სიახლეები

733 Views
თავდაცვა

სავალდებულო გაწვევა მსოფლიოში: ისრაელი

ისრაელი ყველაზე ხშირად ხსენებადი ქვეყანაა, როცა საქმე სავალდებულო გაწვევას ეხება. საკმარისია თქვა, რომ აშშ-ს, ავსტრალიას, კანადას თუ ევროპის ქვეყნების უმრავლესობას სავალდებულო გაწვევა არ აქვთ და რომ სავალდებულო გაწვევა - მონობაა, აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, რომელიც იტყვის, „ისრაელშია მონობა? ისრაელის ჯარი არ ვარგა?“ და დაამატებს „ჩვენ ისრაელის მოდელი გვჭირდება“.

აბა, ვნახოთ, თუ რა ხდება ისრაელში.

ისრაელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჯარის მქონე ქვეყანაა (მე-18 ადგილი). სამხედრო ბიუჯეტი 24 მილიარდ დოლარს აღემატება (ერთ სულ მოსახლეზე გადათვლილი, ისრაელი სამხედრო ხარჯებით 2 ადგილზეა მსოფლიოში. შედარებისთვის: საქართველოში ისევ ერთ სულ მოსახლეზე გადათვლილი ხარჯები 24-ჯერ (!) ნაკლებია). ისრაელს ასევე ტექნოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და ამასთან ერთად მრავალრიცხოვანი ჯარი ჰყავს: ამჟამად ისრაელის აქტიურ სამხედრო სამსახურში იმყოფება დაახლოებით 173 000 ადამიანი (60% წვევამდელები), ხოლო რეზერვში ირიცხება დაახლოებით 465 000 პირი.

2021 წლის მონაცემებით ისრაელელი წვევამდელის ხელფასი $880 აშშ დოლარს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლიდან ეს მაჩვენებელი 3-ჯერ გაიზარდა, ისრაელის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს ხელფასების დამატებით ზრდას, რაც, მათი აზრით, სამხედროებს მოტივაციის ზრდაში დაეხმარებათ. ხელფასთან ერთად მოქმედებს სხვადასხვა მოტივაციური სქემები, პრემიები და ა.შ. გარდა ამისა, ისრაელის კანონმდებლობით რეზერვში ჩარიცხულ ადამიანებს, რომლებიც ჯარში გაწვევის გამო სამსახური დაკარგეს, სამოქალაქო სამსახურის ხელფასი, ენიშნებათ გაცდენილი დროის შესაბამისი კომპენსაცია (სტანდარტულ ხელფასთან ერთად). დამატებითი კომპენსაცია ეკუთვნის მათ, ვინც „ცხელ წერტილებში“ მსახურობს. ასეთი კომპენსაციები მათ შორის შემოღებული იქნა, რათა შემცირებულიყო მასობრივი პროტესტი იმ წვევამდელთა შორის, რომლებსაც არ სურდათ სარისკო ადგილებში მსახურება. IDF Behavioral Science Department-ს თანახმად, წვევამდელთა 1/3 მიიჩნევს, რომ ანაზღაურება მოვალეობების შესაბამისია ან აღემატება მას.

მაღალტექნოლოგიური ჯარი ხშირ შემთხვევაში უნივერსიტეტის ალტერნატივასაც წარმოადგენს. მაგალითად, Talpiot-პროგრამა შექმნილია მათთვის, ვისაც განსაკუთრებული უნარები გააჩნია ფიზიკაში, მათემატიკასა და პროგრამირებაში, რათა მათ მსახურება ისრაელის ჯარის კვლევითი მიმართულებით გააგრძელონ.

მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურების ნაწილში ისრაელის ჯარი მნიშვნელოვანწილად ნებაყოფლობითობის პრინციპისკენ ვითარდება, ისრაელში მოქმედებს სავალდებულო სამხედრო სამსახური, რომელიც სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ქალებზეც ვრცელდება (ამ თემაზე ხშირად ამბობენ „ისრაელში ქალებიც კი მსახურობენ, ჩვენ კი რა, მეომრები არ ვართ?“). გაწვევის ვადებიც უჩვეულოდ ხანგრძლივია: ისრაელის სავალდებულო სამხედრო გაწვევის ფარგლებში მამაკაცები ვალდებულნი არიან იმსახურონ მინიმუმ 30 თვის, ხოლო ქალები მინიმუმ 18 თვის განმავლობაში. თუმცა ათამდე პროგრამა მუშაობს ამ ვადების შესამცირებლად, რის გამოც წვევამდელთა მხოლოდ 30% მსახურობს სრული ვადით.

ამასთან ერთად ისრაელის ჯარში გაწვევას ექვემდებარებიან მხოლოდ ებრაელები (ქალები და კაცები), დრუზები (მხოლოდ მამაკაცები) და ჩერქეზები (მხოლოდ მამაკაცები). მოქალაქეთა ყველა სხვა ჯგუფს, მათ შორის არაბებს, ჯარში მსახურება შეუძლიათ, მაგრამ არ აქვთ ამის ვალდებულება. გამონაკლისები მოქმედებს ასევე რეპატრიირებული ებრაელებისათვისაც. ამრიგად, მოსახლეობის 25%-ზე მეტი საერთოდ არ არის ვალდებული ჯარში იმსახუროს.

გარდა ამისა, არსებობს გამონაკლისების დიდი ნუსხა, რომელიც მოქალაქეს ჯარში მსახურებისგან ათავისუფლებს.
1. არ ექვემდებარებიან გაწვევას ისინი, ვისი ფიზიკური ან/და მენტალური ჯანმრთელობა არ შეესაბამება მოთხოვნებს. ქალებს ქორწინება და ორსულობა ასევე ათავისუფლებს მსახურებისგან. ეს ყოველივე მოქმედებს მაშინაც, თუ ადამიანს მსახურება უკვე დაწყებული აქვს.
2. შესაძლებელია რწმენის ან რელიგიის საფუძველზე მსახურებიდან დათხოვნაც. აღნიშნული წესი ვრცელდება როგორც ქალებზე, ასევე მამაკაცებზე, თუმცა ამ უკანასკნელთათვის პროცედურა გართულებულია.
3. იეშივას სტუდენტებს (Yeshiva - რელიგიური სასწავლებელი, რომელშიც ხდება იუდეველი რაბინების აღზრდა) უფლება აქვთ გადაივადონ სავალდებულო სამხედრო სამსახური, შეიმცირონ სამსახურის ხანგრძლივობა ან სრულად გათავისუფლდნენ სამხედრო სამსახურისგან. ითვლება, რომ მათი მსახურება „თორას შესწავლაა“, ამიტომ უმეტესწილად ისინი საერთოდ არ მიდიან ჯარში.
4. ჯარში არ მიდიან პაციფისტური პოლიტიკური რწმენის მქონე ადამიანებიც, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა ხშირად არ კმაყოფილდება. მიუხედავად ამისა, წვევამდელთა დაახლოებით 5% ზუსტად ამ მიზეზით არ მიდის ჯარში.
5. სამსახურისგან თავის არიდება შეუძლიათ იმ პირებსაც, რომელთა ოჯახებმა დატოვეს ისრაელის ტერიტორია აღნიშნული პირების 16 წლამდე ასაკის მიღწევამდე. ასევე გამონაკლისი შეიძლება შეეხოთ პირებს, რომლებიც არ დაბადებულან ისრაელის ტერიტორიაზე და მოქალაქეობა მოგვიანებით მიიღეს.

2020 წლის მონაცემებით გაწვევას დაქვემდებარებულთა 33% მამაკაცი და 44% ქალი ლეგალურად განთავისუფლდნენ გაწვევისგან, ხოლო უკვე გაწვეულთა 15%-მა შეწყვიტა მსახურება.

თუმცა ეს მხოლოდ ის არის, რაც ლეგალურად კეთდება. ათასობით ისრაელის მოქალაქე ყოველწლიურად არიდებს თავს ჯარს არალეგალურად (2011 წლის მონაცემებით, ამ გზას 2700 კაცმა და 1000-ზე მეტმა ქალმა მიმართა). როგორც წესი, ეს ხდება ფიქტიური ქორწინების გაფორმებით, გაყალბებული სამედიცინო ისტორიით, ფიქტიური რელიგიური ცნობებით ან ემიგრაციის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ ჯარისგან თავის არიდება ხშირად ნეგატიურად არის აღქმული საზოგადოებაში, სავალდებულო გაწვევის წინააღმდეგ აქტივობა ყოველწლიურად იზრდება, მათ შორის ცნობილი ადამიანთა ჩართულობით. ეს გამოიხატება როგორც ჯარში წასვლისგან თავის არიდების შემთხვევების რაოდენობის ზრდაში, ასევე უკვე გაწვეული მოქალაქეების პროტესტში, მაგალითად, სარისკო ადგილებში მსახურებაზე (ამის გამო წლებია წვევამდელთა ხელფასები და კომპენსაციები იზრდება, რათა ფულით და არა იძულებით ხდებოდეს ასეთი ადგილების შევსება).

ამ ფონზე ისრაელში სულ უფრო ხშირად ისმის, რომ სავალდებულო გაწვევაზე დაფუძნებული ჯარი მოძველდა და ნებაყოფლობით სისტემაზეა გადასვლა აუცილებელი. ამ იდეას მხარს უჭერს სამხედროების ნაწილი, რომელსაც ჯარისკაცის მოტივაცია აღელვებს, ეკონომისტები, რომლებიც ხედავენ, რომ სავალდებულო გაწვევა ძალიან ძვირი უჯდება ქვეყანას, და, რაც მთავარია, მოსახლეობის უმრავლესობა. ასე, 2022 წლის მონაცემებით 47% მხარს უჭერს ნებაყოფლობით ჯარზე გადასვლას და 41% არის წინააღმდეგი. აღსანიშნავია, რომ ნებაყოფლობით ჯარს უფრო დიდი მხარდაჭერა ახალგაზრდებს შორის აქვს (51% - 18-24, 57% - 25-34, 51% - 35-54), ხოლო 55+ ასაკობრივ ჯგუფში სიტუაცია საწინააღმდეგოა (40% - 55-64, 31.5% - 65+). ამიტომ რთული არაა იმის პროგნოზირება, თუ რა მიმართულებით განვითარდება მომავალში ისრაელის ჯარი, ჩვენ კი, იმედია, XX საუკუნის მოძველებული პრაქტიკების მოწონების ნაცვლად, თანამედროვე ჯარის მშენებლობაზე დავხარჯავთ დროს.

1. სავალდებულო გაწვევა მსოფლიოში: ფინეთი

2. სავალდებულო გაწვევა მსოფლიოში: ნორვეგია, დანია, შვედეთი

3. სავალდებულო გაწვევა მსოფლიოში: შვეიცარია

კომენტარები