სიახლეები

993 Views
გირჩის შესახებ

გირჩის კონსტიტუცია (ძველი ვერსია)

გირჩის კონსტიტუცია შეიქმნა საკონსტიტუციო ჯგუფის მიერ 2021 წელს.

2019 წლიდან გირჩის რეალური მმართველი ორგანო იყო მმართველი საბჭო, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა, როგორც წესი, კონსენსუსით.

პარტიის ლიდერის, საპარლამენტო სიის პირველი ნომრის, პარტიიდან გაქცევის შემდეგ ბევრი ვიფიქრეთ, რას შეიძლებოდა გამოეწვია მსგავსი კრიზისი და სამომავლოდ როგორ მოვემზადოთ უკეთესად შიდა კონფლიქტის გადასაწყვეტად და გარედან თავდასხმის მოსაგერიებლად.

ამისათვის მოვამზადეთ თანამშრომლობის და კონფლიქტების გადაწყვეტის მორალური საფუძვლები და ფორმალიზებული მექანიზმის მოდელი.

მმართველმა საბჭომ დამატებით მოიწვია გირჩის იდეის გულშემატკივარი ადამიანები, ეგრეთ წოდებულ, „საკონსტიტუციო ჯგუფში“. ჯგუფი კორონას ეპიდემიის დროს ზუმის მეშვეობით მუშაობდა იმ წესების ტექსტად ჩამოყალიბებაზე, რომელიც ჩვენი ღირებულებების მიხედვით შეიქმნა.

სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ სამეფოს იდეა ეკუთვნის და კონსტიტუციის ტექსტის მომზადებაში ლომის წვლილი შეიტანა იაგო ხვიჩიამ.

გირჩის კონსტიტუცია

ჩვენთვის ბოძებული სამყარო თავისი უთვალავი ფერით გვეკუთვნის ადამიანებს და სწორედ ჩვენ გვაქვს ვალდებულება, ვიპოვოთ ისეთი წესრიგი, რითაც ვიცხოვრებთ თავისუფლად და ერთმანეთს დავიცავთ მოძალადეებისგან.

ამბავი პირველი - რწმენის შესახებ

გვწამს, რომ თითოეული ადამიანი არის სამყაროში ყველაზე ღირებული არსება და წესები მათზე თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს.

ადამიანის სხეული, სიცოცხლე და საკუთრება ხელშეუხებელია.
ადამიანის საკუთრება მის მოპოვებაში დახარჯული ამ ადამიანის სიცოცხლეა.

საკუთრების წარმოშობის ლეგიტიმური საფუძვლებია: პოვნა (პირველაღმოჩენა), შექმნა, გაცვლა და ჩუქება (მათ შორის, მემკვიდრეობით მიღება).

სიტყვა ჩვენი მთავარი და უპირატესი იარაღია, შესაბამისად, სიტყვის თავისუფლება აბსოლუტურია.

უთანხმოების მოგვარების ერთადერთი გზა არის საუბარი და შეთანხმება.
გვწამს, რომ ნებისმიერი ძალადობისგან თავდაცვა (მათ შორის იარაღის და ძალის გამოყენებითაც) არის ჩვენი უფლება.

დაუშვებელია შეთანხმების (ხელშეკრულების, კონტრაქტის) თავისუფლების ძალადობრივი შეზღუდვა.

ამბავი მეორე - ადამიანის შესახებ

ადამიანს ეკუთვნის საკუთარი სხეული და სიცოცხლე. 

მას და მხოლოდ მას შეიძლება ჰქონდეს უფლებები და პასუხისმგებლობები.

ადამიანი იბადება თავისუფალი და მას აქვს ყველაფრის უფლება, გარდა სხვა ადამიანზე ძალადობისა.

ძალადობაა ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების ან საკუთრების ხელყოფა.

„სახელმწიფო სისტემის” სახელით ცნობილი წესრიგი ძალადობის ყველაზე საშიში წყაროა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ამას ხშირად ვერ ამჩნევენ.

ადამიანები ხშირად ცდებიან და ამ შეცდომებზე სწავლობენ კიდეც. 

ყველა ადამიანს აქვს შეცდომების დაშვების უფლება, თუ ამით სხვა ადამიანი არ ზიანდება.

ადამიანს უფლება აქვს, მის წინაშე ჩადენილი დანაშაული აპატიოს სხვა ადამიანს.
ადამიანს თავისი საკუთრების ფარგლებში შეუძლია ნებისმიერი არაძალადობრივი წესრიგის დამყარება.

ამბავი მესამე — გირჩის საზოგადოების შესახებ

გირჩის საზოგადოება შედგება მსგავსი ღირებულებების მქონე წევრებისგან. ჩვენი მთავარი მიზანი ისეთი წესრიგის ჩამოყალიბებაა, რომელიც გვიცავს და გვეხმარება თავისუფლების საზღვრების გაფართოებაში.

