯედერი, ანუ ჯედის მფლობელი, გავლენას ახდენს პარტიის გადაწყვეტილებებზე და პირველ რიგში პრაიმერისის დროს ირჩევს მისთვის სასურველ კანდიდატებს.

6.            რადგან პარტიულ სიას მხოლოდ ჯედერები ადგენენ მათ საკუთრებაში არსებული ჯედების გამოყენებით, 1 ჯედს დამატებით არამატერიალური სარგებელიც მოაქვს მისი მფლობელისთვის.

7.            ჯედის მატერიალურ უზრუნველყოფასა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობა გირჩის პოლიტიკური რეპუტაციის ფასს წარმოადგენს, რომლის მაქსიმიზაცია ყველა გირჩის პოლიტიკოსის მიზანი და ვალდებულებაა.

ამიტომ, რაც უფრო წარმატებული იქნება პარტია, მით უფრო მეტი ეღირება ჯედი და მით უფრო მდიდარი იქნება ჯედერი.

ჯედერი ვალდებულია გირჩის კონსტიტუცია აღიაროს, რომელშიც ჯედერებს შორის დავების გადაჭრის მექანიზმიცაა ჩადებული. ამრიგად, ჯედის მფლობელს სხვა ჯედერთან რაიმე ტიპის კონფლიქტ შემთხვევაში ჯედით ტრანზაქციების დროს პრივილეგია უჩნდება სახელმწიფო სასამართლოზე უფრო სანდო და კვალიფიციურ სასამართლოს მიმართოს.

ჯედის, ისევე როგორც უშუალოდ პარტია გირჩის არსებობის საბოლოო და მთავარი მიზანი სახელმწიფო საკუთრების საქართველოს მოქალაქეებისათვის სრულად დაბრუნებაა. ზუსტად ამ მიზანმა განაპირობა ჯედის გაჩენა, ამ მიზნის მიღწევის შემდეგ კი ჯედის ისტორია დასრულდება, ხოლო თითოეულ ჯედერმათ საკუთრებაში არსებული ჯედების პროპორციულად საქართველოს და, შესაძლოა, მსოფლიო ისტორიისათვის უპრეცედენტო მასშტაბით გამდიდრდების შესაძლებლობა მიეცემა. (დეტალურად იხ. „პრივატიზაციის პროექტი“).

გირჩის დაფინანსების წყაროები

გირჩი ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც თავს უფლებას აძლევს, იყოს გამჭვირვალე. გირჩის პოლიტიკოსისათვის ან პროექტისათვის შეწირული თანხა აღირიცხება ჯედებით და საჯაროა.

გირჩის საქმიანობა ფინანსდება სამი წყაროდან:

1.            პოლიტიკოსების მიერ მოძიებული კერძო წყაროებიდან;

2.            პარლამენტის წევრების ხელფასებიდან და გირჩის საპარლამენტო დაფინანსებიდან, რომელიც იხარჯება თანამშრომლების ხელფასების დასაფარად;

3.            სათათბიროს გადაწყვეტილებით, პარტიული დაფინანსება ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ GeD-ის მფლობელებს პროპორციულად.

კომენტარები