სიახლეები

143 Views
ბლოგი

ინტელექტუალური საკუთრების რელიგია და მისი მიმდევრები. ნაწილი 3

1. მეცნიერული გამომცემლობა

2011 წელს, ალექსანდრა ელბაკიანმა - კომუნისტ-პუტინისტმა და „ინფორმაციული უსაფრთხოების“ სპეციალისტმა ყაზახეთიდან - დააარსა პროექტი Sci-Hub. ეს არის უფასო ბაზა, სადაც თავმოყრილია თითქმის ყველა მეცნიერული სტატია, რომელიც დაბეჭდილა მსოფლიოს წამყვან აკადემიურ ჟურნალებში.

მეცნიერული სტატიების გამოქვეყნების ბიზნესი ძალიან თავისებურია. როცა მთავრობებმა „მეცნიერების გაძლიერებაზე“ დაიწყეს ზრუნვა, ბევრმა მათგანმა ნაციონალური უნივერსიტეტების საერთაშორისო რეიტინგებში დაწინაურება დაისახეს მიზნად. ამ რეიტინგებში კი განსაკუთრებული წონა მეცნიერულ სტატიებს აქვს. ამიტომ, სხვადასხვა ფორმით, უნივერსიტეტების პროფესორებსა და მკვლევარებს მოტივაცია გაუჩინეს, დაწერონ რაც შეიძლება მეტი სტატია. გაჩნდა უზარმაზარი ბაზარი, სადაც ერთ მხარეს არიან აკადემიური კარიერის წარმატებაზე ორიენტირებული მეცნიერები, რომლებიც კონვეიერის რეჟიმში წერენ სტატიებს (მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა რაიმე ღირებული იდეა), მეორე მხარეს კი აკადემიური ჟურნალები, რომლებიც ამ სტატიებს იღებენ, არჩევენ და გამოსცემენ. სტატიის გამოქვეყნება მეცნიერებისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, ხოლო ჟურნალში მოსახვედრად იმხელა კონკურენციაა, რომ ცალკეულ შემთხვევაში მეცნიერი იქით უხდის ჟურნალებს ფულს, რომ სტატია დაუბეჭდონ, ხოლო ყველა დანარჩენ შემთხვევაში, განსაკუთრებით თუ ეს მაღალი რეპუტაციის მქონე ჟურნალებზეა საუბარი, მეცნიერები ნაშრომს უფასოდ გადასცემენ და არც ჰონორარზე ფიქრობენ, რადგან უკვე იმით არიან ბედნიერები, რომ სტატია რეცენზირებას გაივლის და დაიბეჭდება.

გამოქვეყნების შემდეგ ეტაპზე სტატიები ხვდება მეცნიერულ ბაზებში, როგორიც არის, მაგალითად, JStor (თუ ჟურნალი ამგვარ ბაზებში ვერ ხვდება, ის ჟურნალადაც კი არ ითვლება), რომელზეც წვდომა ფასიანია (ერთი სტატიის ფასი რამდენიმე ათეულ დოლარამდე ადის). თუ ერთი საშუალო კვლევისთვის მეცნიერს სხვა ავტორების 200-300 სტატიის დამუშავება უწევს, ამ ფასიანი ბაზებით სარგებლობა მას გააკოტრებს. ამის პრობლემის გადასაჭრელად, უნივერსიტეტები ამ ბაზებს მთლიანად იწერენ, რაც ბევრად უფრო იაფი ჯდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ერთი საშუალო მრავალპროფილური უნივერსიტეტის ამ ბაზებზე ხარჯი წელიწადში მილიონებს შეიძლება აღწევდეს. ამავდროულად, ღარიბ ქვეყნებში უნივერსიტეტებს ასეთი ბაზების გამოწერის რესურსი ნაკლებად აქვთ და იქაურ მეცნიერებს უწევს ეს სტატიები „პირატულად“ მოიძიონ.

ზუსტად ამ პრობლემის მოგვარების მიზნით შეიქმნა Sci-Hub და მალევე იმდენად პოპულარული გახდა, რომ მის წინააღმდეგ წამყვანი გამომცემლობებმა დაიწყეს ბრძოლა აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერით. თუმცა, ცხადია, ინტერნეტში საიტის დაბლოკვის იმედი მხოლოდ საქართველოს მთავრობას თუ აქვს, ამიტომ მიუხედავად არაერთი წაგებული სასამართლო პროცესის, ბულინგის, მუქარისა და მილიონი მის წინააღმდეგ დახარჯული დოლარისა, კომუნისტ-პუტინისტი ელბაკიანი აგრძელებს თავის საქმეს და მთელი მსოფლიოს მეცნიერებს აძლევს წვდომას სტატიებზე. რომ არა ეს სერვისი, ბევრი სტატია არ დაიწერებოდა და კვლევა არ ჩატარდებოდა, განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებში. მეტიც, ეს პორტალი იმდენად კომფორტულია სტატიების ჩამოსატვირთად, რომ მე მას მაშინაც კი მივმართავდი, როცა ჩემ უნივერსიტეტს სათანადო ბაზები ნაყიდი ჰქონდა და „პირატობა“, რაღაც გაგებით, არც მჭირდებოდა. თუმცა, მალევე აღმოჩნდა, რომ უნიკალური არ ვარ და ამ პორტალს იყენებს ათასობით მეცნიერი ევროპისა და აშშ-ს უნივერსიტეტებიდან.

