სიახლეები

128 Views
ბლოგი

ინტელექტუალური საკუთრების რელიგია და მისი მიმდევრები. ნაწილი 4

როგორც უკვე ვნახეთ, „ინტელექტუალური საკუთრება“ სინამდვილეში საკუთრება კი არა, არამედ ცალკეული ადამიანების პრივილეგიაა. პრივილეგია შეზღუდონ სხვა ადამიანების კერძო საკუთრების გამოყენება. მაგალითად, მწერალი ზღუდავს ჩემ საკუთრებაში არსებული წიგნის გამოყენების გზებს; კინოსტუდია აკონტროლებს ჩემ საკუთრებაში არსებულ დისკს და ა.შ. მნიშვნელოვანია იმაზე ხაზგასმაც, რომ საკუთრების უფლება პირველ რიგში იმათ ეზღუდებათ, ვისაც „იდეის“ პირველწყაროსთან არც შეხება, არც რაიმე სახის კონტრაქტით აღებული ვალდებულება გააჩნია, რადგან კონტრაქტით გათვალისწინებული კონფლიქტები სასამართლოში წყდება და არ საჭიროებს სპეციფიკური კანონმდებლობის შექმნას.

თუმცა, ის, რომ „ინტელექტუალური საკუთრება“ საკუთრება არაა, კიდევ რამდენიმე გარემოებით დასტურდება.

პირველ რიგში ეს არის მისი დროებითობა. „ინტელექტუალური საკუთრების“ ყველა ფორმას აქვს ვადა, რომლის ფარგლებშიც ის მოქმედებს. საკუთრების ნამდვილი უფლება კი არსად ორთქლდება, როდესაც 25 წელი გადის. თუ ნივთი ჩემია, ის ჩემია, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი წელია გასული საკუთრების უფლების მონიჭებიდან. ხოლო როცა მე რაიმე ნივთს მხოლოდ დროებით ვფლობ, ამას სხვა სახელი ჰქვია — მაგალითად, იჯარა.

ისიც აღსანიშნავია, რომ ნამდვილი საკუთრების უფლება უნივერსალური ხასიათისაა და ვრცელდება ყველა იმ ფიზიკურ ობიექტზე, რომლის სპეციფიცირებაც (გაზომვა, საზღვრების დადგენა და ა.შ.) შესაძლებელია. ამის საპირისპიროდ, „ინტელექტუალური საკუთრება“ არ არის უნივერსალური და არსებობს უამრავი გამონაკლისი, რაზეც მისი მოქმედება არ ვრცელდება. ყველაზე ცნობილი მაგალითია — ფუნდამენტური მეცნიერული კვლევები, რომელზეც პატენტის გაფორმება აკრძალულია. არსებობს გამონაკლისები მუსიკის, ტექსტის, პროგრამული კოდის შემთხვევაშიც. ეს ბუნებრივია, რადგან ცივილიზაცია დაინგრევა, თუ „ინტელექტუალური საკუთრების“ წესებს გამონაკლისის გარეშე ყველა იდეაზე გავავრცელებთ და თან საკუთრებისთვის დამახასიათებელ უვადობითაც უზრუნველვყოფთ. ამ შემთხვევაში მოგვიწევს ვიპოვოთ უკლებლივ ყველა გამოგონების, ტექსტის, სიმღერის, მელოდიის, კოდის, ნახატის, ფორმის, ფერის, სუნის ავტორები ან მათი შთამომავლები, მათი „უფლებები“ სპეციალიზებულ რეესტრში ავსახოთ და ჩამოვიყალიბოთ სისტემა, რომელიც „იდეების“ მონეტიზაციას განახორციელებდა. ვინაიდან ამ სამყაროში ნებისმიერი თქვენი ყოველდღიური ნაბიჯი ვიღაცის იდეის გამოყენებას გულისხმობს, მხოლოდ ძალიან ნიჭიერი ფანტასტი თუ შეძლებს ასეთი სამყაროს წარმოდგენას. პრაქტიკაში კი, ამგვარი მცდელობის შედეგად, ადამიანები შიმშილით დაიხოცებიან, რადგან მთელი მათი დრო იმის დადგენაზე დაიხარჯება, თუ ვის იდეებს იყენებენ კონკრეტულ მომენტში და რამდენი აქვთ ამაში გადასახდელი. ზუსტად უნივერსალურობის პრინციპის და „ინტელექტუალური საკუთრების“ შეუთავსებლობამ და მისი მასშტაბირების საფრთხეებმა განაპირობა ამ პრივილეგიის საზღვრების დაწესება და დროში შეზღუდვა.

