კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები გირჩის დაიჯესტში

პოლიტიკური კვირა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლით დაიწყო. ვიზიტის მიზანზე მან ასეთი კომენტარი გააკეთა:

ჩემი ვიზიტი პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიმდინარეობს, ევროკავშირი ყველა მხარეს მოუწოდებს, რომ ინტენსიურად იმუშაონ იმაზე, რომ სიტუაციის განეიტრალება მოხდეს.

1 მარტს შარლ მიშელი საქართველოს ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. მოგვიანებით კი ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან გამართა შეხვედრა.

იაგო ხვიჩიამ შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში „დღის კურიერის“ ეთერში ასე შეაფასა:

ამ დიალოგის გადარჩენის სხვადასხვა გზები არსებობს მთავარია მხარეებს ეს უნდოდეთ.

ჩვენ ახლა ფაქტობრივად ვართ სიტუაციაში, სადაც მხარეებს შეთანხმება არ უნდათ და ჩვენი პარტნიორები ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შეთანხმებას აძალებენ. ობიექტურად კი, ამ ხალხს შეთანხმება კი არა ჩხუბი უნდა, რითაც ბოლო 8 წელია ერთობიან. საერთაშორისო პარტნიორები შეეჩეხნენ ისეთ სიტუაციას, სადაც ჩხუბიც უკვე რაღაც ზღვრამდე მივიდა, ადამიანი ციხეში აღმოჩნდა და ეს ამბავი ძალიან ყვირის, პარლამენტი ვერ დგება და ხალხი შეწუხდა.

 

 

ამავე საღამოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა დაიგეგმა. ბიუროკრატიული გაუგებრობის გამო, სამწუხაროდ შეხვედრას ჩვენი წარმომადგენელი არ ესწრებოდა.

მოლაპარაკებების მსვლელობის დროს, იაგო ხვიჩიამ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა:

ეს ხალხი აქ ფიზიკურად იმისთვის ჩამოდის, რომ კრიზისი საქართველოში განმუხტონ, რაც ნიშნავს, რომ შეთანხმების შემდგომ ყველანი ერთად პარლამენტში იმ ვადით შედიან, რა ვადითაც ეს პარლამენტი იარსებებს და იმ შეთანხმებას შეასრულებენ, რაზეც ფასილიტატორებთან ერთად შეთანხმდნენ. შეთანხმების შინაარსი მე ასე მესმის და ეს თავისთავად მოიცავს შერიგებას.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ მიშელმა განაცხადა:

ვამაყობ, რომ სწორი მიმართულებით კარგი და მნიშნველოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გადაწყდა, თუმცა როდესაც მკაფიო კითხვა დავუსვი ყველა მონაწილეს, არსებობს თუ არა პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ გამოსავალი მოიძებნოს, პასუხი იყო მკაფიო კი.

 მისივე თქმით, პროგრესს მოლაპარაკებებში 2 კვირაში, ბრიუსელში საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, 6 პუნქტიანი დოკუმენტი გამოქვეყნდა, რომელიც მოიცავს:

 1. ამბიციური საარჩევნო რეფორმა

  • 1.1 საქართველოში დემოკრატიის ღრმა კონსოლიდაციისთვის

2. კანონის უზენაესობა / სამართლის რეფორმა 

  • 2.1  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით კითხვები
  • 2.2 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნები
  • 2.3 რეფორმები კორუფციასთან ბრძოლის გასაძლიერებლად

3. პოლიტიკური მართლმსაჯულება / პატიმრების საკითხი

4. ძალის გადანაწილება პარლამენტში

  • 4.1 საგამოძიებო კომისია
  • 4.2 პარლამენტში როლებისა და პასუხისმგებლობების სამართლიანი გადანაწილება

5. პოტენციური ვადამდელი არჩევნები / 5.1 მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის

6. ფასილიტაციის / მედიაციის გაგრძელება და განხილვა 2021 მარტში.

ჩვენი აზრით, ეს დოკუმენტი საკმაოდ ბუნდოვანია და მას შესაძლოა სურვილისამებრ სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია მიეცეს.

რაქვიაშვილმა ეს დოკუმენტი ოპოზიციის კაპიტულაციად შეაფასა: „თეთრი დროშა ჯერ არ გამოუფენია, მაგრამ როგორც ჩანს ორ კვირაში ამასაც გააკეთებენ“.

მისივე თქმით, ეს დოკუმენტი შესაძლოა ბარიერის დაწევას საერთოდ არ გულისხმობდეს. ხოლო, საგამოძიებო კომისიის დამატება და ვადამდელი არჩევნების, როგორც პოტენციური შესაძლებლობის ხსენება, ფაქტობრივად ქართული ოცნების ჯერ კიდევ დეკემბრის წინადადებას იმეორებს.