გირჩის საზოგადოების წევრის გავლენა გადაწყვეტილებების მიღებისას მის მიერ საერთო საქმეში შეტანილი წვლილის შესაბამისია.

ჩვენი მიზნების მისაღწევად ვიყენებთ ორგანიზების სხვადასხვა ფორმას, მათ შორის რელიგიურ ორგანიზაციას და პოლიტიკურ პარტიას, რომლის საშუალებითაც ვმონაწილეობთ პოლიტიკურ პროცესებში და ამ გზით ჩვენი საზოგადოების მორალის, იდეებისა და პრინციპების გავრცელებას ვუწყობთ ხელს.

გირჩის პოლიტიკოსი არის ჩვენი საზოგადოების წარმომადგენელი გარე სამყაროსთან პოლიტიკურ ურთიერთობებში. იგი უნდა იზიარებდეს გირჩის საზოგადოების ეთიკურ ნორმებს, მისი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი პოზიციები კი ღია და გირჩის საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

გირჩის პოლიტიკოსს ეკრძალება ცალკეული ადამიანის, ინდივიდის თავისუფლების შემზღუდავი სამართლებრივი აქტების მხარდაჭერა.

გირჩის საზოგადოების წევრები ეჭვის ან დავის შემთხვევაში ერთმანეთის მოქმედებების კონსტიტუციასთან შესაბამისობას ვამოწმებთ მსაჯულ-მოსამართლეებთან.

ამბავი მეოთხე — სახელმწიფოს შესახებ

ძალადობებს შორის ყველაზე საშიში „სახელმწიფოს“ სახელით ძალადობაა.

„სახელმწიფო“ არის ცნება, რომლის მეშვეობით ადამიანები მალავენ და ამართლებენ ძალადობრივ ქცევებს. „სახელმწიფოს იდეა" ასახავს იმ სახიფათო რწმენას, რომ თავისუფლების, საკუთრებისა და სიცოცხლის ხელყოფა დაშვებულია სახელმწიფოს სახელით ლაპარაკის უფლების მქონე ადამიანების მიერ.

ამ საშიშ რწმენაზე აგებულ წესრიგში ვცხოვრობთ ჩვენც და ამ წესრიგისგან დაცვა გვსურს. დაცულები კი მხოლოდ მაშინ ვიქნებით, როცა ჩვენთვის და სხვებისთვისაც მეტ თავისუფლებას მოვიპოვებთ.
სახელმწიფოს სახელით მოქმედ ადამიანებთან თანამშრომლობა დასაშვებია მხოლოდ მეტი თავისუფლების მოპოვების მიზნით.

„სახელმწიფოს“ სახელით ძალის გამოყენება მხოლოდ ძალადობის აღკვეთის აუცილებლობით შეიძლება იყოს გამართლებული.

ამბავი მეხუთე — მტყუან-მართლის შესახებ

გირჩის საზოგადოებაში კონფლიქტები წყდება საუბრით.

თუ კონფლიქტის გადაწყვეტა სიტყვით ვერ ხერხდება, საუბარი გრძელდება მსაჯული-მოსამართლის თანდასწრებით. 

მსაჯული-მოსამართლეა ის, ვისაც საკუთარი საქმის გარჩევას ანდობენ მოდავეები.

ადამიანის თავისუფლების ნაწილია, იყოს სხვა ადამიანთა საქმის მსაჯული-მოსამართლე. თუ მოდავეები მსაჯულ-მოსამართლეზე ვერ შეთანხმდებიან, თითოეული მათგანი ირჩევს ერთ მსაჯულ-მოსამართლეს, ხოლო არჩეული ორი - მესამეს. მოდავეთა შეთანხმებით, საქმე შეიძლება განიხილოს სამზე მეტმა მსაჯულ-მოსამართლემ. აზრი, რომელსაც მსაჯულ-მოსამართლეთა უმრავლესობა ეთანხმება, შესასრულებლად სავალდებულოა.

კონფლიქტის შემთხვევაში საუბარზე უარის თქმა დაუშვებელია.

მსაჯულ-მოსამართლეთა გადაწყვეტილება საბოლოოა, აქვს სავალდებულო ძალა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე უარის თქმა არის ადამიანის გირჩის საზოგადოებიდან განდევნის ერთადერთი ლეგიტიმური მიზეზი.

გირჩის საზოგადოების წევრი ვერ იქნება ადამიანი, ვინც არ აღიარებს ამ კონსტიტუციას და მსაჯულ-მოსამართლეთა გადაწყვეტილებებს.

ამბავი მეექვსე — გირჩის საზოგადოების წარმომადგენლობის შესახებ

გირჩს მშვიდობიანობის დროს წარმოადგენს სათათბირო და მის მიერ არჩეული თავკაცი.
სათათბირო არის გირჩის მმართველი საბჭოს მემკვიდრე და ის კომპლექტდება მმართველი საბჭოს წევრთა დაკომპლექტების ტრადიციული წესით.