სხვა სიტყვებით, „ინტელექტუალური საკუთრება“ სახელმწიფო ინსტიტუციების იძულების რესურსით დაცული პრივილეგიაა. ის ცალკეული ინტერესთა ჯგუფების სასარგებლოდ, ყველა დანარჩენ ადამიანს უზღუდავს მათ საკუთრებაში არსებული ნივთების გამოყენებას. შეზღუდვა მათ შორის იმათზე ვრცელდება, ვისაც ამგვარ ქმედებებზე თანხმობა არ გამოუხატავს ან რაიმე ვალდებულება არ აუღია. ეს პრივილეგია არის დროებითი და მას არ გააჩნია უნივერსალური ხასიათი, ვრცელდება რა მხოლოდ „იდეების სამყაროს“ შედარებით მცირე ნაწილზე.

თუმცა „ინტელექტუალური საკუთრების“ გულწრფელი და განათლებული მხარდამჭერები ამას აცნობიერებენ და ამ პრივილეგიის არსებობას იმიტომ უჭერენ მხარს, რომ ეს სხვადასხვა ინდუსტრიების და აქტივობების წახალისებას უზრუნველყოფს. ანუ მათ შემთხვევაში საუბარი არის არა იმაზე, რომ ეს რაღაც ფიქცია ადამიანის უფლებას წარმოადგენს, არამედ იმაზე, რომ ეს არის ერთ-ერთი რეგულაცია, რომლის მიზანია ქვეყნის ჯამური დოვლათი მეცნიერების თუ ხელოვნების წახალისებით გაიზარდოს.

წინა პოსტებში უკვე გავარჩიე, რომ „ინტელექტუალური საკუთრება“ არაა აუცილებელი იმისთვის, რომ მეცნიერება ან კულტურა არსებობდეს და ვითარდებოდეს. თუმცა, ამ შემთხვევაში საუბარია უფრო სწრაფ განვითარებაზე. აღნიშნული არგუმენტის ლოგიკა შემდეგნაირია: „პრივილეგირებული ჯგუფი უფრო მეტ მოგებას მიიღებს, მეტი მოგება კი დამატებითი სტიმულია მეტი ლექსი დაწერო, მეტი იმღერო, მეტი გამოგონება გააკეთო, რაც საბოლოოდ საზოგადოების უფრო სწრაფ გამდიდრებას შეუწყობს ხელს“.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა ნაწილს ამის მართლა სჯერა, რეალობა ზუსტად რომ საწინააღმდეგოა. ბევრ ლექსს მაშინ წერ, როცა ყველა შენი ძველი ლექსი უკვე გავრცელდა და შენი პოეზიის მოყვარულებს ახალი ლექსი უნდა გააცნო, თუ პოეზიის საღამოთი ფულის შოვნა გსურს, მაგრამ თუ „ინტელექტუალური საკუთრების“ პრივილეგია გაქვს მინიჭებული, მაშინ ერთ ლექსს დაწერ და ფულს ყველა ამ ლექსის გაყიდვის, ჩვენების, დაბეჭდვის ან რაიმე სხვა კომერციული გამოყენებისგან მიიღებ. ბევრი სიმფონიისა და კონცერტის ნაცვლად, შეიძლება დაწერო „mmm Danone!” და ყოველდღიურად მიიღო ფული იოგურტის რეკლამისაგან. ბევრი განსხვავებული ფილმის გადაღების ნაცვლად, რომელსაც კინოთეატრებში აჩვენებ, გადაიღებ რამდენიმეს და ფულს არა მხოლოდ კინოთეატრებისგან მიიღებ, არამედ დისკების გაყიდვის თუ ონლაინ კინოთეატრებში ჩვენებისგან. იმის ნაცვლად, რომ მართლა მნიშვნელოვანი გამოგონება გააკეთო, იმაზე იზრუნებ, რომ „სმარტფონის დამრგვალებული კუთხე“ კონკურენტზე უფრო სწრაფად დააპატენტო და ამის მეშვეობით კონკურენტის განვითარება შეაჩერო.

შეიძლება დაუჯერებელი იყოს, მაგრამ სამყაროში ვერ იპოვით იმის მეცნიერულ მტკიცებულებას, რომ პატენტებით ეკონომიკური განვითარება უფრო სწრაფი იქნებოდა, ვიდრე პატენტების გარეშე; რომ პატენტები ხელს უწყობს ინოვაციებს და რომ პატენტებით გამოწვეული საკუთრების უფლების შეზღუდვის ნეგატიური მხარეები ნაკლებია, ვიდრე საერთო სარგებელი. მეტიც, თეორიულადაც შეუძლებელია, რომ ასეთი კვლევა არსებობდეს (თუმცა ეს უკვე სხვა სტატიების ციკლის თემაა).

