სიახლეები

7705 Views
გირჩის დაშლა

ჰერმანის ისტორია

ჩემი აზრით, ჯაფარა წმინდანია. თითქმის.

რატომ?

ცოტა გრძლად მომიწევს ახსნა, მაგრამ თუ ბოლომდე წაიკითხავთ, დარწმუნდებით, რომ გირჩის თავს გადამხდარ ამბავს, ყველაზე უკეთ, ჩემი თეორია ხსნის. 

სულ თავიდან

გირჩში 2015 წელს მოვედი. მაშინ ჯერ გირჩი არ ერქვა და არავინ იცოდა რამდენ ხანს იარსებებდა. მიუხედავად იმისა, რომ განათლებით “პოლიტოლოგი” ვარ, პარტიული პოლიტიკით უნივერსიტეტის მერე არ დავინტერესებულვარ და სხვადასხვა პროფესიას მივედ-მოვედე. 2015-ში კი, მაშინ ჩემთვის ნაცნობ-უცნობი ხალხი ნაცმოძრაობას გამოეყო და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერად ხომ არ გადმოხვალ ჩვენთანო, შემომთავაზეს.
იმდენად არ მაინტერესებდა პოლიტიკა, რომ ზურა ჯაფარიძე, მგონი, პირველად მაშინ ვნახე, როცა სამსახურში ამიყვანეს. იქამდე წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყო :)) ისიც მახსოვს, პალიკო კუბლაშვილმა რომ წამიყვანა გირჩის მომავალი მედია მენეჯერი და იმ პერიოდის გამორჩეულ ჟურნალისტებს შემახვედრა მეგობრულ ვახშამზე, ნახევარი მათგანი ვერ ვიცანი, თუმცა, მუშაობას ენთუზიაზმით შევუდექი და ნელ-ნელა იმ ყველაფერში გავერკვიე, რაც საქმის საკეთებლად მჭირდებოდა. 

იმ პერიოდში რა ფორმით, რატომ ან რა პირობით არსებობდა/შეიქმნა გირჩი, არ დავინტერესებულვარ — ჯერ ერთი, ალბათ რამე დათქმა რომ არსებულიყო, მე არავინ მეტყოდა და მეორე, ყოველდღე ვხედავდი გირჩის პოლიტიკოსების, განსაკუთრებით კი ახალი სახეების სრულ მორალურ თუ ღირებულებით თავისუფლებას. ვხედავდი როგორც დახურულ, ისე ღია შეხვედრებზე, თუ ვინმე სწორს და ჭკვიანურს იტყოდა, დანარჩენები ამას აღიარებდნენ და ეს ახლადნაპოვნი იდეები საჯაროდაც, გირჩის მესიჯებად გაჰქონდათ. ეს ფაქტი ჩემთვის საკმარისი იყო იმაში დასარწმუნებლად, რომ არავინ გვმართავდა და იდეებს, მესიჯებსა თუ მიმართულებას გარედან არავინ გვკარნახობდა.

მომდევნო წლებში ბევრი რამ გადაგვხდა თავს და საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ გირჩის დამფუძნებელი ოთხეულიდან (და პოლიტიკიდანაც) ჯერ გოგი მელაძე წავიდა, ბურჭულაძესთან არშემდგარი კოალიციის მერე, შემდეგ გოგა ხაჩიძემ დაგვტოვა, კანაფის დეკრიმინალიზაციის მერე და ბოლოს, პავლე კუბლაშვილმა — ატოცის აქციის მერე, 2018-ის ბოლოში. დავრჩით მხოლოდ ზურა ჯაფარიძე და რამდენიმე, სხვა-პარტიაში-არ-ნამყოფი პოლიტიკოსი. თუ თეორიულადაც კი რაიმე შეთანხმება ან ვალდებულება არსებობდა გირჩის მხრიდან ან ქართულ ოცნებასთან, ან ნაციონალურ მოძრაობასთან, ასეთი შეთანხმების ადრესატი ან მცოდნე მხოლოდ ზურაღა დარჩა. თუმცა, ჩვენს პოლიტიკურ თავისუფლებაში, ამ პერიოდის განმავლობაში, ერთხელაც კი არ ჩარეულა ვინმე. 

