სიახლეები

9230 Views
გირჩის დაშლა

იაგოს ისტორია

გამარჯობა,

„ჯანსაღობის დაშვება გირჩის წიაღში და ამით თავისუფლების იდეის ასე დაზიანება ჩვენი მთავარი პოლიტიკური შეცდომაა და მე ვალდებული ვარ, ამაზე ყველა იმედგაცრუებულ ადამიანს ბოდიში მოვუხადო, მიუხედავად იმისა, ჩემი აზრით, ყველაფერი გავაკეთე თუ არა ამის თავიდან ასაცილებლად.“

ამას წინათ, ასე მოვიხადე ბოდიში გირჩის ბაბლში, რომელზეც ვახო არ დამეთანხმა და დღემდე იმ აზრზეა, რომ მას არავისთვის აქვს ბოდიში მოსახდელი, პირიქით — სხვას აქვს და მზად არის, ნებისმიერ დისკუსიაში ახსნას საკუთარი მოსაზრება.

თუმცა, მე მაინც მგონია, რომ ჩვენ, განსაკუთრებით ვახოს და მე, გვაქვს ბოდიში მოსახდელი იმედგაცრუებულ გულშემატკივრებთან.

ამას ინტუიციით ვხვდები და ვეცდები, რამენაირად დავასაბუთო საკუთარი პოზიცია.

„ერთად თამაში კარგად გამოგდიოდათ, წარმატებას აღწევდით, დავიჯერეთ, რომ რაღაცის შეცვლა გინდოდათ და რა ქენით? ერთ დღეში ისე დაიშალეთ, თითქოს არაფერი მომხდარა. ძალიან არასერიოზულად მოიქეცით.

ჩემთვის უკვე ნაკლები მნიშვნელობა აქვს, რა მიზეზით ვერ დალაგდით, იდეა დააზიანეთ, იმედები გამიცრუეთ და ამიტომ ჩავიქნიე ხელი თქვენზე.“ — მე ასე ჩამოვაყალიბებდი ჩვენ წინააღმდეგ ბრალდებას.

ადამიანებს, რომლებსაც იმედს გაუცრუებ, პატიება უნდა სთხოვო. ნებისმიერი სხვა სიტყვები აღქმული იქნება პრეტენზიად, რატომ გქონდათ ჩემი იმედიო. 

მეორე მხრივ კი, თუ ბოდიშს იხდი, უფრო ზუსტად უნდა თქვა, რა შეგეშალა და რას გააკეთებდი დღეს სხვანაირად.

მეც ვეცდები ეს შეცდომა ვიპოვო.

პოლიტიკაში 2015 წელს პალიკო კუბლაშვილის რჩევით და დახმარებით შემოვდგი ფეხი, სრულიად სხვა სამყაროდან. 

პოლიტიკურ კარიერაზე არჩევანი იმის გამო შევაჩერე, რომ არსებულ მართლმსაჯულების სისტემაში საკუთარი თავი და მომავალი ვერ დავინახე.

მაშინ მე გირჩის მმართველობაში არ ვყოფილვარ, მაგრამ, სამაგიეროდ, პალიკოს პირობა — სრული თავისუფლება პოზიციის დაფიქსირებაში, თუ მის ახსნას და დასაბუთებას საჯარო სივრცეში შევძლებდით — არასოდეს დარღვეულა.

გირჩის პირველი პოლიტიკური პროექტი, 2016 წლის არჩევნები, წარუმატებელი აღმოჩნდა. გამოუცდელები ვიყავით. ბურჭუს პარტიიდან,  ჩვენთვის გაუგებარი მოტივებით, გამოგვაგდეს და დღემდე მიზეზი ვერ დავადგინეთ.
 

ამის შემდეგ გირჩი სხვანაირი გახდა. 

გირჩის ასეთი ფორმით გაგრძელებაზე პასუხისმგებლობა ხუთმა ადამიანმა ავიღეთ: პალიკომ, ჯაფარამ, გოგა ხაჩიძემ, ვახომ  და მე.

გოგამ, დაახლოებით, ერთ წელიწადში დაგვტოვა. ფორმალურ მიზეზად ჩემთან კონფლიქტი დაასახელა, თუმცა, საბაბს უფრო ჰგავდა.

2018 წლის მიწურულს, ატოცის აქციის შემდეგ, პალიკო დაგვემშვიდობა და მეც ამ წელს სრულად გავაცნობიერე ვახოს და ჯაფარას შორის მზარდი კონფლიქტის სერიოზულობა, რომელსაც ცუდ ვერსიაში გირჩის დანგრევა შეეძლო.

ამ დროიდან მოყოლებული, ვახო დარწმუნებული იყო, რომ ჯაფარას მისი პარტიაში ყოფნა არ უნდოდა.

ეს ვერსია ჯაფარას წასვლამდე დაუჯერებლად მეჩვენებოდა — შეუძლებელია არ სცოდნოდა, რომ მაშინდელი გირჩი ვახოს გარეშე ვერ გადარჩებოდა. 

თუმცა, ამის შემდეგ, უფრო და უფრო მეტის აღება მომიწია საკუთარ თავზე.

ამ კონფლიქტში მხარე არ ამირჩევია, რადგან არასოდეს წარმომედგინა გირჩი ჯაფარას ან ვახოს გარეშე.

2019 წლის ბოლომდე იმედი მქონდა, რომ კონფლიქტს მოვაგვარებდი ან შევარბილებდი მაინც. 2020 წლის გაზაფხულის შემდგომ კი უკვე ზუსტად ვიცოდი, ამის მოგვარება შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ტრადიციულად ზურას ვახოსთან საუბარი არ უნდოდა.

მთელი ამ დროის განმავლობაში, ფაქტობრივად, მათი ერთადერთი შუამავალი ვიყავი და ისეთი დაძაბულობა იგრძნობოდა, გახსენება რომ გეზარება ადამიანს.

ამ პერიოდში, ჩემს მთავარ საზრუნავს არჩევნებამდე მშვიდად და სკანდალების გარეშე მისვლა წარმოადგენდა, რადგან ნებისმიერ სხვა შემთხვევაში უბრალოდ გავნადგურდებოდით.

მერე სანდრო მოვიდა და ოფისის მართვა დაიწყო, სანდროს მოსვლას მხარს სამივე ვუჭერდით და ძალიან გაგვიხარდა, რომ თანამშრომლობაზე დაგვთანხმდა.

2020 წლის პრაიმერისი დაძაბულობის კულმინაცია იყო. არსაიდან გამოჩნდა გია ჯაფარიძე და გამოაცხადა, რომ საპარლამენტო სიის სამეულში უნდოდა ადგილი. გიას მხარს, ძირითადად, გირჩი ტვ-ს ხალხი უჭერდა, რომელიც ჩემი ინიციატივით შეიქმნა, მაგრამ იმის გამო, რომ მისი ეფექტურად მართვა ვერ შევძელით, წინასაარჩევნოდ დაბრუნებულ პალიკოს და გოგას გადავაბარეთ.

საქმე იქამდე მივიდა, რომ  საკითხის გადაწყვეტას ჯაფარას მხარდაჭერა დასჭირდა, მან კი მხარი ჩვენ დაგვიჭირა.

ჯაფარას პატიოსნებასთან დაკავშირებულ ყველა ცხარე კამათში, ვახოსთან ჩემი მთავარი არგუმენტი, ჯაფარას მხრიდან გამოცხადებული ეს მხარდაჭერა იყო.

პრაიმერისის მერე, მე ბათუმში წავედი, ვახო რუსთავში და ჯაფარა — დიდუბეში. ოფისში სანდრო, საბო და ჯგერე დარჩნენ.
 

ვახოს და ჯაფარას ცალ-ცალკე ვთხოვე, არჩევნების დასრულებამდე უთანხმოება დროებით გვერდზე გადაგვედო, რამენაირად არჩევნები მოგვეგო და მერე, ამაღლებულ განწყობაზე მყოფები, შიდა კონფლიქტსაც მარტივად მოვაგვარებდით.

ეს ერთადერთი პერიოდი იყო გირჩში, როცა მე და ვახოს ცუდი ურთიერთობა გვქონდა — ბოლო დღემდე ვერ წარმომედგინა გირჩი ჯაფარას გარეშე და ვეძებდი გამოსავალს, რომელიც თითქოს ხელისგულზე იდო.

ვახოს კი ჯაფარაზე კაი ხანია ხელი ჰქონდა ჩაქნეული, არ ენდობოდა და ფიქრობდა, სწრაფად მოგვეწყო ისეთი სისტემა, რომელშიც სხვა ხალხი (მმართველი საბჭო) შემოვიდოდა, ყველასათვის სავალდებულო ცხადი წესები იარსებებდა და სისტემაში ყველა პოლიტიკოსს დამოუკიდებლად შეეძლებოდა ფუნქციონირება, მიუხედავად იმისა, მოსწონდათ თუ არა ერთმანეთი.

ასევე სასწრაფოდ გვჭირდებოდა ადგილი, სადაც კონფლიქტები წინასწარ გასაგები წესებით გადაწყდებოდა.

