სიახლეები

145 Views
თავდაცვა

სავალდებულო გაწვევა მსოფლიოში: შვეიცარია

როცა ადამიანები დისკუსიის დროს მარცხის წინ აღმოაჩენენ თავს, ბოლო იმედი „ევროპაში ასეა“ არგუმენტი ხდება. მისი ზოგადი იდეა მდგომარეობს მსოფლიოში რაიმე ისეთი მაგალითის პოვნაში, რომელიც უკვე თითქმის დამარცხებული პოზიციის გადასარჩენად გამოდგება. ვინაიდან, მსოფლიო დიდია და იქ ბევრი განსხვავებული რამ ხდება, ამ გზით, ფაქტობრივად ნებისმიერი ქმედების გამართლებაა შესაძლებელი, ასე რომ, პატიოსანი ადამიანი, ამ არგუმენტს არ მიმართავს. სხვა ქვეყნების მაგალითი შეიძლება იყოს დამხმარე, საილუსტრაციო, მაგრამ ვერ იქნება გადამწყვეტი ან თუნდაც ერთ-ერთი ძირითადი.

ზუსტად ეს პრობლემაა სავალდებულო ჯარზე დისკუსიისას. ცხადია, რომ „სავალდებულოობის“ დაცვა რთულია, როგორც რთულია ნებისმიერი ეთიკურად გაუმართავი პოზიციის დაცვა, ამიტომ ამ თემაზე კამათისას „ევროპაში ასეა“ არგუმენტი განსაკუთრებულად ხშირად გვხდება. თუმცა ეს არგუმენტიც რომ არ დავუტოვოთ დამონების და წვალების მომხრე ადამიანებს, გთავაზობთ სტატიების ციკლს იმ ქვეყნების ჯარზე, რომელიც ყველაზე ხშირად მოიხსენიება ასეთი საუბრის დროს როგორც „სავალდებულო გაწვევის კარგი პრაქტიკა“.

დავიწყოთ შვეიცარიით.

შვეიცარია ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ცნობილია თავისი ნეიტრალიტეტით და მაღალი მილიტარიზაციით (19-ე ადგილი მსოფლიოში). საშუალოდ ას შვეიცარიელზე 27 იარაღი მოდის (აქედან 2/3 არარეგისტრირებული იარაღია). ქვეყანა ასევე გამოირჩევა მაღალი ხარჯებით თავდაცვაზე (5.5 მილიარდი დოლარი წლიურად და 21 ადგილი მსოფლიოში). ქვეყნის მილიტარიზაცია იმდენად სიღრმისეულია, რომ გზების თუ სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობისას, სამხედრო საჭიროებებიც გათვალისწინებულია, დაწყებული ტანკსაწინააღმდეგო ელემენტებით და დამთავრებული საარტილერიო წერტილებით და ბუნკერებით. ამ გარემოებას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს, რადგან საუკუნეების მანძილზე შვეიცარიელები ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ და მეომარ ერად ითვლებოდა. მათ მთებში არავინ ადიოდა ბოროტი განზრახვით, თუმცა ევროპელები მალევე მიხვდნენ, რომ იქ ოქროს შენახვა ყველაზე უსაფრთხოა. ამან განაპირობა შვეიცარიის, როგორც ბანკების ქვეყნის, ჩამოყალიბება.

შვეიცარიის ჯარი ორი ნაწილისგან შედგება - პროფესიული (დაახლოებით 10 000 ადამიანი) და რეზერვი, რომელიც სავალდებულო გაწვევაზეა აგებული (დაახლოებით 120 000 ადამიანი). სავალდებულო სამსახურის ხანგრძლივობა 18 კვირაა (4-4.5 თვე) და ყველა იმ 19-24 წლის მამაკაცს ეხება , რომელსაც შეუძლია მსახურება. თუკი ფსიქოლოგიური პრობლემების ან ჯანმრთელობის გამო ჯარში მსახურებისთვის არ გამოდგები, გაწვევისგან თავისუფლდები (ასეთი საშუალოდ 20%-ია). გარდა ამისა, გაწვევის გადავადება შეიძლება მოხდეს უნივერსიტეტში სწავლისას ან ჩანაცვლებული იყოს ალტერნატიული სამსახურით. გაწვევა 25 წლამდე გრძელდება და თუ ამ 6 წელში მამაკაცი ჯარში არ წავიდა (მაგალითად, უნივერსიტეტში სწავლის გამო, რაც ხშირად ზუსტად 6 წელი გრძელდება: ბაკალავრიატი+მაგისტრატურა) ის ასევე თავისუფლდება გაწვევისგან, თუმცა 11 წლის მანძილზე 3%-ით უფრო მაღალ საშემოსავლო გადასახადს იხდის (მინიმუმ 400 ფრანკი წელიწადში).

იმის გამო, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური წვევამდელებს უკარგავს მუშაობის შესაძლებლობას, მათ ენიშნება ხელფასი და კომპენსაცია დაკარგული შემოსავლებისათვის. დაკარგული შემოსავლის კომპენსაცია შეადგენს ყოველდღიურად 62 ფრანკს (იგივე 62 ევრო). ან მათი უკანასკნელი სამოქალაქო ხელფასის 80% იმ სამხედროებისთვის, რომლებიც სამხედრო სამსახურის დაწყების წინა 12 თვიან პერიოდში მუშაობდნენ არანაკლებ 4 კვირის ან 160 საათის განმავლობაში. რაც შეეხება ხელფასს, შვეიცარიის სამხედროთა ხელფასები დამოკიდებულია მათ წოდებაზე. რიგითი წვევამდელები ხელფასის სახით ყოველდღიურად იღებენ 4 ფრანკს.

სხვა სიტყვებით, თქვენ თუ შვეიცარიელი ხართ და მიუხედავად მაღალი პრესტიჟისა და ტრადიციებისა ჯარში წასვლა არ გსურთ, საკმარისია უნივერსიტეტში ჩააბაროთ. ყველაზე ცუდი, რაც ამის შემდეგ მოხდება, ოდნავ გაზრდილი საშემოსავლო გადასახადი. მეორე მხრივ, თუ არ სწავლობ და მუშაობ და თუ 4.5 თვით ჯარში მაინც წახვალ, არ მოგიწევს იმაზე ზრუნვა, რომ ოჯახს ფული არ ექნება, რადგან მთავრობა ხელფასის 80%-ს აგინაზღაურებს, ხოლო დამსაქმებელი სამსახურს არ დაგაკარგვინებს. ამრიგად, შვეიცარიაში, ერთი მხრივ ისტორიულად შემორჩათ მათთვის ტრადიციული სავალდებულო სამსახური, რომელიც გარდა მაღალი რეპუტაციისა, ფინანსურადაც მომხიბვლელია და არ განიხილავს მოქალაქეს, როგორც უფასო მუშახელს. თუმცა de facto, თუ შვეიცარიელს მსახურება არ სურს, მას არც მოუწევს ჯარში წასვლა, არც რაიმე რთული, ხელოვნური მიზეზების მოგონება.

1. სავალდებულო გაწვევა მსოფლიოში: ფინეთი

2. სავალდებულო გაწვევა მსოფლიოში: ნორვეგია, დანია, შვედეთი

3. სავალდებულო გაწვევა მსოფლიოში: ისრაელი

კომენტარები