სიმშვიდე შტორმის წინ

ყველაზე რთული კრიზისი 2019 წლის იანვარ-თებერვალში დაგვიდგა. ისედაც მინიმალური ფინანსური რესურსი გაქრა; უამრავმა ადამიანმა, ვინც აქამდე სხვადასხვა ფუნქციას ასრულებდა პარტიაში, დაგვტოვა სხვადასხვა ფორმით. ამ პერიოდში, ყველაზე მეტი მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება ვახოს მოუწია — ისე გამოვიდა, რომ პარტიის ხელფასიანი თანამშრომლები, თვის ბოლოს, მას, ზურას და იაგოს შეჰყურებდნენ ხელებში. ეს ამბავი, ალბათ, სამივეს აწუხებდა, მაგრამ ეს წუხილი ყველაზე მეტად ვახოს ეტყობოდა ხოლმე. ამას ისიც ემატებოდა, რომ ოფისი ოფისს აღარ ჰგავდა, არც სამუშაო განწყობა იყო და არც გარემო — სტაფი უმეტეს დროს არაფერს აკეთებდა, დარჩენილ პოლიტიკოსებს კი სტაფის ხელფასი საიდანღაც მაინც უნდა მოეტანათ. ვახო გიჟივით დადიოდა ოფისში და ორმაგად წუხდა ზურას დუმილზე — სიტუაციიდან გამოსვლაზე არ მელაპარაკება, ჩუმადააო. 

ჰოდა, რომ გადაეკეტა, მახსოვს, თებერვლის თვე მთელი პარტია ნუცუბიძეზე, გამრეკელის ქუჩაზე, ერთ ოთახში იყო შეკეტილი და ჯერ ვახო ცდილობდა ზურა აელაპარაკებინა, რა ვქნათო, ასე გაგრძელება არ შეიძლებაო და მერე ზურა, მისი “ფლანგიანად” აქეთ მოუბრუნდა ვახოს, არსებულ სიტუაციაზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ შენ უხეში ხარ და ადამიანები გარბიან ამის გამოო. მოკლედ, პირველი #meToo ჯერ კიდევ მაშინ მოაწყვეს. 

ამ შეხვედრების საბოლოო შედეგი ის იყო, რომ ვახო და ზურა კიდევ უფრო დაშორდნენ ერთმანეთს, იაგო უმეტესად მათ შორის მედიატორის როლს თამაშობდა სხვადასხვა წარმატებით. ფულის შოვნის სხვა გზა არ იყო, პარტია დონაციების სისტემაზე გადავიყვანეთ და აქტიურად ვთხოვდით ჩვენს დამფინანსებლებს შემოწირულობას. ამ პერიოდში მოიფიქრა ვახომ ჯედების სისტემა და დამსახურებაზე დაფუძნებული “აქციონერობა” პარტიაში. მოკლედ, გირჩი ამის მერე უფრო დეცენტრალიზებული და ავტონომიური გახდა. შემოწირულობებმა იმატა, თითქოს კრიზისი და ერთმანეთთან არლაპარაკის პრობლემა ცოტა ხნით ჩაიფარცხა. 

2018/2019-ში ბევრი რამ ხდებოდა — კანაფის მოხმარების ლეგალიზაციას მივაღწიეთ, დაფინანსება იმდენი შემოდიოდა მხარდამჭერებისგან, რომ ოფისს ვინახავდით, ბიბლიური თავისუფლება არნახულ მასშტაბზე გავიდა და ოფისში უამრავმა ახალმა, მათ შორის, უცნაურმა ხალხმაც დაიწყო სიარული. 

გამარჯვება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ბესიკის ქუჩაზე, ახალ ოფისში შევხვდით. 

იქამდე იყო:

  • 2019-ში ჩემი არჩევნები მთაწმინდაზე და თითქმის 5%; 
  • ახალი ხალხის შემომატება როგორც სტაფში, ისე პოლიტიკოსებად; 
  • უამრავი პატარ-პატარა კრიზისუნია; 
  • ვახოს მიერ წარმოუდგენელი სამუშაოს ჩატარება და მთელი ოპოზიციის მიერ რეფორმების 3 პაკეტზე ხელმოწერა: ჯერ სასამართლოს რეფორმაზე შევთანხმდით მთელ ოპოზიციურ სპექტრთან, მერე ძალოვანი სისტემისა და მართლმსაჯულების რეფორმაზე, ხოლო ბოლოს — განათლებასა და ეკონომიკაზე
  • სანდრო რაქვიაშვილის ჯერ ლექციები ოფისში, მერე კი მისი გაპოლიტიკოსება; გირჩის ტელევიზია, რომელიც იაგოს იდეა და ნაჩალიჩარი იყო, თუმცა შემდეგ გოგა ხაჩიძეს და ირაკლი “პოლსკი” მეტრეველს გადავეცით საკუთრებაში, იმ პირობით, რომ მართლა ტელევიზიის სახეს მისცემდნენ; 
  • ამ პერიოდში შეიქმნა გირჩის პირველი ბორდიც — ვახო სულ ამბობდა, ახალი ხალხი უნდა შემოვიყვანოთო, ჰოდა, ვინ შეიძლება მოხვედრილიყო გირჩზე მზრუნველ მმართველ ბორდში, თუ არა ის ხალხი, ვინც ან ყველაზე მეტად გვაფინანსებდა, ან ყველაზე მეტი ჯედები ქონდა, ან ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსები იყვნენ. ამ სამი კრიტერიუმის კომბინაციით 16 ადამიანი შეირჩა — გირჩის ყველაზე დიდი გულშემატკივრები;

2020 წლის არჩევნების წინ სიტუაცია გვარიანად დაიძაბა. ზურამ გადაწყვიტა, რომ ჩვენი აწყობილი სისტემიდან გასულიყო და შემოწირულობები პირად ანგარიშზე მიეღო, ნაცვლად ჩვენი საიტისა, საიდანაც შემომწირველს დონაციის შემდეგ ჩვენი შიდა ვალუტა — შიდა აქციები, ჯედები ერიცხებოდა. ზურა ოფისის ნაცვლად უმეტეს დროს გირჩი ტვ-ში ატარებდა, მერე სულაც ოპოზიციამ დიდუბეში მაჟორიტარად წარადგინა და თავის სტაფიანად იქ გადავიდა. ვახოს ხშირად უწევდა რუსთავში ყოფნა, რადგან იქ იყრიდა კენჭს, იაგო ბათუმში წავიდა. ოფისში მე, სანდრო რაქვიაშვილი და ჯგერე დავრჩით. სანდროს მაშინ პარტიის მართვა ებარა — ბორდმა აირჩია. უთანხმოებები ისევ გრძელდებოდა — ჯაფარას “კამანდა”-ს ვახო ფრიად არ ეხატებოდა გულზე და გირჩის ფეისბუქ ჯგუფში, “გირჩის ბაბლში” ხშირად უპირისპირდებოდნენ, უმეტესად ვახოს და ნელ-ნელა იაგოსაც. ამ ადამიანების აზრით, ზურას მოჰყავდა ამომრჩეველი, იაგო ან/და ვახო კი ამ ხალხს აფრთხობდა თავისი უხეშობით, პირდაპირობით თუ არასაჭირო თემებზე უდროო დროს ლაპარაკით. Მაშინ (და ახლაც) ეს შეხედულება დიდი სისულელე მეგონა. ყველა პოლიტიკოსს ჰქონდა ისეთი რამ ნაკეთები, რის გამოც ამომრჩეველი მოგვმატებია და დაგვკლებია კიდეც. Სისულელეა ვახოს ან იაგოს ხმების დაკარგვა დააბრალო, როდესაც შენს ფავორიტ პოლიტიკოსს უარესი თუ არა, არანაკლები ეპატაჟური ეპიზოდები ქონია.
მე ამ პერიოდში ბაბლის ადმინი ვიყავი და ვცდილობდი, რაც შეიძლება მიუკერძოებელი ვყოფილიყავი, კონფლიქტები დამეცხრო და ერთიანობა შემენარჩუნებინა. ხშირად წევრების მხრიდან წესების აშკარა დარღვევაზეც თვალს ვხუჭავდი, შედეგად ზურას გარდა ყველა პოლიტიკოსისთვის ისეთი გარემო შეიქმნა ბაბლში, რომ აღარავის ეხალისებოდა ჯგუფში კომუნიკაცია. მხოლოდ ზურას შეეძლო თავდასხმის გარეშე დაეპოსტა რამე, ოღონდ ისიც, ასე, 2 თვეში ერთხელ თუ დაწერდა რამეს. 