არჩევნების მერე, ყოველივე ზემოთქმულის აღსრულება საკუთარ თავზე ავიღე იმ პირობით, თუ ჯაფარას მხარდაჭერა მექნებოდა. 

ჯაფარამ მხარი დამიჭირა.

ამ დროიდან მოყოლებული ჯაფარას წასვლამდე,  არც ერთხელ არ მიკამათია მასთან - არ გვქონია არც დიდი და არც მცირე კონფლიქტი. ჩემი ამოცანა იყო სწრაფად მივსულიყავით იმ კონდიციამდე, როცა, მმართველ საბჭოსთან ერთად, თანაარსებობისთვის აუცილებელ წესებს შევქმნიდით.

ამის პარალელურად ვახოსთან ისევ საშინელი ურთიერთობა მაქვს, თითქმის ყოველდღე ვჩხუბობთ, ვახო ყვირის, თუ როგორ ვერ ვხედავ რა საგიჟეთია ჩვენ ირგვლივ და როგორ იქცევა ჯაფარა და მისი ხალხი. 

უნდა ვაღიარო, რომ ამას მეც ვხედავდი, უფრო მეტიც, სხვადასხვა ადამიანისგანაც მომდიოდა უცნაური რჩევები და გაფრთხილებები, მაგრამ ვინაიდან ვიცოდი, რომ საბოლოო სიტყვა მაინც ჯაფარაზე იყო, მშვიდად ვიყავი.

ბოიკოტი და ოპოზიციასთან შეხვედრებიც პარალელურად მიმდინარეობს, ყველა ერთიანი პოზიციებით ვმოძრაობთ და კონფლიქტი გარეშე პირებისთვის შეუმჩნეველია.

ასეთ დროს მოგვდის ჯაფარას ოთხპუნქტიანი ულტიმატუმი, რომლის ვერც ერთი პუნქტი ვერ შესრულდება და ეს ჯაფარამაც ისევე იცის, როგორც მე.

ულტიმატუმი არც ერთმა არ მივიღეთ და ვცადეთ დალაპარაკება. ჯაფარამ ნებისმიერ ჩვენგანთან საუბარზე უარი თქვა — სანდროსთანაც კი, რომელსაც თეორიულადაც ვერ ექნებოდა მისთვის რაიმე განსაკუთრებული დაშავებული.

რამდენიმე დღეში ჯანსაღებიც გაჩდნენ და  #metoo კამპანიით და დიდი ხნის განმავლობაში ნაზელი ტალახის სროლით შემოგვიტიეს.

სიტუაციის მოტრიალება ვერც საბოს და ჯგერეს ემოციებმა შეძლო.

კატასტროფა მოხდა და ჩვენ ეს ვერ ავიცილეთ თავიდან.

რა იყო ის შეცდომები, რაც დავუშვით და შეგვეძლო თუ არა მისი თავიდან აცილება?

მთავარი შეცდომა, რაც დავუშვი, ალბათ, ისაა, რომ თავის დროზე დეტალურად არ გავერკვიე გირჩის შექმნის პირობებსა და საფუძვლებში, რა შინაარსი იდო იმ შეთანხმებებში, რომლებიც პარტიის შექმნას დაედო საფუძვლად.

ამით დაინტერესება მინიმუმ ბურჭუს სკანდალის შემდეგ იყო აუცილებელი, შედეგად კი ის მივიღეთ, რომ ვერც ბურჭუს ისტორიის რეალური მიზეზი გავიგეთ და ისე გავაგრძელეთ ახალი გირჩის მშენებლობა.

მაშინ არ მეგონა, თუ ეს გავლენას მოახდენდა გირჩის ახალ ფორმაციაზე და კატასტროფამდე მიგვიყვანდა, მაგრამ დღევანდელი ჩემი წარმოდგენით — მოახდინა.

თავის დროზე რომ მეტი გაგვეკეთებინა ამის გასაგებად და ზუსტად გვცოდნოდა, შეიძლება სხვანაირად მოვქცეულიყავით.

თუმცა, იმის თქმა, რომ  თავს ვიდანაშაულებ, არ იქნება ბოლომდე მართალი — რამდენიმე წლის წინანდელ ამბავზე, დღევანდელი გადმოსახედიდან საუბარი არ იქნება სწორი, მაშინ მეც სხვანაირი ვიყავი — ამ “სპორტში” ძალიან გამოუცდელი და ფიზიკურად ვერ წარმომედგინა, რომ საქმე, საბოლოოდ, აქამდე მივიდოდა. 

მიუხედავად ყველაფრისა, სიტუაცია არ იცვლება და შედეგი სახეზეა.

როგორც 2016 წელს, გირჩი 2020 წლის ბოლოსაც შეიცვალა.