ეს ყველაფერი მარტივად გადამოწმებადია და თუ დროს დახარჯავთ, თავად მიხვდებით, რომ „პატენტების მომგებიანობის“ იდეა დაუსაბუთებელი მითია, რომლისაც ადამიანებს უბრალოდ სჯერათ.

ილუსტრაციისთვის, ფარმაცევტულ ინდუსტრიას გადავხედოთ, რადგან ფარმაცევტიკა ხშირად არის ზუსტად იმ ინდუსტრიად მიჩნეული, სადაც პატენტების არსებობა კრიტიკულად აუცილებელია.

პანდემიის დაწყების შემდეგ ასობით მილიონი დოლარი დაიხარჯა Covid-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოგონებაზე, ხოლო მისი გაყიდვებით ფარმაცევტულმა კომპანიებმა ათობით მილიარდი დოლარის მოგება მიიღეს. როგორი იქნებოდა შედეგი, თუ სამყაროში პატენტები არ იარსებებდა? ცხადია, თუ ვაქცინის გამოგონების შემდეგ მისი კოპირება, ყოველ შემთხვევაში წამყვანი კომპანიების მხრიდან, მარტივია, არავის გაუჩნდება ვაქცინის დამოუკიდებლად გამოგონების სურვილი, იმავდროულად კომპანიებს კოლაბორაციის ძლიერი სტიმული ექნებათ. ეს კი მნიშვნელოვნად დაზოგავს ინვესტიციებს (რადგან მსგავსი კვლევების გამეორება აღარ გახდება საჭირო), ხოლო დიდი რესურსების ერთ მიმართულებაზე კონცენტრაცია ვაქცინის გამოგონებას დააჩქარებს. კოლაბორაცია ასევე გამორიცხავდა ცალკეული მწარმოებლის ასტრონომიული და სრულიად არასამართლიანი მოგების მიღებას. არასამართლიანი მოგება კი ზუსტად იმ პრივილეგირებული მდგომარეობით არის განპირობებული, რომელსაც ფარმაცევტულ კომპანიებს პატენტების სისტემა ანიჭებს. თვითონ ვაქცინაც უფრო იაფი იქნებოდა, რადგან ბაზარზე კონკურენცია გაჩნდებოდა და არავინ დაიკავებდა მონოპოლიურ მდგომარეობას, როგორიც ჰქონდა, მაგალითად, "Pfizer"-ს და რამდენიმე სხვა კომპანიას. ამრიგად, თუ პატენტები გვაქვს, ცოტა გვიან და მხოლოდ რამდენიმე კომპანიის მიერ წარმოებული ძვირი ვაქცინა გვექნება, პატენტების გარეშე კი ვაქცინა ადრე გაჩნდებოდა, წარმოება უფრო მასშტაბური, ხოლო ფასი უფრო დაბალი იქნებოდა.

სხვა სიტყვებით, „ინტელექტუალური საკუთრება“ ეკონომიკური ზრდისთვის საჭირო რეგულაცია კი არა, არამედ სიზარმაცის პრივილეგიაა, რომელიც, ერთი მხრივ, ადამიანებს ნაკლები შრომისკენ, ნაკლები კრეატიულობისკენ უბიძგებს, ხოლო მეორე მხრივ, დაუმსახურებელი მოგების წყაროდ იქცევა მცირე პრივილეგირებული ჯგუფებისათვის.

ეს არის რაც ვიცით და რასაც ვხედავთ ისტორიის თუ ჩვენი ყოველდღიურობის დაკვირვებიდან, თუმცა ადამიანებს საწინააღმდეგოსი სჯერათ. ეს მათი რელიგიური რწმენა „ინტელექტუალური საკუთრების“ მთავარი დამახასიათებელია, თუმცა ამ კულტის დამკვიდრებას კიდევ ერთი ემოციური არგუმენტი უწყობს ხელს.

საბაზრო ეკონომიკა და, ზოგადად, ცივილიზაცია ისეა აწყობილი, რომ ჯილდოვდება მხოლოდ ის, ვინც მიზანს მიაღწია და არა ის, ვინც ყველაზე მეტი დრო დახარჯა. არავის ახსოვს ის, ვინც ევერესტზე ასვლას ცდილობდა. ჩვენ მხოლოდ მათ ვიმახსოვრებთ, ვინც ევერესტზე ავიდა. სწავლისას არა ის ფასობს, თუ რამდენი საათი ვსწავლობდით, არამედ ვისწავლეთ თუ არა საგანი. წარმატების საზომი მხოლოდ შედეგია, მაგრამ წარუმატებელი ადამიანი, რომელიც თვითკრიტიკას გაურბის, საწინააღმდეგო მორალს მიანიჭებს უპირატესობას და სულ ერთი იდეის გამეორებაში გაატარებს დროს: „მე ამდენი ვიშრომე და მოგების მიღების შანს არ ვიმსახურებ?“