კიდევ ერთი საინტერესო ეპიზოდი ის იყო, ერთ დღესაც ზურამ რომ გვითხრა, საქართველოდან დიდი ხნის წინ წასულ ვიღაცას შემახვედრეს საერთო ნაცნობებმა და ამ ადამიანს უნდა მარკეტინგში დაგვეხმაროს უანგაროდო. თუ ამ დახმარებას რაიმეს თქმის ან გაკეთების ვალდებულება არ მოყვებოდა, უარი რატომ უნდა გვეთქვა, ვერ მოვიფიქრეთ და დავთანხმდით. რომელიღაც უკრაინულ სარეკლამო სააგენტოს დაგვაკავშირეს.  შედეგს გაგიორმაგებთო, იქადნებოდნენ უკრაინელი სპეციალისტები, რაზეც გვეცინებოდა, მაგრამ სულ არაფერს, მათი ჩართულობა, ალბათ, ჯობდა, ამიტომ აქედან კონტენტის მიწოდება დავიწყეთ, რომლითაც მალევე დაიბომბა იუთუბი თუ სხვა საიტები, სადაც ქართველები შედიოდნენ ხოლმე. ახლაც არ ვიცი, რეალურად ვინ იყო ის “კეთილმოსურნე”, რამდენი დაგვახარჯა და სანაცვლოდ რამე მოითხოვა ოდესმე თუ არა.

ასეთ დომხალში მაინც ვახერხებდით საერთო და სწორი პოზიციების ჩამოყალიბებას, რადგან პირადი დაპირისპირების მიუხედავად, იდეოლოგიურად ყველა ერთ ტალღაზე დარჩა. საბოლოო ჯამში, მოვახერხეთ და თითქმის 3% ავიღეთ არჩევნებზე. თბილისში საერთოდ 6.6%-ს ავარტყით, რაც მესამე შედეგი იყო ქოცების და ნაცების შემდეგ. ყველას ძალიან გვიხაროდა. ვთვლიდით, რომ გავიმარჯვეთ ჩვენი შესაძლებლობის მასშტაბში და ასეც იყო. პარლამენტში 4 კაცი გავიყვანეთ — ზურა, იაგო, ვახო და სანდრო. (სრულად პროპორციული რომ ყოფილიყო არჩევნები, მეც, სიით მეხუთეს მიწევდა გასვლა, მაგრამ ოცნებამ 30 მაჟორიტარი არ დათმო, დაჩი ბერაია და დიმიტრი ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილს წინ აღუდგნენ და მოუგეს თურმე. ბიძინას დაპირება შეაცვლევინეს. თუ როგორც იყო, რა.)

წაგება

ოპოზიციამ არჩევნებს ბიოკოტი გამოუცხადა, ჩვენც შევუერთდით — რატომ და როგორ, აქ აღარ დავწერ, ბევრი გვაქვს მაგაზე ნაწერ-ნათქვამი. ზურა, იაგო, სანდრო და ვახო — მანდატიანი დეპუტატები, თითქმის ყოველდღე დადიოდნენ ლელოს ოფისში და, მიუხედავად კიდევ უფრო მომატებული გაუცხოებისა, საერთო პოზიციას იცავდნენ. 

ეს დომხალია ქვეყანაში, რომ უცებ ვიღაც ზუგდიდელი ტიპი დააკავეს, სახლში ვიდეოკასეტებზე საბავშვო პორნოგრაფია ქონია. ამაზე იაგომ დაწერა, რომ მხოლოდ ვიდეოს ყურებისთვის ადამიანის დაჭერა არ მოსულაო… დააა წამოვიდა ვითომ მორალურ პედესტალზე მდგომი მოსახლეობის მხრიდან იაგოს ლანძღვა. გინდა გარეთ, გინდა ჩვენს შიდა ჯგუფში. შეძლებისდაგვარად ვიგერიებდით ამ თავდასხმას და ვცდილობდით აგვეხსნა, რომ ციხის გამოყენება მხოლოდ მაშინ მიგვაჩნია სწორ გადაწყვეტილებად, თუ ერთი ადამიანი მეორეზე ფიზიკურად ძალადობს და რომ თითოეულ ჩვენგანს ინტერნეტში, ალბათ, უნახავს ისეთი რამ, რის გამოც დასაჭერი იქნებოდა, თუ იმავე ლოგიკას გავავრცელებდით მათზე, რა ლოგიკითაც იმ ზუგდიდელს იჭერდნენ. 

