სიახლეები

81 Views
ბლოგი

ინტელექტუალური საკუთრების რელიგია და მისი მიმდევრები. ნაწილი 1

ინტელექტუალური საკუთრება იურიდიული ფიქციაა, რომელსაც უშუალოდ საკუთრების უფლებასთან კავშირი არ გააჩნია და პირიქით, საკუთრების უფლების შესაზღუდად შეიქმნა.

ინტელექტუალური საკუთრების არსში უკეთ რომ გავერკვეთ, მცირე ისტორიული ექსკურსი გავაკეთოთ.

მიუხედავად იმისა, რომ პლაგიატისა თუ პატენტების ცნება საუკუნეებია რაც არსებობს, ხოლო ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კანონი აშშ-ში ჯერ კიდევ 1909 წელს მიიღეს, ინტელექტუალური საკუთრება, მისი დღევანდელი ფორმით, XX საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა. ყველაფერი კი ერთი შეხედვით უმნიშვნელო, სულ სხვა სფეროში მიღებული გადაწყვეტილებით დაიწყო.

ადრე, კინოთეატრში წასვლა ისეთივე სერიოზული ამბავი იყო, როგორც კლასიკური, დრამატული თეატრის სპექტაკლზე სიარული. სოლიდურად ჩაცმული ზრდასრული ადამიანები მორიგი ხელოვნების ნიმუშის სანახავად მიდიოდნენ. კინოინდუსტრიაც თანამედროვე თეატრს უფრო ჰგავდა - თითოეულ კინოსტუდიას თავისი კინოთეატრების ქსელი ჰქონდა სადაც მხოლოდ თავის ფილმებს აჩვენებდა. მაგალითად, Warner brothers-ს ჰქონდა თავისი ქსელი Warner Theatre.

ეკონომიკაში არის ასეთი ცნება: ვერტიკალურად ინტეგრირებული მონოპოლია. ეს არის ისეთი ბიზნესი, რომელიც თავად ფლობს პროდუქტის წარმოების და მიწოდების მთელ ციკლს, დაწყებული რესურსების მოპოვებით, დამთავრებული საცალო გაყიდვებით. ჩვენი მიზნებისთვის არ არის მნიშვნელოვანი, თუ რატომ, მაგრამ ისტორიის რაღაც პერიოდში ანტიმონოპოლიური სააგენტოები ასეთი ტიპის კომპანიებს ებრძოდნენ და ითხოვდნენ მათ დაცალკევებას.

ზუსტად ასეთი ტიპის კომპანიები თამაშობდნენ წამყვან როლს აშშ-ს კინოინდუსტრიაში 1948 წლამდე: ისინი აკონტროლებდნენ მსახიობებს (რომლებიც ისე იყვნენ კინოსტუდიაზე მიბმული, როგორც ახლა კონკრეტულ თეატრში მომუშავე მსახიობები), ფილმების წარმოებასა და ამ ფილმების მაყურებლისთვის მიწოდების პროცესს. ამ გარემოების გათვალისწინებით, აშშ-ის ანტიმონოპოლიურმა სააგენტომ დაავალდებულა კინოსტუდიები, რომ ისინი კინოთეატრების ბიზნესიდან გამოსულიყვნენ. საბოლოოდ სიტყვა ამ საქმეში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ თქვა, რომელმაც 1948 წელს ანტიმონოპოლიური სააგენტოს მხარე დაიჭირა. ასე დაიწყო თანამედროვე კინოინდუსტრიის ისტორია.

კინოსტუდიების და კინოთეატრების განცალკევებამ მალევე შეცვალა მათი ბიზნეს მოდელი. მაგალითად, ჯერ კიდევ ამ საბედისწერო გადაწყვეტილებამდე, კინოთეატრები მიხვდნენ, რომ პოპ-კორნის და კოკა-კოლას გაყიდვა ბევრად უფრო მომგებიანია, ვიდრე ბილეთების გაყიდვა, ამიტომ თანამედროვე კინოთეატრის ბიზნესი ფილმების ჩვენება კი არა, არამედ პოპ-კორნის გაყიდვაა. თუმცა სანამ კინოთეატრები კინოსტუდიებზე იყო ჩამოკიდებული, მათ რეპერტუარს კინოსტუდიები აყალიბებდნენ. გაყოფის შემდეგ კი უკვე კინოთეატრებს შეეძლოთ ამა თუ იმ ფილმზე მოთხოვნის წაყენება, ხოლო რადგან კინოთეატრი იმ ადგილად გადაიქცა, სადაც პოპ-კორნი კარგად იჭმევა, დამოუკიდებელმა კინოთეატრებმაც ისეთ ფილმებზე შექმნეს მოთხოვნა, რომელიც პოპ-კორნის ჭამას უწყობს ხელს და მომხიბვლელია იმ ადამიანთა ჯგუფისთვის, რომელიც უფრო მეტ პოპ-კორნს ჭამს. ამიტომაა, რომ იმ მცირე რაოდენობის კინოთეატრებში, რომლებშიც ხელოვნებაზე პრეტენზიის მქონე ფილმებს აჩვენებენ, პოპ-კორნის ჭამა მიღებულია არაა.

თუმცა ეს ჩვენი ისტორიისთვის უმნიშვნელოა. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოწვეული ერთი ტექნიკური პრობლემა. თუ რომელიმე კინოთეატრი კინოსტუდიისგან ფილმს იყიდის, მას უჩნდება მოტივი ეს ფილმი სხვა კინოთეატრზე გადაყიდოს უფრო იაფად. იმის გამო, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მექანიზმები გარკვეულწილად უკვე არსებობდა, ხოლო ფილმების კოპირება არც ისე მარტივი საქმე იყო, 1948 წელს, ეს ტექნიკური პრობლემა ჯერ კიდევ არ იყო კრიტიკული. თან ჰოლივუდს იმ პერიოდში ტელევიზიის სწრაფი განვითარება უფრო აღელვებდა. თუმცა საერთაშორისო ბაზრებზე ექსპანსიისას და ტექნოლოგიების განვითარების შედეგად კოპირება სულ უფრო და უფრო მეტ რისკებს ბადებდა. თუ ადრე, სხვა ბიზნეს-მოდელის პირობებში, ეს პრობლემა უბრალოდ არ არსებობდა და ვერც იარსებებდა, ახლა, გარემოების ცვლილების შედეგად, მთელი ჰოლივუდი გაკოტრების პირას შეიძლება აღმოჩენილიყო.

ცხადია, ეს ყველაფერი ანტიმონოპოლიური სააგენტოს გადაწყვეტილების გამო დაიწყო, მაგრამ ბიუროკრატიამ არ იცის შეცდომების აღიარება და იმის ნაცვლად, რომ პირველი გადაწყვეტილება გაუქმებულიყო, ჰოლივუდის ლობისტების და აშშ-ის მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით „ფილმების კოპირების აკრძალვა“ თანდათანობით მკაცრდებოდა და საერთაშორისო დონეზეც გადიოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კინოთეატრებს (და შემდგომ რიგით მომხმარებლებსაც) მათ საკუთრებაში არსებული ნივთების (მაგნიტური ლენტის, ფირის) გამოყენების შეზღუდვები უწესდებოდა. რადგან ეს კერძო საკუთრების შეზღუდვას წარმოადგენდა, ეს კი აშშ-ში არც ისე მარტივი საქმეა, საჭირო იყო ამ ახალი რეგულაციის ლამაზად გაფორმება. როგორც ყოველთვის, ბოროტებას სახელად ამ ბოროტების საპირისპირო სახელი დაარქვეს: ის, რაც საკუთრების უფლების შეზღუდვას წარმოადგენდა, „საკუთრებად“ მოინათლა, რომელსაც მეტი დამაჯერებლობისთვის „ინტელექტუალური“ მიაწერეს წინ.

სხვა სიტყვებით, არსებობდა რაღაც ტიპის მომსახურება - სპექტაკლი, რომლის ტირაჟირება მარტივია. ამ სერვისის მიმწოდებლებმა მოიგონეს, თუ როგორ მოახდინონ თავიანთი სერვისის ტირაჟირების პრევენცია. ამისთვის მსახიობები მხოლოდ კონკრეტული კინოსტუდიის ფილმებში იღებდნენ მონაწილეობას, ფილმებს კი კინოსტუდიის საკუთრებაში მყოფ კინოდარბაზებში აჩვენებდნენ. ეკრანიდან ვიდეოკამერაზე ფილმის გადაღება, არც ახლა არის მარტივი (შედეგიც, გარდაუვლად, ცუდი გამოდის), მაშინ კი ასეთი ტექნოლოგია უბრალოდ არ არსებობდა. ხოლო კინოსტუდიის საკუთრებაში მყოფ კინოთეატრს ფილმების სხვისთვის მიცემის სურვილი ცხადია არც გაუჩნდება. თუმცა, ეს ნორმალურად აწყობილი და წარმატებული ბიზნესი, ბიუროკრატიის ხუშტურის გამო, განადგურების წინ აღმოჩნდა. ამის თავიდან ასარიდებლად კი ახალი რეგულაციები შემოიღეს და შენი ნივთის კოპირება აკრძალული გახადეს.