მის მშენებლობაზე ახლა, გირჩის სათათბიროსთან ერთად 4 პარლამენტის და ერთი ცესკოს წევრი ვიღებთ პასუხისმგებლობას, შევქმენით წესების ერთობლიობა — კონსტიტუცია და გარდამავალ ეტაპზე სათათბიროს წევრებს დაევალათ მტყუან-მართლის გარჩევაზე პასუხისმგებლობა, თუ ასეთი საკითხი დადგება დღის წესრიგში.

შემდეგ არჩევნებამდე ვეცდებით, ხარვეზები გამოვასწოროთ, მხარდამჭერებს დავანახვოთ, რომ მწარე გამოცდილებამ ბევრი გვასწავლა და რომ მომავალში, შიგნიდან მომდინარე კატასტროფებს ეფექტურად დავაზღვევთ.

ამაში კი ძველი და ახალი მხარდამჭერების სწრაფი შემოკრება და მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვჭირდება.

რაც შეეხება ჯანსაღებს (ეს სახელი თავად უწოდეს საკუთარ თავს) და ჩემს პრეტენზიებს ამ მოვლენის მიმართ:

მე დადასტურებით არაფერი ვიცი, თუ რატომ და ვისი ჩარევით მოეწყო ჯანსაღობა და მხოლოდ ვერსიებზე შემიძლია საუბარი.

თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ეს ქოცებმა მოაწყვეს (დღემდე, ყველაზე მეტად, ამ ვერსიისკენ გამირბის გონება).

შემდეგ, ნაცებზეც მქონდა ეჭვი.

ისიც ვიფიქრე, შეიძლება უბრალოდ სიგიჟესთან გვაქვს საქმე, მაგრამ საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი, რომ სხვა რამე იყო ჩაფიქრებული და სხვა გამოვიდა. თუმცა, ვინაიდან საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს, ყველაფერი მხოლოდ ვერსიის და დაშვების დონეზე რჩება.

ბოლოს მივხვდი, რომ სიმართლის გაგება შეუძლებელი იქნებოდა, სანამ ჯაფარა არ იტყოდა რამეს ან სიტყვით, ან საქმით.

სიტყვით არაფერი თქმულა, მაგრამ საქმით რაღაც მაინც ითქვა.

ამ პერიოდის განმავლობაში ჯანსაღებმა ახალი ვერაფერი შესთავაზეს საზოგადოებას, უბრალოდ აყოლილნი იყვნენ დესტრუქციას, 2021 წლის არჩევნებზე კი, საერთოდაც, ნაცებს შეეკრნენ და 5 ნომრის შემოსახაზად არჩევნებზე მიყვანას სთავაზობდნენ ადამიანებს.

ჩვენგან ყალბად გადააკოპირეს და ბუტაფორიად აქციეს პოლიტიკოსების შიდა პრაიმერისის წესით შერჩევის პრინციპი, გააფუჭეს მერიტოკრატიაზე დაფუძნებული შიდა წესრიგის და  საკუთარი ვალუტის შექმნის იდეა, ტყუილი აღმოჩნდა ჩვენი მისამართით საჯარო ბრალდება, რომ თითქოს, ჩვენ ვუშლიდით ხელს გირჩს ახალი ადამიანების მოზიდვაში და ა. შ.

ახლა უკვე ცხადია, ჯანსაღების გეგმა რომ გამოსულიყო და გირჩი მათ ნაცვლად ჩვენ დაგვეტოვებინა, დღეს იდეა უბრალოდ არ იარსებებდა.

ჯანსაღები ერთგვარი ჩინური გირჩია, თან რომ გირჩის სურნელი დაჰკრავს და თან არც არის. თუმცა, საქმის გაფუჭება შეუძლია, რადგან ადამიანთა დიდი ნაწილის თვალში ისინი ისევ ჩვენი სახელით მოქმედებენ. ჯანსაღობა საფრთხეა, რომელიც მომავალში ნებისმიერმა შეიძლება გამოიყენოს ჩვენთან საბრძოლველად და ჩვენი იდეების დისკრედიტაციისთვის.

ამიტომაც არ გამოვა ერთდროულად ორი გირჩის არსებობა ისე, თითქოს, ორივე პარტია ერთნაირ ან მსგავს იდეას ატარებდეს, ასე რომ ყოფილიყო, მაშინ “4 დეკემბერი” არ მოხდებოდა.

სანდროს ისტორია გირჩის დაშლაზე.

ჰერმანის ისტორია გირჩის დაშლაზე.

ვახოს ისტორია გირჩის დაშლაზე.
 

კომენტარები