ზურა, ამ ამბავთან დაკავშირებით, 3 თუ 4 დღე დუმდა. შემდეგ, საკუთარ გადაცემაში თქვა, არ მგონია ის ზუგდიდელი დასაჭერიო, მაგრამ იაგოს ნათქვამს ფორმა თუ დრო დაუწუნა. 

ჯაფარას “კამანდას” უკვე ნალანძღი ჰყავდა იაგო და ინერციით მაინც გააგრძელეს, რაზეც იაგოს, ჩემი აზრით, სამართლიანად გადაეკეტა და ჩვენს ფეისბუქ ჯგუფში წესრიგის დამყარება მკაცრად მოგვთხოვა ადმინებს. 

ამის პარალელურად, სანდრო რაქვიაშვილს პარტიის მენეჯერის პოზიციაზე დრო ამოეწურა და არჩევნების შემდეგ ახალი თავკაცი რომ გვჭირდებოდა, სანამ ახალი ბორდი ახალ მენეჯერს იპოვიდა, იაგომ შემოგვთავაზა საკუთარი კანდიდატურა, ოღონდ ამ პოზიციას მარტო მაშინ დაიჭერდა, თუ მის შემოთავაზებას ზურა დასთანხმდებოდა. ზურაც დასთანხმდა. 

2020 წლის 2 დეკემბერს, საღამოს, ზურა ჯაფარიძემ ჩვენს ჩატში მოიწერა, დათაგა ვახო, სანდრო და იაგო და ულტიმატუმი წამოაყენა:
1. კონტროვერსიულ თემებს საერთოდ არ ეხებითო (ეს ალბათ იაგოს განცხადებას ეხებოდა, თორემ თვითონ არანაკლებები ქონდა ნათქვამ-ნაკეთები);
2. პედესტალიდან ჩამოდიხართ და ადამიანებს წესიერად ელაპარაკებით და ექცევითო (აქ ალბათ ოფისის სტაფზე და ბაბლის წევრებზე იყო აქცენტი);
3. მოსაწევს თავს ანებებთო lol
4. პარტიის მართვას ჩამოსცილდებით და იპოლიტიკოსებთ, ხმებს მოიტანთო (თითქოს ცოტა ხნის წინ ზურას ხელდასხმით არ დაგვენიშნა იაგო პარტიის დროებით მენეჯერად ან ვახოს მოგონილი არ ყოფილიყო პარტიის მართვაში 10+ ახალი ადამიანის შემოყვანის და ბორდის დაკომპლექტების იდეა).
იქვე დააყოლა — არაფრის გარჩევას და არცერთი პირობის გადახედვას არ ვაპირებო. 

ასეთ მოჭრილ ულტიმატუმზე ყველამ უარი უთხრა და ამ თემებზე საჯაროდ ლაპარაკი შევთავაზეთ.

4 დეკემბერს, დილით კიდევ ერთხელ მოიწერა: “ლომის წილი ვინც ჩადო გირჩის შექმნაში, იმ ხალხს ველაპარაკე და მარტო სახელი — გირჩი — და ფბ ფეიჯი გვინდაო.” (ისე, მაინტერესებს, მე რისი წილი მაქვს ჩადებული. ალბათ, ლომის წილი თუ იმათ ქონდათ, მე მექნება, ასე, სურიკატის, არა?)

ამავე დღეს, გირჩის ჯგუფში ეს პოსტი დადო: 

ასე, ულაპარაკოდ და აუხსნელად, ჯაფარამ გირჩი დაშალა. ჯერაც არ მჯერა, რომ ის ულტიმატუმი, რომელიც მაშინ წამოგვიყენა, გირჩის დაშლის რეალური მიზეზი იყო. სხვა ვერსია კი აქამდე არ მაქვს.

სანამ ბოლომდე გადაგვეწურებოდა იმედი, მე და ჯგერემ გირჩის ძველი ფორმით შენარჩუნება ვცადეთ (ამაზე შეგიძლიათ ამ პოსტში წაიკითხოთ. გრძლად მიწერია, დეტალური ახსნით). გვინდოდა, გირჩში ფრაქციები ყოფილიყვნენ, რომელსაც ერთმანეთთან ყოველდღიური შეხება არ ექნებოდათ და ყველას სათაო ოფისი მოემსახურებოდა, რადგან მიუხედავად პიროვნული დაპირისპირებისა, საბოლოო ჯამში, ყველა მხარეს ერთი და იგივე იდეები ამოძრავებდა. არ გამოგვივიდა, ჯაფარამ — არაო. 

