სიახლეები

იურისტის დიპლომი

(მიკრო ბლოგი)

ბატონი შალვა თადუმაძის დიპლომმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და ადამიანების ყურადღება მიიპყრო.
თადუმაძე, მიუხედავად იმისა, მას დიპლომი წესრიგში აქვს თუ არა, ჩემთვის საბჭოთა სამართლის სისტემის პროდუქტია (რაზეც ქვემოთ დავწერ) და ეს მიკრო ბლოგი მას მხოლოდ იმდენად ეხება, რამდენადაც მისმა საქმემ მოსამართლის დიპლომის თემა გახადა დისკუსიის საგნად.

დიდი ხანია ვამბობ, რომ მოსამართლისათვის აუცილებელი არ უნდა იყოს იურისტის დიპლომი.

ნამდვილი მოსამართლეობა კავშირშია, არა საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის ცოდნასთან, (რასაც ქართული უნივერსიტეტები აზუთხვინებენ სტუდენტებს),  არამედ მტყუან-მართლის გარჩევის უნართან.
ასე იყო სულ, მოსამართლეები,  იყო ხალხი, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობოდნენ ადამიანები, ჰქონდათ ყველაზე მაღალი ავტორიტეტი და სიამოვნებას იღებდნენ სამართლიანობის მიღწევისგან.

საქართველოშიც იყო ამის ანალოგები: ,,ხევისბერი", ,,ბჭე", ,,ხუცესი" და სხვაგანაც.

დღესაც ძალიან მიღებული პრაქტიკაა სასამართლო დავების გადაწყვეტა არა იურისტების მიერ, არამედ ნაფიცი მსაჯულების მეშვეობით.

ის ფაქტი,  რომ საქართველოში სავალდებულოა იურიდიული განათლების ქონა, გამომდინარეობს იქიდან, რომ საბჭოთა კავშირს ადამიანების დასამონებლად სჭირდებოდა მოსამართლე-ჯალათები, პროკურორი-ჯალათები, რომელსაც სპეციალურად ზრდიდნენ საბჭოთა უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტები.

ზრდიდნენ, რადგან თუ სპეციალურად არ გამოზრდი, ისეთი ჯალათები, როგორიც საბჭოთა სისტემას სჭირდებოდა, ბუნებაში ცოტანი არიან.

მეც მაქვს ეგ ფაკულტეტი გავლილი.

საბჭოთა იურიდიული ფაკულტეტის მოვალეობა იყო დაერწმუნებინა სტუდენტი იმაში, რომ კანონში რაც წერია ეგ არის ჭეშმარიტება და საქმეების მორალისტურ ჭრილში განხილვა არასერიოზული და არა სამართლიანია

სწორედ მორალზე და ადამიანურობაზე თავის ასარიდებლად არის მოფიქრებული, იურისტების მეტა- ენაც, რომლითაც მეტყველებენ საბჭოთა იურისტები და რეალურად არანაირი შინაარსი არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ ადამიანმა იგრძნოს სისტემის არაბუნებრივი და ცივი მეტყველება.


რომ შევაჯამოთ, ამ ფაკულტეტზე გასწავლიან - მთავარია რა წერია კანონში და როგორ უნდა დაემორჩილოს მოსამართლე კანონს, ისე რომ არც კი შევიდეს კანონის შინაარსის და კონტექსტის განხილვაში.

ასეთი სამართლის ფაკულტეტ გავლილ მოსამართლეებს უყურებს ქართული საზოგადოება პარლამენტში, ამ დღეების განმავლობაში და უკვირს, რატომ გამოიყურებიან ასე არაადეკვატურად და აცდენილად.

თუ ნამდვილად გვინდა წესიერი მოსამართლეების შერჩევა, იურიდიული ფაკულტეტის დიპლომი არათუ სავალდებულო არ უნდა იყოს, არამედ პირიქით, ნაკლი უნდა იყოს კანდიდატისთვის და მოსამართლეები, მეტწილად, სისტემის მიერ ნაკლებად გაფუჭებული პროფესიებიდან უნდა ავარჩიოთ.

საბჭოთა იურისტებს კი, საბჭოთა სამართლის სისტემასთან ერთად უნდა დავემშვიდობოთ, პრეცედენტული სამართლის სისტემაზე გადასვლით, რომელშიც ვერასოდეს ვერ გამართლდება ბოროტება იმით, რომ ეს რომელიღაც კანონში წერია.

ავტორი: იაგო ხვიჩია

კომენტარები