ივანიშვილის მთაწმინდაზე დასაკრძალად 20/30-იანელები ხელმოწერებს აგროვებენ

ვერის ბაღში, ბიძინა ივანიშვილის მთაწმინდაზე დაკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. ამ ინიციატივით მოძრაობა 20/30-იანელების წარმომადგენლები გამოვიდნენ. 

ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო აქციას - „არა ნაცებს“ შეუერთდნენ. ამბობენ, რომ ივანიშვილი ერის მხსნელია, რადგან ქვეყნისთვის არაერთი კეთილშობილური საქმე გაუკეთებია. 

„ბიძინა ივანიშვილი, ქველმოქმედი და კეთილშობილი ადამიანი, რომელმაც არაერთხელ დაანახა სიკეთე ქართველებს, ააშენა ბოტანიკური ბაღი, რომელშიც 22 მილიონი ლარი ჩადო, პარკ „ციცინათელას“ მეზობლად მდინარე ჩოლოქსა და ნატანებს შორის, გააშენა 1500 ევკალიპტის ხე-პარკი, რომელსაც 25 ათასი ლარი დაახარჯა. 

ხეები რომ ზღვაში დაცურავდნენ და გზები საათობით იკეტებოდა, სადენებს რომ ჭრიდნენ, ხეების გადასატანი მანქანები ვერ ეტეოდნენ და უშუქოდ რჩებოდა მოსახლეობა, ესეც ქველმოქმედების ნაწილი იყო. წვერმაღალას პარკის მოსაწყობად ივანიშვილმა ტერიტორია კერძო პირისგან გამოისყიდა. 

სწორედ ამიტომ, მოძრაობა 20/30-იანელები ვითხოვთ ამ ადამიანის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვას, 100 წლის შემდეგ, ვაჟას გვერდით!“ - ნათქვამია მოძრაობის წევრების განცხადებაში. 
 


ავტორი: მარია გეგეჭკორი



კომენტარები