ჰამელნელი მესტვირე ანუ წმინდა ჯაფარას თეორია

ჰოდა, ამ ყველაფრის მიუხედავად და იქიდან გამომდინარე, რომ ჯერაც არ ვიცი ჯაფარას წასვლის რეალური მოტივი (არ მჯერა, რომ რაც თქვა, ის საკმარისი მიზეზია პარტიის გახლეჩვისთვის), ჯაფარა წმინდანი მგონია.

აბა, წარმოიდგინეთ, რომ 2020 არჩევნები ახლად დამთავრებულია, გირჩმა ძალიან კარგი შედეგი დადო, სულ სხვა თვალით გვიყურებს ყველა, რეალური ძალა ვხდებით და ამის პარალელურად გვაქვს სიტუაცია, როცა:

1. მოგყვება ძველი “ვალი” — არ გამოვრიცხავ, რომ გირჩის შექმნისას რაიმე გარიგება დადებულიყო ან ნაციონალურ მოძრაობასთან, ან ქართულ ოცნებასთან. ორივე ვარიანტს შეგვიძლია ლოგიკა მოვუძებნოთ.
ნაცებთან შეიძლება deal-ი ყოფილიყო, რომ “მოდი, ვითომ გამოგვეყავით, ცალკე ელექტორატი მოიძიეთ, მოძლიერდით და როდესაც კოალიცია დაგვჭირდება, უსიტყვოდ შემოგვიერთდით”. ქოცებთან შეიძლება ყოფილიყო “ნაცები დაშალეთ, აგერ რესურსები, ხელს არ შეგიშლით, შუა ხმები წაიღეთ და ნაცებს ხელი შეუშალეთ, ახალგაზრდებში ახალი ელექტორატი მოიძიონ”.
თუ ასეთი შეთანხმება არსებობდა ვინმესთან, მისი ადრესატი ძველი, დამფუძნებელი ოთხეულიდან მხოლოდ ზურაღა იყო გირჩში დარჩენილი. 

2. პარტია სავსეა ბალასტით და შიდა მტრებით — ამ წლებში გირჩს უამრავი ხალხი შემოუერთდა. უმეტესობა სწორი, გონიერი ახალგაზრდაა. თუმცა, ასეთი ღია სივრცეები ორი ტიპის ადამიანებისთვისაა განსაკუთრებით მიმზიდველი — ენთუზიასტი გიჟებისთვის და ჩანერგილი აგენტებისთვის. ორივე ბლომად გვყავდა გირჩში. არც ფორმალური თუ არაფორმალური სპეცსამსახურების ყურადღების ნაკლებობას ვუჩიოდით, ყველა მხრიდან. ეს უკანასკნელები თუ გამიზნულად გვიშლიდნენ ხოლმე ხელს ან ცდილობდნენ ერთმანეთს წავკიდებოდით, პირველები, ანუ ენთუზიასტი სულელები, ორმაგად ტოქსიკურები და ხელისშემშლელები იყვნენ. ამას დაუმატეთ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც, 1-2 გამონაკლისის გარდა, მე ჩემი ნებით სამსახურში არასოდეს ავიყვანდი და ხელფასს არ გადავუხდიდი იმ საქმეში, რასაც ისინი აკეთებდნენ (ან უფრო აფუჭებდნენ). 

თუ დავუშვებთ, რომ ზემოთ რაც ვივარაუდე, სიმართლეა და ზურა ხარ, ჯაფარიძე, მართლა შეგტკივა გირჩზე გული და ხვდები, რომ როდესაც გირჩს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს, შენს ძველ შეთანხმებას, ძველ ვალს გაგახსენებენ და მოგიწევს რამე საშინელებაში გახვიო ეს ბავშვივით ნაზარდი პარტია, მოკლა იდეა, იმედი გაუცრუო ათობით ათას ადამიანს; თან ხედავ, რომ გირჩი გაივსო უადგილო ხალხით და აგენტებით (literally), რას იზამდი? 

ჩემი აზრით, ასეთ სიტუაციაში მოხვედრილმა ზურამ ყველაზე ალტრუისტული გადაწყვეტილება მიიღო — რაღაც უაზრობა მოიმიზეზა და პარტიიდან წავიდა. თან გაიყოლა ყველა ის შეთანხმება და ვალდებულება, რომელიც შეიძლება მას ჰქონოდა ნაცებთან ან ქოცებთან. ასევე, თან გაიყოლა ყველა ჩანერგილი თუ უსაქმური, ენთუზიასტი სულელი თუ უადგილოდ ჩვენს სისტემაში გაჩხერილი უცნაური ადამიანი — განწმენდის და დარესტარტების საშუალება მოგვცა.

დაგვიტოვა ყველა რესურსი, რაც გირჩს გააჩნდა — ვებგვერდი, ბიბლიური თავისუფლება, ოფისი, ბაზები, ტექნიკა, პარტია! 

ასევე, უარი თქვა თავის საპარლამენტო მანდატზე და მეოთხე დეპუტატის ადგილიც დაგვითმო!

თუმცა, ძველი დიდება თავისას შვრებოდა და ასე უცნაურად წასულ ზურას მაინც გაყვა გირჩელების, გირჩის ძველი მხარდამჭერებისა და ამომრჩევლის უფრო მოზრდილი ნაწილი (⅗, როგორც ბოლო ადგილობრივმა არჩევნებმა აჩვენა). ეს ის ხალხი იყო, რომლებსაც სწორად ესმოდათ გირჩის იდეა, თუმცა გაყოფის შოკმა დააბნიათ და ინსტინქტურად გაჰყვნენ იმ ადამიანს, რომელიც ყველაზე მეტად ჩანდა, რომელსაც მთელი გირჩი ეხმარებოდა ფრონტმენობაში და ყველაზე მეტად ასოცირდებოდა ჩვენს პარტიასთან. 

ამ ხალხის ნელ-ნელა უკან, გირჩისთვის დასაბრუნებლად ზურამ თითქმის ყველაფერი გააკეთა:

  • დიდი პერიოდების განმავლობაში არ ჩნდებოდა საჯაროდ; 
  • დღემდე უარს ამბობს საკუთარი წასვლის საჯაროდ გარჩევაზე და დებატზე ვახო მეგრელიშვილთან;
  • 2021-ის არჩევნებზე ნაცმოს შეეკრა და 5 ნომრის შემოხაზვაზე მიერეკებოდა მხარდამჭერებს; 
  • ამავე არჩევნებზე, შიდა პარტიულ დემოკრატიაშიც უხეშად ჩაერია და პრაიმერისით არჩეული ცოტნე კობერიძე ისე ჩაანაცვლა, თვალი არ დახამხამებია — დიად მიზანს ასე სჭირდებაო. არადა, დიადი მიზნისთვის ადამიანების ინტერესების შეწირვა რომ ცუდია, თავად გაიძახოდა წასვლამდე, მთელი 4 წლის განმავლობაში;
  • არ შეუთავაზებია საკუთარი ამომრჩევლისთვის არცერთი ახალი იდეა თუ ხედვა;
  • ცუდად დააკოპირა გირჩის საიტი და მერიტოკრატიული, შიდა მმართველობის სისტემა;
  • თითქმის აღარ აწარმოებს ფანდრაიზინგს და აღარ ინფლუენსერობს,
  • გახდა “ნაცებზე ნაცი და ევსაქებზე ევსაქი”. 

მოკლედ, მოყვასზე უთავბოლოდ შეყვარებულმა ზურამ გამარჯვებული გირჩის ბოროტთა მარწუხებისგან გამოსახსნელად თავი გაწირა და შეძლებისდაგვარად მინიმალური ზიანით განგვეშორა. სხვა ყველა გზა უარეს ზიანს მოიტანდა.

იმისთვის, რომ ეს კონსპირაციის თეორია საბოლოოდ შეიკრას და ვეღარავინ დამარწმუნოს, რომ ზურა წმინდანი არაა, მხოლოდ ერთი პირობაღა უნდა შესრულდეს — 2024 წლის არჩევნებამდე ზურა პოლიტიკიდანაც უნდა წავიდეს, რათა ის “ზიანი”, ის წაყოლილი ელექტორატი, უკან დააბრუნოს გირჩის წიაღში. 

ყველა სხვა პირობა უკვე შესრულდა. მხოლოდ ესაა დარჩენილი. 

ესეც შესრულდეს და პატარა ხატი ჩემზეა!

ასევე იხილეთ:

სანდროს ისტორია გირჩის დაშლაზე.

იაგოს ისტორია გირჩის დაშლაზე.

ვახოს ისტორია გირჩის დაშლაზე.

კომენტარები