 

ხვიჩიამ ამბიციური საარჩევნო რეფორმის პუნქტი ასე შეაფასა:

გააჩნია ვინ არის ის ადამიანი, ვინც ამბიციური საარჩევნო რეფორმის ტერმინს განმარტავს, თუ ეს არის საღ აზრზე მყოფი ადამიანი (ჩვენ ან თქვენ) შესაძლოა მივიღოთ ის რაც ყველას მოეწონება, მაგრამ თუ ამას საქართველოს ხელისუფლება განმარტავს, რომელიც აქამდე მილიონ ცუდ ქცევაშია შემჩნეული, შეიძლება არც არაფერი მნიშვნელოვანი არ იგულისხმებოდეს.

მან ასევე კოლეგა ოპოზიციონერებს მოუწოდა, რომ უბარიერო პროპორციული არჩევნების საკითხს ნუ დაივიწყებენ და პარლამენტში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის გარეშე ნუ შევლენ.

 

ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა ამ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი პარტიისთვის ეს საკითხი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა მოლაპარაკებებზე მხარს დაუჭერენ.

დიანა ტრაპაიძისთვის მიცემულ ინტერვიუში ხვიჩიამ 6 პუნქტიან დოკუმენტზე საუბრისას აღნიშნა:

როდესაც ქართულ ოცნებასთან ურთიერთობას ეხება საქმე მე მინდა, რომ ყველაფერი დეტალურად იყოს გაწერილი. იმიტომ რომ ეს არ არის ის ხალხი, რომელსაც ჩვენ ვენდობით.

2 მარტს ოპოზიციამ დაგეგმილი აქცია არ გააუქმა და პარლამეტის პიკეტირება სცადა.

როდესაც შენ მოლაპარაკებებში წარმატებას მიაღწიე, რა დროს აქციებია. ეს ნიშნავს იმას, რომ გუშინ წესიერად არაფერზე შეთანხმებულან, არანაირი იმედი არავის არ აქვს, ეს შეხვედრა კი პიარისთვის გამოიყენეს და ისევ იგივე რეჟიმში აგრძელებენ

                                                                                                                                          - თქვა სანდრომ გადაცემაში „რეზიუმე“.

 

ვახოსთვის მოლაპარაკებების შემდეგ, ამ აქციების შინაარსი სრულიად გაუგებარი იყო. მისი თქმით, ოპოზიცია აქციების ნაცვლად, მოსახლეობას გამოქვეყნებული დოკუმენტის შინაარსს უნდა უხსნიდეს.

რეფორმები რაც ამ დოკუმენტშია წლები სჭირდება მათ განხორციელებას, თან თანამშრომლობის სურვილით უნდა იყო განმსჭვალული და რომელიმე მხარეს ეტყობა, რომ მურუსიძის გაშვება უნდა. ერთ მხარეს მისი გაშვება, მეორეს კი მისი დათრევა უნდა.

ჩვენ წინასაარჩევნოდ სასამართლოს სისტემის რეფორმაზე ოპოზიციასთან შევთანხმდით, სადაც ნათქვამი იყო, რომ პოლიტიკოსები მოსამართლეებს თავს დაანებებდნენ და მათ ხალხი აირჩევდა. რომელიმე ოპოზიციონერს გუშინდელ შეხვედრაზე გაახსენდა რაზე შეთანხმდნენ და საქართველოს ამომრჩევლისთვის რა უნდა ეთქვათ.

 

3 მარტს გირჩის წევრებმა სხვადასხვა ეთერებში ვადამდელი არჩევნების საკითხი განიხილეს.

ხელახალი არჩევნები საჭიროა არა გაყალბების გამო, არამედ იმ გარემოებების გამო, რომელიც არჩევნების შემდეგ გამოიკვეთა.

რამდენი რამე შეიცვალა არჩევნების მერე აი მე მაგალითად ვერ წარმოვიდგენდი, რომ არჩევნების მერე ზურა წავიდოდა. ქართულ ოცნებასაც იგივე დაემართა, იქაც ხომ არავინ არ იცოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ან გიორგი გახარია წასვლას აპირებდნენ. ასევე ევროპული საქართველო რომ დაიშლებოდა ესეც ხომ არავინ არ იცოდა და ლიდერების ნაცვლად, სულ სხვა ხალხი რომ პარლამენტში აღმოჩნდებოდა, ეს ხომ მათმა ამომრჩევლებმა არ იცოდნენ. ნაციონალური მოძრაობიდან თავმჯდომარე წავიდა, შემდეგ ახალი თავმჯდომარე ახალი გუნდით მოვიდა. არჩევნების დღეს არჩევანი, რომ გავაკეთეთ აღმოჩნდა, რომ ყველა რაღაცას მალავდა და ადამიანები სიცრუეში ცხოვრობდნენ არჩევნებამდე. მეთა მოწვევის პარლამენტს ერთი კარგი თვისება აქვს, მან თვალი აგვიხილა, ყველამ გავარკვიეთ სინამდვილეში რა ხდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და ახლა ვიმსახურებთ ახალ შანსს, რომ უკვე თვალახელილებმა არჩევანი გავაკეთოთ და სიცრუეში ცხოვრების პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებით არ ვიხელმძღვანელოთ.