სათათბიროს ყოველი ხელახალი დაკომპლექტება უნდა მოხდეს საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების დამთავრებისთანავე, ადეკვატურ დროში.

თავკაცი გირჩს წარმოადგენს პირადად ან მომრიგებლების მეშვეობით.

საგანგებო მდგომარეობაში, რა დროსაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სათათბიროს ლეგიტიმაცია, გირჩს წარმოადგენს მეფე და ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელმსახური.

ამბავი მეშვიდე - მეფისა და მთავარი მღვდელმსახურის შესახებ

გირჩის საზოგადოების საპატიო თანამდებობებია:

ა) მეფე გირჩისა — ჰერმან I (საბო).

ჰ) ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელმსახური — ლევან I (ერისკაცობაში „ჯგერე“).


ძნელბედობისას, მეფესა და მთავარ მღვდელმსახურს აქვთ შეუზღუდავი უფლებები და ერთობლივად შეუძლიათ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება საკონსტიტუციო წესრიგის აღსადგენად.
მეფისა და მთავარი მღვდელმსახურის ერთობლივი გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება და სავალდებულოა გირჩის საზოგადოების ნებისმიერი წევრისათვის.
მეფისა და მთავარი მღვდელმსახურის ხანგრძლივი და წარმატებული მეუფების შემდეგ ეს საპატიო თანამდებობები უქმდება.

მეფე და მთავარი მღვდელმსახური, სურვილის შემთხვევაში, სიცოცხლის ბოლომდე ესწრებიან და უძღვებიან სათათბიროს სხდომებს.

ამბავი მერვე - ქართული დოლარის (GeD) შესახებ

100 წლის წინ ბოლშევიკებმა ჩვენი წინაპრებისთვის ცხოვრების ახალი წესები დაადგინეს — აკრძალეს კერძო საკუთრება და, შესაბამისად, თავისუფლებაც. მაშინ წართმეული ქონების დიდ ნაწილს დღეს „სახელმწიფო საკუთრებას“ ვუწოდებთ.

ამ ქონების თანაბრად დაბრუნება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, როგორც ძალადობის მსხვერპლთა მემკვიდრეებისთვის, არის გირჩის საზოგადოების წევრების მთავარი პოლიტიკურ-კომერციული პროექტი.

ქონების დაბრუნება გირჩის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განხორციელდება ქართული დოლარის გამოყენებით.

ანუ ქართული დოლარის უკან, გირჩის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, დგას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მთელი ქონება.

ბრუნვაში არსებული ქართული დოლარის საერთო ოდენობა შეადგენს 50 მილიარდს.
პროექტის ლობიზმის და განხორციელებისთვის უნდა დაიხარჯოს მისი მეათედი, დანარჩენი თანაბრად ნაწილდება საქართველოს მოსახლეობაზე.

ერთი ქართული დოლარის ერთ ამერიკულ ცენტად შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია გირჩის ხელისუფლებაში მოსვლამდე, რაც ამ პროექტის აღსრულების დაწყების წინაპირობაა.

ამბავი მეცხრე - კონსტიტუციის შესახებ

ამ კონსტიტუციის აღიარება არის გირჩის საზოგადოებაში გაწევრიანების აუცილებელი წინაპირობა.
კონსტიტუციის ტექსტი მომზადებულია მეფისა და მთავარი მღვდელმსახურის ხელდასხმით მომუშავე მწერალ - მწერალ-მემატიანეთა მიერ და ის დასამტკიცებლად ებოძება გირჩის საზოგადოების წევრებს.

კონსტიტუციის ტექსტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერენ გირჩის წევრები გაცემული ჯედების საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტით. ეს წესი აუცილებელია ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილებისთვისაც.

კონსტიტუციაში ცვლილების ინიცირების უფლება აქვთ ან მეფესა და მთავარ მღვდელმსახურს ერთობლივად, ან სათათბიროს.

სათათბიროს მიერ კონსტიტუციაში ცვლილებების ინიცირების შემთხვევაში, მის სრულ შემადგენლობას უფლებამოსილება უწყდება და კონსტიტუციის ცვლილების პროექტს გირჩის საზოგადოებას წარუდგენს სათათბიროს ახალი შემადგენლობა.

ამბავი მეათე - ანდერძის შესახებ

გირჩის საზოგადოებაში ნებისმიერი გზით ფულის შოვნა დასაშვებია, გარდა სინდისის გაყიდვისა.
თავისუფალი სივრცის დაცვისა და გაფართოებისთვის, გირჩის სახელით მოქმედი ადამიანი იხდის შემოსავლის მეათედს.

მონობა დაუშვებელია, თავისუფალი ადამიანის ვალდებულებაა არ შეეგუოს მას.

ჩვენ ვთქვით."


 

კომენტარები