საინტერესოა, რომ ელბაკიანი ამას, მათ შორის, იდეოლოგიური მოტივებით აკეთებს. ის მიიჩნევს, რომ ინტელექტუალური საკუთრება - კაპიტალისტური სისტემის ელემენტია, ხოლო ინფორმაციის თავისუფალი გავრცელება - კაპიტალიზმს დაანგრევს. გარკვეული ირონიაა იმაში, რომ თავისი არსით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერტარიანული პროექტი, რომელმაც მთელი სამყარო მეცნიერული აქტივობა შეცვალა, კომუნისტის მიერ არის დაწყებული კაპიტალიზმთან ბრძოლის მოტივით.

თუმცა, ჩვენთვის უფრო ის არის საინტერესო, თუ რა დაემართა გამომცემლობებს ამ პორტალის ამოქმედების შემდეგ. ცხადია, ისინი არასად გამქრალან, მითუმეტეს, რომ მთავრობები და უნივერსიტეტის რექტორები დღემდე მხოლოდ „სტატიების წერის“ სტიმულირებით არიან დაკავებული, მაგრამ ნელ-ნელა ამ მეცნიერული ბაზების ფუნქცია იცვლება. ახლა, მეცნიერი მათ არა სტატიის ჩამოსატვირთად, არამედ გადარჩევისთვის იყენებს. მაგალითად, Scopus-ში ან WoS-ის ბაზებში არ არის მთლიანი სტატიები, მხოლოდ მათი აღწერა, მაგრამ იქ ბევრად უფრო მარტივია სტატიის პოვნა, ვიდრე Google-ში ან რაიმე სხვა ბაზაში. როცა სტატიას იპოვი, მერე შეგიძლია ის უფასოდ ჩამოტვირთო, თუნდაც Sci-Hub-დან. ბაზა JStor განსხვავებულად მუშაობს - იქ სტატიები იფილტრება და შედარებით მაღალი რეპუტაციის მქონე ჟურნალებიდან ხდება სტატიების არჩევა: იმის გამო, რომ ყოველწლიურად მილიონობით სტატია იწერება და ხშირად რთულია მიხვდე, თუ რომელი ჟურნალია უფრო სანდო, შეიძლება შეხვიდე ამ ბაზაში და სტატიები ეძებო იმ გარანტიით, რომ მთლად ცუდი ჟურნალი იქ არ დაგხვდება. სხვა სიტყვებით, ბაზების სპეციალიზაცია იცვლება: რადგან სტატიის ჩამოტვირთვა უკვე პრობლემა არ არის, ბაზები ძებნის ეფექტიან სერვისს გვთავაზობენ და ამით აკეთებენ ფულს. სავსებით მოსალოდნელია, რომ „ინტელექტუალური საკუთრების“ de facto გაქრობის შედეგად გამომცემლობების მოგება დროთა განმავლობაში შემცირდება, მაგრამ სტატიების ძებნაში დახმარების მათი ფუნქცია სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი გახდება, რაც საბოლოოდ შეცვლის ამ ბიზნესის სახეს. ხოლო ინფორმაციაზე თავისუფალმა წვდომამ იმდენად დიდი გავლენა იქონია მეცნიერებაზე მსოფლიოს მასშტაბით, რომ პუტინის რეჟიმის დანგრევის და, ზოგადად, კომუნისტური წარსულის საბოლოო დამარცხების შემდეგ, ალბათ, ალექსანდრა ელბაკიანი ერთადერთი ადამიანი იქნება, ვისაც დადებითად გაიხსენებენ.

2. ფორმულა 1.

ფორმულა 1 - ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული სპორტია მსოფლიოში. იქ ყოველწლიურად ასობით მილიონი დოლარი იხარჯება ტექნოლოგიებზე, რომელიც რამდენიმე თაობით ასწრებს ყველაფერ იმას, რაც ჩვეულებრივ მანქანებში გამოიყენება.