                                                                                                                                  - აღნიშნა იაგომ გადაცემაში „360 გრადუსი“

 

ვახომ შალვა რამიშვილთან ეთერში მოლაპარაკებებზე, გამოქვეყნებულ დოკუმენტსა და შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა:

ეს ამბავი იმის გამო ხდება, რომ მიშამ ანკესზე წამოგაგოთ და ახლა წამებული გყავთ. ეგ იყო თქვენი გეგმა, რომ ოდიოზური ნაცები პარლამენტში არ შემოგეშვათ და მიიღეთ კრიზისი.

ეს ის ეთერია, რომელიც თუ აქამდე არ გინახავთ აუცილებლად უნდა ნახოთ. 

 

4 მარტს გავრცელდა ჭორები, რომ ოპოზიცია აქტიურად განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ერთგვარ პლებისციტად გამოყენებას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმაც გააჟღერა ეს იდეა:

თუ პლებისციტი ვინმეს აინტერესებს, შემოდგომაზე გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები და მკაფიოდ გამოჩნდება ხალხის მხარდაჭერა ვის აქვს.

სწორედ ეს იდეა ოპოზიციას თავის დროზე გირჩმა შესთავაზა, რასაც მტკიცე უარი და კონფლიქტი მოჰყვა.

თუ დავაკვირდებით მოვლენები როგორ ვითარდება, ჩვენ ყოველთვის ვიკავებთ ისეთ პოზიციას, რომელიც საბოლოო ჯამში აქტუალური ხდება. როდესაც ერთი თვის წინ დავიწყეთ საუბარი, რომ შერიგება გვჭირდება, ეს არასერიოზულად იყო აღქმული.

ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ის ძალა, რომელიც ყოველთვის მიაწოდებს საზოგადოებას თუ კოლეგებს ოპოზიციიდან და ხელისუფლებიდან იმ იდეებს, რომელიც მათ დაეხმარებათ უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში. თუ დააკვირდებით ჩვენ არჩევნებამდეც და მის შემდეგაც სულ ამ როლს ვასრულებდით.

ჩვენი პოზიცია ისე თუ ასე ყოველთვის იყო გადამწყვეტი, ის რამაც შეარიგა თუ პოლიტიკური კრიზისიდან ქვეყანა გამოიყვანა, როგორც კი ეს მოხდება გასაგები იქნება, რომ ჩვენს შემდეგ წინადადებას უფრო მეტი წონა გაუჩნდება და ჩვენი მიზანიც ეს არის.

                                                                                              - განაცხადა სანდრომ ანა ახალაიას „დღის ამბების“ ეთერში

 

იაგომ გადაცემაში „პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად“ თქვა, რომ მისი აზრით უკეთესიც კია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პლებისციტად გამოყენება, რადგან თვითმმართველობის არჩევნებს ამით უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭება.

ჩვენ ამით ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობას გავაძლიერებთ, რომელიც ერთ-ერთი ინტერესია თუ სახელმწიფოებრივი განვითარება გვინდა, სადაც ადამიანის თავისუფლება უფრო მეტად იქნება დაცული.

ადამიანებს ახალ უფლებას ვანიჭებთ, რომელიც აქამდე არ ჰქონიათ, რადგან არავის სჯეროდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით რაიმე იცვლებოდა.

 

5 მარტს გამოქვეყნდა მანიფესტი, რომელსაც ხელს 41 ორგანიზაცია და ინდივიდუალური პირი აწერს.

ისინი ხელისუფლებისგან 5 მოთხოვნის შესრულებას ითხოვენ:

  1. სიტუაცია განიმუხტოს და პოლიტპატიმრებმა საპატიმრო დატოვონ
  2. გატარდეს რეალური საარჩევნო რეფორმა
  3. პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია გაძლიერდეს და ოპოზიციას პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის გარკვეული ბერკეტები გადაეცეს.
  4. მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგას
  5. ჩატარდეს ეფექტური ანტიკორუფციული რეფორმა.

იხილეთ მანიფესტი სრულად ამ ლინკზე.

ამ მანიფესტის საპასუხოდ გირჩმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ყურადღებით გავეცანით თქვენ მიერ ხელმოწერილ მანიფესტს და სიამოვნებით შემოგიერთდებით თქვენ მოთხოვნებში, თუ რეალურ/ამბიციურ რეფორმაში ნამდვილად იგულისხმება ისიც, რომ მომავალში ყველა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით და ბუნებრივი ბარიერით.

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობის ფანჯარა და ამ მართლაც უპრეცედენტო საერთო ოპოზიციური ბოიკოტის სანაცვლოდ, ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვაროთ ქვეყანაში ერთპიროვნული ძალაუფლების პრობლემა.

ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების მკაფიო დაპირების გარეშე, უმორჩილესად გთხოვთ არ შეხვიდეთ პარლამენტში, რადგან მომავალში ამის მიღწევის შანსი ამ ქვეყანას აღარ ექნება და ვერც მეათე მოწვევის პარლამენტი გააკეთებს ამაზე მნიშვნელოვან რამეს.

                                                                                                                                                         ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები