სიახლეები

281 Views
თავდაცვა

სავალდებულო გაწვევა მსოფლიოში: ნორვეგია, დანია, შვედეთი

იმ განვითარებულ ქვეყნებს შორის, სადაც სავალდებულო გაწვევა ჯერ კიდევ არსებობს, დიდ უმრავლესობას ეს სისტემა ისტორიულად შემორჩა და თითქმის ყველგან მათი მოდიფიკაცია და შემსუბუქება ხდება. ჩვენნაირი, მართლა სავალდებულო გაწვევა, ევროპაში, ალბათ, მხოლოდ თურქეთს დარჩა, თუმცა იქაც უკვე წლებია სერიოზული დისკუსია მიმდინარეობს ნებაყოფლობით ჯარსა და რეზერვზე გადასვლაზე. ეს დისკუსიები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყო, როცა გაირკვა, რომ თურქეთის ჯარში სუიციდის შედეგად უფრო მეტი წვევამდელი იღუპება, ვიდრე საომარ მოქმედებებში (რომელშიც თურქეთი სულ არის ჩართული).
თუმცა, თურქეთი რომ ადამიანების უფლებების კუთხით გამორჩეული ქვეყანა არაა, ცნობილია, მაგრამ რა ხდება სკანდინავიურ ქვეყნებში, სადაც თითქმის მთელი დანარჩენი ევროპისგან განსხვავებით, ყველას აქვს სავალდებულო გაწვევა. რაშია საქმე?

ნორვეგია

ნორვეგიაში ყველა 19 წლის მოქალაქე (მიუხედავად სქესისა) ვალდებულია 12-დან 19 თვემდე იმსახუროს ჯარში. თუმცა ფაქტობრივად, მხოლოდ 1/6 გადის სავალდებულო სამხედრო სამსახურს და ეს ნებაყოფლობით ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით თავდაცვის სამინისტროს შეუძლია ნებისმიერი მოქალაქე აიძულოს იმსახუროს, თუ წვევამდელი სამედიცინო კომისიის დროს განაცხადებს, რომ არ არის მოტივირებული/დაინტერესებული იმსახუროს, კომისია იღებს მსახურების გადავადების გადაწყვეტილებას. ასევე, უკვე გაწვეულებს ელით გამოცდები მათი საუკეთესო სპეციალიზაციის დასადგენად, ხოლო მათ, ვინც ამ გამოცდებს ვერ ჩააბარებს, აბრუნებენ სახლში (დაახლოებით, ყოველი მე-4, ანუ 25% ამ მიზეზით წყვეტს მსახურებას).

სხვა სიტყვებით, თუ ნორვეგიელს არ სურს ჯარში წასვლა, ის იქ არ მიდის. მეტიც, ნორვეგიაში არსებობს წვევამდელთა საკმაოდ დიდი წილი, რომელსაც სურვილი აქვს იმსახუროს სამხედრო სამსახურში, თუმცა მაინც უარყოფით პასუხს იღებს.

ის, რომ მიუხედავად კანონში გაწერილი შესაძლებლობისა, ჯარში მხოლოდ ისინი მიდიან, ვისაც ეს სურს და ისიც მხოლოდ მათი ნაწილი, იხსნება სამხედრო დოქტრინით, რომლის ძირითადი იდეაა: „ხარისხი, რაოდენობის სანაცვლოდ“. ამიტომ ნორვეგია ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს სამხედრო ხარჯებით ერთ სულ მოსახლეზე (7 ადგილი მსოფლიოში, 1500$. საქართველოში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 100$-ა (!)) და მიუხედავად ჯარის მცირე ზომისა (ჩვენზე ორჯერ პატარაა იქაური ჯარი), ნორვეგიას ქვეყნების უმეტესობაზე უფრო ძლიერი ჯარი ჰყავს (35 ადგილი მსოფლიოში).