ეს იმდენად რთული და კონკურენტული სპორტია, რომ ისეთი გიგანტები, როგორიც არიან, მაგალითად, Toyota, BMW, Ford ბევრჯერ მოეცარათ ხელი ამ სპორტში და ცუდი შედეგების გამო ჩემპიონატში მონაწილეობა შეწყვიტეს. ხოლო ჩვენთვის ეს სპორტი იმიტომ კი არაა საინტერესო, რომ მე ჯერ კიდევ 1993 წლიდან თითქმის არცერთი რბოლა არ მაქვს გამოტოვებული, არამედ იმიტომ, რომ ამ სპორტში ფაქტობრივად არ გამოიყენება პატენტები, ხოლო გუნდებსა და მათი ინჟინრების ქცევაზე დაკვირვებით მარტივად შეიძლება წარმოვიდგინოთ, თუ როგორ იქნებოდა მოწყობილი ინჟინერია და პრაქტიკული მეცნიერება პატენტების გარეშე (ფუნდამენტური მეცნიერული კვლევების შედეგებზე პატენტები ისედაც არ გაიცემა).

ფორმულა 1-ში პატენტებზე უარის თქმა გუნდების შეთანხმებით მოხდა, რადგან თუ რომელიმე გუნდი ახალი გამოგონების შედეგად მნიშვნელოვან უპირატესობას მოიპოვებს, ხოლო პატენტის გამო სხვა გუნდები მის გადაწყვეტილებას ვერ დააკოპირებენ, ჩემპიონატის შედეგი პროგნოზირებადი გახდება, რაც სპორტს მოკლავს. თუმცა ამ გარემოებამ არ შეუშალა გუნდებს, რომ მილიონები ხარჯონ გამოგონებაში. რატომ იქცევიან ისინი ამგვარად, თუ ყველაფრის კოპირება შესაძლებელია?

ამის ილუსტრაციისთვის, ერთ ისტორიას მოგიყვებით.

წესების თანახმად, ფორმულა 1-ში აკრძალულია მოძრავი აეროდინამიკური ელემენტები, თუმცა 2011 წლის ჩემპიონატის დაწყებისთანავე, მაყურებლებმა, ექსპერტებმა და გუნდების წევრებმა დაინახეს, რომ Reb Bull-ის ბოლიდების წინა ანტიფრთა მოსახვევებში იღუნება (რაც მნიშვნელოვან უპირატესობის წყარო შეიძლება ყოფილიყო). რბოლის შემდეგ ყველა მანქანა მოწმდება, მათ შორის აეროდინამიკური ელემენტების ელასტიკურობაზე. იმ დღეს, მიუხედავად მოლოდინებისა, Reb Bull-ის ორივე მანქანამ ეს ტესტი წარმატებით გაიარა, გუნდის წარმომადგენლებმა კი აღნიშნეს, რომ ანტიფრთის გაღუნვა მხოლოდ ვიზუალური ეფექტია და არაფერი არაკანონიერი მათ არ გაუკეთებიათ. თუმცა მეორე რბოლაზე სიტუაცია განმეორდა: ასობით მილიონი ადამიანი ხედავდა, რომ ანტიფრთა იღუნება, მაგრამ შემოწმებაზე ყველა ელემენტი სავალდებულო ტესტირებას წარმატებით გადიოდა. ასე გრძელდებოდა რამდენიმე თვე და დაახლოებით მაშინ, როცა ელბაკიანი იწყებდა თავის პროექტს, Ferrari-ს ინჟინრები მიხვდნენ, თუ რაში იყო საქმე. აღმოჩნდა, რომ Reb Bull-მა მილიონობით დოლარი და ბევრი თვე დახარჯა, რათა კომპოზიტური მასალებისგან ანტიფრთის იმგვარი სტრუქტურა გაეკეთებინა, რომელიც რბოლის დროს ჰაერის წინაღობის შედეგად იღუნება, მაგრამ ამავდროულად გაღუნვის გარეშე უძლევს იმ დატვირთვას, რომელიც შემოწმებისას გამოიყენება. რაც მთავარია, მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილების ზოგადი პრინციპი ცნობილი გახდა, აღმოჩნდა ასევე, რომ თითოეულ გუნდს დაახლოებით იგივე მილიონების და იგივე დროს დახარჯვა მოუწევს, რათა გამოგონება დააკოპიროს.

შემდეგი წლისთვის შემოწმების წესები იმგვარად შეიცვალა, რომ „ელასტიკური ანტიფრთა“ უკვე ვერ იქნებოდა გამოყენებული, მაგრამ Reb Bull-მა იმ წელს, მათ შორის ამ გამოგონების ხარჯზე, ჩემპიონატი მოიგო.

რას გვაჩვენებს ეს ისტორია? როცა პატენტები არ არსებობს, გამოგონებებში ინვესტიციები არ გაჩერდება, მაგრამ ისინი მიმართული იქნება ისეთ გამოგონებაზე, რომლის კოპირება რთულია და დროშია გაწელილი. ხოლო, იმ გამოგონებებისათვის, რომლის კოპირება მარტივია, მეცნიერები კოლაბორაციებს ქმნიან - ერთობლივად აკეთებენ ასეთ პროექტში ინვესტიციას, რითაც ხარჯებსაც ამცირებენ და კოპირების რისკსაც აქრობენ. ფორმულა 1-ში იგივე გვარდება გუნდების საერთო შეთანხმებით, როცა ბოლიდების ნაკლებად მნიშვნელოვან ელემენტებში კონკურენცია არ მიდის და ყველა სტანდარტიზებულ დეტალებს იყენებს. დიდ ინდუსტრიებშიც ხშირია ასეთი კოლაბორაციები. მაგალითად, BMW და Toyota ერთად დებენ ინვესტიციას წყალბადის საწვავის ელემენტების შექმნაში, Toyota და Mazda ელექტრო მანქანების წარმოებაში თანამშრომლობენ და ა.შ. პატენტების არარსებობის პირობებში ასეთი კოლაბორაციები კი ბევრად უფრო მასშტაბური გახდებოდა, რაც არა მხოლოდ არ შეამცირებდა ტექნოლოგიურ პროგრესს, არამედ მას ბევრად უფრო ეფექტიანს გახდიდა, რადგან კომპანიებს მსგავს გამოგონებებზე არ მოუწევდათ დამოუკიდებლად ინვესტიციების განხორციელება.

ამრიგად, პატენტების გარეშე, მეცნიერება კი არ მოკვდება, არამედ შეიცვლება. ფუნდამენტურ მეცნიერებაში პატენტები ისედაც არ არის ნებადართული, ხოლო კომერციულ ნაწილში აქცენტი იქნება გაკეთებული ისეთ გამოგონებებზე, რომლის კონკურენტებისგან კოპირებისათვის ბევრი დრო და ენერგია იქნება საჭირო, რაც დარგის პიონერებს მოგების მისაღებად აუცილებელ დროის უპირატესობას გაუჩენს. ამავდროულად, გაქრება წვრილმანი და სრულიად უშინაარსო პატენტების ომები, როგორიც იყო მრავალთვიანი დაპირისპირება Apple-სა და Samsung-ს შორის, სადაც ირკვეოდა, თუ რომელ კომპანიას აქვს „დამრგვალებული კუთხის“ გამოყენების უფლება.

3. შეჯამება

პირველ ტექსტში მე უკვე ვახსენე, რომ მუსიკალური ინდუსტრია თუ კინოინდუსტრია მშვენივრად იფუნქციონირებდნენ „ინტელექტუალური საკუთრების“ გარეშე, თუმცა მათი ბიზნეს-მოდელები, ბუნებრივია, შეიცვლებოდა. მომღერლები აქცენტს ისევ ცოცხალ კონცერტებზე გააკეთებდნენ, ხოლო კინოსტუდიები ეცდებიან ფული მხოლოდ კინოთეატრებში ფილმების გაქირავებით იშოვონ. იგივე ტრანსფორმაცია მოხდებოდა პოეტების შემთხვევაში, რომლებიც ფულს არა წიგნების გაყიდვით, არამედ, როგორც ადრე, მაგალითად, პოეტური საღამოებით, ანუ ერთგვარი კონცერტებით იშოვიან. ამრიგად, შიშები, რომ ინტელექტუალური საკუთრების არარსებობა მოკლავს ამა თუ იმ ინდუსტრიას, მცდარია. ის არ მოკლავს, არც მეცნიერებას, არც მუსიკას, არც კინოინდუსტრიას, არც პოეტებს დატოვებს მშიერს. თუმცა, ისიც გასაგებია, თუ რატომაა ამ ალტერნატივების დანახვა ხშირად რთული: „ინტელექტუალური საკუთრებით“ დამახინჯებული ბაზრები იმდენად დიდი ხანია არსებობენ, რომ ჩვენ უბრალოდ არ გაგვაჩნია საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება, რათა ამ „საკუთრების“ გარეშე ფუნქციონირების მაგალითები ვიცოდეთ, ხოლო, სპეციფიკური მაგალითების თუ ისტორიის შესწავლას, ბუნებრივია, ყველას ვერ დაავალდებულებ.

შემდეგ ნაწილში გავარჩევთ რამდენიმე ჩემთვის უცნაურ, მაგრამ ამავდროულად გავრცელებულ არგუმენტს, მათ შორის იმას, რომლის თანახმად „ინტელექტუალური საკუთრება“ იმიტომ უნდა იყოს დაცული, რომ ადამიანმა, რომელმაც ბევრი იმუშავა, მოგება უნდა მიიღოს.

To be continued

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

მეოთხე ნაწილი

იხ. პოსტი ფეისბუქზე.

ავტორი: ალექსანდრე რაქვიაშვილი

კომენტარები