ცხოვრებისადმი ამგვარი დამოკიდებულება განსაკუთრებით მეცნიერებსა და ხელოვანებს შორის ფიქსირდება, ყოველ შემთხვევაში იმდენად, რამდენადაც მათი ცოდნა თუ გარკვეული უნარები მათ სიამაყის და გამორჩეულობის შეგრძნებას უჩენს. როცა ასეთი ადამიანი აღმოაჩენს, რომ მას არ ძალუძს შექმნას პროდუქტი, რომელსაც სხვები დააფასებენ და ფულს ნებაყოფლობით გადაიხდიან, ეს მათში თვითკრიტიკას კი არა, სამყაროს მიმართ ბრაზს იწვევს. მაგალითად, კომპოზიტორი, რომელიც ვერ დაწერს ბევრ და კარგ მელოდიას და რიგითი კომპანიების სარეკლამო კამპანიის გახმოვანებით დაკავდება, იმას კი არ იტყვის, რომ გენიალური მუსიკის წერა არ შეუძლია, არამედ „ინტელექტუალური საკუთრების“ დაცვას მოითხოვს, რათა მთელი ცხოვრება სარეკლამო რგოლებიდან ფული მიიღოს და კაპიტალიზმის დაგმობაში გაატაროს დრო, ანუ ის სისტემა აკრიტიკოს, რომელმაც სიმფონიებით უკმაყოფილო მომხმარებლის სახით ნათლად დაანახა კომპოზიტორს მისი უნიჭობა. თუმცა, კომპოზიტორმა ამის აღიარება ვერ შეძლო და ცხოვრებაზე გაბრაზებულმა სხვების, „ამ არასამართლიანი, გემოვნების არმქონე ადამიანების“ თავისუფლების და საკუთრების უფლების შეზღუდვა მოიწონა, რადგან „მათ ნამდვილი მუსიკის არ ესმით და სათანადოდ არ აფასებენ მას“. მსგავსად იქცევა საშუალო უნარების მეცნიერიც, რომელსაც პატენტების მეშვეობით რიგითი და მეორეხარისხოვანი გამოგონებების ხარჯზე სურს ცხოვრება გაატაროს და არასამართლიანი სამყარო აკრიტიკოს, რომელიც არასამართლიანია, რადგან მეცნიერს არ გააჩნია კარგი ლაბორატორიები და დაფინანსება, რომლითაც ის ნამდვილად რევოლუციურ გამოგონებას გააკეთებდა. თუმცა მისი საქმიანობის პერსპექტიულობა ამ სამყაროში ვერავინ დაინახა. მაშ, რას უნდა დააბრალოს ეს — საკუთარ უნიჭობას თუ სამყაროს უსამართლობას?

საბოლოო ჯამში, „ინტელექტუალური საკუთრების“ სახელით დაწესებული სიზარმაცის პრივილეგია ყველაზე უნიჭო, წარუმატებელი მეცნიერების და ხელოვნების თავშესაფარი გახდა, რომელთა ბედნიერი ცხოვრება ეკონომიკურ განვითარებას ანელებს, კონკურენციას ამცირებს, ხოლო ადამიანების მოტივაციას ამახინჯებს, მიუხედავად იმისა, რომ „ინტელექტუალური საკუთრების“ რელიგიის მიმდევრებს ამის საპირისპიროსი სჯერათ. ცხადია, ნიჭიერებიც სარგებელს იღებენ, მაგრამ ისინი წარმატებულები ამ პრივილეგიის გარეშეც იქნებოდნენ.

პრივილეგიები დიდი ფულის წყაროც არის იმ ბიზნესმენებისათვის, ვისაც ამგვარი პრივილეგიების ფულში კონვერტაციის უნარები გააჩნიათ. ზუსტად ასეთი, სუსტი მორალის მქონე ბიზნესმენების მრავალმილიარდიანი ბიზნესები არიან ამ კულტის სიცოცხლისუნარიანობის მთავარი წყარო. ისინი ბევრ რესურს და ენერგიას დახარჯავენ, რომ ადამიანებს „ინტელექტუალური საკუთრების“ ჭეშმარიტ ბუნებაზე დაფიქრების სურვილიც არ გაუჩნდეთ და მისი სიკეთეების უპირობოდ სჯეროდეთ, რათა სიზარმაცის პრივილეგიით აღჭურვილებმა გააგრძელონ იმ მოგების მიღება, რომელსაც ვერასდროს მიიღებდნენ ღია და კონკურენტულ ბაზარზე.

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

მესამე ნაწილი

იხ. პოსტი ფეისბუქზე.

ავტორი: ალექსანდრე რაქვიაშვილი

კომენტარები