დანია

დანიაში სავალდებულო გაწვევა შენარჩუნებულია იმ შემთხვევისთვის, თუ წვევამდელთა ადგილები ნებაყოფლობით არ იქნება შევსებული, თუმცა მაღალ ხელფასებსა და კარგ პირობებზე აქცენტმა ფაქტობრივად გამორიცხა იძულების ელემენტი გაწვევაში. პრაქტიკაში გაწვევა (მსახურება, სტანდარტულ შემთხვევაში 4 თვე გრძელდება) ძალიან იშვიათია. მაგალითად, თუ 2006 წელს გაწვეულთა მხოლოდ 76% მივიდა ჯარში ნებაყოფლობით, 2014 წლისთვის ამ მაჩვენებელმა 99%-ს გადააჭარბა (დარჩენილი 1%, ანუ 19 ადამიანი, თავს კი არ არიდებდა ჯარს, არამედ წინასწარ არ მივიდა მოხალისედ).

საინტერესოა, რომ ლიეტუვაში, სადაც ერთხელ უკვე გაუქმებული სავალდებულო სამსახური 2015 წელს აღადგინეს, დანიის გაწვევის მოდელის კოპირება გადაწყვიტეს. თუმცა უარესი ხარისხის ბიუროკრატიის პირობებში, კოპირება არ გამოვიდა და ლიეტუველების დიდი ნაწილი ჯარს თავს კვლავ არიდებს. სხვათა შორის, ჩვენთან დაწყებული სამხედრო რეფორმის ძირითადი მაგალითი ზუსტად რომ ლიეტუვაა და მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, თუ რატომ არ აიღო მთავრობამ მაგალითად პირდაპირ დანია, ან რა გამოვა ცუდად კოპირებული დანიური მოდელის კიდევ ერთი კოპირების შედეგად.

შვედეთი

2017 წელს შვედეთის მთავრობამ 2009 წელს გაუქმებული სავალდებულო სამხედრო სამსახური აღადგინა. შვედეთში გაწვევას ექვემდებარება 18-24 წლის ყველა მოქალაქე (ქალიც და კაციც), თუმცა შვედეთის მთავრობას შეუძლია გაზარდოს გაწვევის ასაკი 30 წლამდე იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა აღმოჩნდება ომის ან ომის საფრთხის წინაშე.

საინტერესოა, რომ შვედეთის ჯარის მხოლოდ 20%-ია დაკომპლექტებული წვევამდელებით, ხოლო რეალურად გაწვევა სათანადო ასაკობრივი ჯგუფების მხოლოდ 4%-ს ეხება. ანუ, შვედეთის ჯარი მოსახლეობის ძალიან მცირე ჯგუფს ავალდებულებს იმსახუროს, რის გამოც, ადგილები ფაქტობრივად სრულად მოხალისეებით არის დაკომპლექტებული. მეტიც, თუ გაწვეულ მოქალაქეს არ სურს გამოიყენოს ლეტალური იარაღი, მას აქვს უფლება მოითხოვოს ალტერნატიული სამსახური. თუმცა რადგან ასეთი ალტერნატიული სამსახური ჩამოყალიბებული არ არის, ამ ადამიანებს საერთოდ არ უწევთ მსახურება. თეორიულად, ისინი შეიძლება გაიწვიონ მომავალში (24 წლის ასაკის მიღწევამდე), თუ ალტერნატიული სამსახური საბოლოოდ შეიქმნება.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, არიან ისინიც, ვინც შეგნებულად არიდებს თავს გაწვევას. 2017-2019 წლებში ასეთი 24 ადამიანი იყო. მათი უმეტესობა ამისთვის დაჯარიმდა, ხოლო რამდენიმე მათგანს პატიმრობა მიესაჯა, როგორც 20 წლის ანდრეს, რომელიც იდეოლოგიურად წინააღმდეგი იყო გაწვევის ნებისმიერი ფორმისა. მან ციხეში 14 დღე გაატარა.

ამგვარი მსუბუქი სასჯელები კი იმიტომ გამოიყენება (თეორიულად, პატიმრობამ 1 წელი შეიძლება შეადგინოს), რომ ფაქტობრივად ჯარი ნებაყოფლობით ივსება. იმ ალტერნატიულ სამსახურსაც კი არ ითხოვს ბევრი ადამიანი. მაგალითად, 2021 წელს სულ 36 ადამიანმა მოითხოვა ალტერნატიული სამსახურის გავლა, საიდანაც 34-ს მოთხოვნა დაუკმაყოფილდა. ამ 34-ს შორის იყო 9 უკვე გაწვეული ადამიანი, სხვა სიტყვებით, უკვე ჯარში მყოფ ადამიანსაც კი შეუძლია თქვას, რომ პაციფისტია და ამაზე დაყრდნობით შეწყვიტოს მსახურება.

დასკვნა

კოვიდის დროინდელი ანეკდოტი: „ფინეთში ძალიან გაუხარდათ, როცა სავალდებულო 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის წესი გაუქმდა. ახლა, ფინელებს შეუძლიათ დაუბრუნდნენ ტრადიციულ 3-მეტრიან სოციალურ დისტანციას“.

ხშირად, განსხვავებულ საზოგადოებაში ერთი და იგივე სიტყვები განსხვავებული შინაარსით გამოიყენება. მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში პანდემიის დროს ბევრი „შეზღუდვა“ რეალობაში „მთავრობის რეკომენდაციას“ წარმოადგენდა. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ჩამოყალიბებულ და განვითარებულ საზოგადოებაში კანონად იქცევა წესი, რომელსაც დიდი უმრავლესობა ისედაც იცავს. როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა იხუმრა, „გერმანიაში კანონებს გერმანელები არაგერმანელებისთვის წერენო“. იმდენად, რამდენადაც კანონი შესაბამისობაშია საზოგადოებაში არსებულ არაფორმალურ წესებსა და ნორმებთან, ეს კანონი ორგანულად თავსებადი ხდება მოქალაქეების ცხოვრების წესებთან და არ ითხოვს განსაკუთრებულ დაძალებას აღსრულებისათვის.

ხოლო როცა კანონები არა საზოგადოებაში არსებულ გარემოებებს, პრობლემებსა და ქცევის მიღებულ ნორმებს ეყრდნობა, არამედ სხვა საზოგადოების წესების ბრმა კოპირების შედეგია, მაშინ ასეთ კანონს სერიოზული იძულების ინსტრუმენტები სჭირდება, რომ აღსრულდეს. ჩვენ კი სულ ასე ბრმად ვაკოპირებთ სხვის წესებს: „ევროპაში ასეა“ გადამწყვეტი არგუმენტია ნებისმიერ დისკუსიაში, ოღონდ ევროპაში კანონები ევროპელებზეა მორგებული, და ჩვენც მხოლოდ მაშინ გავხდებით ევროპელები, როცა კანონებს ჩვენზე მოვარგებთ, იმის ნაცვლად, რომ გერმანელების, ფინელების თუ ნორვეგიელების კანონების კოპირებით ვიყოთ დაკავებული. ამიტომ მხოლოდ სულელი თუ ჩათვლის, რომ „სავალდებულო“ ნორვეგიასა თუ ფინეთში იმავენაირად არის გაგებული, როგორც ეს ჩვენთან ჩვენს გენერლებსა და თავდაცვის სამინისტროს ბიუროკრატებს ესმით. ერთი და იგივე კანონი განსხვავებულ კულტურულ და პოლიტიკურ გარემოში, სრულიად განსხვავებულ შინაარს ატარებს და განხილული ქვეყნების მაგალითები გვაჩვენებს, რომ იმას, რასაც ნორვეგიელი „სავალდებულოს“ უწოდებს, ჩვენ „ნებაყოფლობითს“ დავარქმევდით, ხოლო ის, რაც ჩვენი გაგებით „სავალდებულოა“ - არაფერ შუაშია სკანდინავიის ამ ქვეყნებთან და იქ არსებულ წესებთან.

***

ამით სავალდებულო გაწვევის „კარგი პრაქტიკების“ განხილვაში თითქმის ბოლომდე გავედით. წინ მხოლოდ, ფინეთი დაგვრჩა. ვინც ყურადღებით წაიკითხა ეს სტატია, ალბათ მიხვდება, თუ რა ხდება ფინეთში, თუმცა ვინაიდან „ფინეთში ასეა“ გარკვეულ ინტელექტუალურ ორგაზმს იწვევს სავალდებულო გაწვევის მომხრეებს შორის, მაინც ღირს ფინეთზე ცალკე ტექსტის დაწერა. 

1. სავალდებულო გაწვევა მსოფლიოში: ფინეთი

2. სავალდებულო გაწვევა მსოფლიოში: ისრაელი

3. სავალდებულო გაწვევა მსოფლიოში: შვეიცარია

კომენტარები