ეს ისტორია მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მათთვის, ვინც მიიჩნევს, რომ კინოინდუსტრია ინტელექტუალური საკუთრების გარეშე ვერ განვითარდება. პირიქით! მშვენივრადაც, განვითარდება. ვითარდებოდა კიდეც, ასე შეიქმნა და წარმატებას მიაღწია, უბრალოდ, ეს სხვა სახის ბიზნესი იყო. ხოლო, იმ ადამიანებს, ვინც ისტორია არ იცის, არ შეუძლიათ წარმოუდგინონ, თუ როგორ შეიძლება კინოინდუსტრია ფუნქციონირებდეს „ინტელექტუალური საკუთრების“ გარეშე.

იგივე სხვა ინდუსტრიებზეც შეიძლება ითქვას. მაგალითად, მუსიკალური ინდუსტრია ადრე საერთოდ არ ჰგავდა მის თანამედროვე ვერსიას. მაშინ მომღერლები ფულს პირველ რიგში ცოცხალი კონცერტებით შოულობდნენ. განსაკუთრებით წარმატებულები სტადიონებს აგროვებდნენ და ფინანსურადაც არაფერი ჰქონდათ საწუწუნო. თუმცა, როგორც კი ინტელექტუალური საკუთრების მავნე იდეა გავრცელდა (განსაკუთრებით, 1976 წლის შემდეგ), პროდიუსერებმა აღმოაჩინეს, რომ კასეტების და დისკების გაყიდვით ბევრად მეტი ფულის შოვნა შეიძლება, ვიდრე ლაივ-კონცერტებით. მალევე მუსიკალური ინდუსტრია სულ სხვა მომღერლებით შეივსო, ხოლო მელომანები მას შემდეგ მხოლოდ იმას გაიძახიან, რომ „აი, ადრე, მაგარი მომღერლები იყვნენ, სტადიონებს აგროვებდნენ, ახლა კი სულ ფონოგრამით მღერიან“. წუხან, მაგრამ ვერც კი ხვდებიან, რომ ინდუსტრიის ეს ფერიცვალება ოდესღაც, აშშ-ში, სულ სხვა მოტივებით მიღებული რეგულაციების შედეგია - რეგულაციების, რომლითაც კერძო საკუთრების უფლება შეიზღუდა.

ამრიგად, ყველა ის აპოკალიფსური პროგნოზი, რომ თურმე „ინტელექტუალური საკუთრების“ დაცვის გარეშე, ინდუსტრია გაქრება, უბრალოდ არ შეესაბამება ფაქტობრივ მოცემულობას. კინოინდუსტრია გაჩნდა და განვითარდა ამ „უფლების“ გარეშე, მუსიკალური ინდუსტრიის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები ასიათასობით ადამიანს აგროვებდნენ კონცერტზე და აზრად არ მოსდიოდათ სიმღერის გამეორებისთვის სხვები დაეჯარიმებინათ.

ისიც ცხადია, რომ როცა რომელიღაც ინდუსტრიას გარკვეულ პრივილეგიას ანიჭებ, ეს ინდუსტრია განსხვავებულად ვითარდება. მანქანების მეორადი ბაზარი აკრძალული რომ იყოს, მანქანების მწარმოებელი ბევრად მეტ მოგებას მიიღებდნენ და, დიდი ალბათობით, მათ სულ სხვა სახის ბიზნესი ექნებოდათ. მეორადი ბაზრის კვლავ გაჩენა, მათ მოგებას შეამცირებდა, ბიზნეს შეცვლიდა, მაგრამ ჩვენ ხომ გვესმის, რომ მეორადი ბაზრის აკრძალვა სისულელეა და ის ვერ გამართლდება იმით, რომ ავტომწარმოებლებს მეტი მოგების შანსი აქვთ და ეს შანსი არ უნდა დავაკარგვინოთ. ზუსტად იგივენაირად, სისულელეა იმაზე წუწუნი, რომ „ინტელექტუალური საკუთრების“ პირობებში კინოინდუსტრია მეტ მოგებას მიიღებს, ხოლო „პირატების“ გამო მათი მოგება ნაკლებია.

თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, რომ ამ უცნაურმა პრაქტიკამ, ქურდობის ცნებაც დაამახინჯა და ახლა ქურდებს იმ ადამიანებს ვეძახით, რომლებიც ქურდები არ არიან და ვერც იქნებიან.

To be continued…

ავტორი: ალექსანდრე რაქვიაშვილი

იხ. პოსტი ფეისბუქზე.

კომენტარები