სიახლეები

5334 Views
პოლიტიკა

ბოკერია: ლიბერტარიანული იდეებით არ ვკეკლუცობ, მაგრამ გასაუქმებელი რეგულაციების ჩამონათვალი დიდია

„გასაუქმებელი რეგულაციების ჩამონათვალი დიდია, არ მინდა რამე გამომრჩეს და ახლა მხოლოდ რამდენიმე მაგალითი შემიძლია მოვიყვანო“ - ამის შესახებ გიგა ბოკერიამ „გირჩი“-ს საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა. 

დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ინციატივას, რომელიც დასაქმებული ადამიანებისთვის სამუშაო დროისა და სამსახურის რაოდენობის შეზღუდვას ითვალისწინებს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია კანონპროექტის გასაჯაროების დღესვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეს, „ქართული ოცნების“ რეგულაციებს გააუქმებდა. 

აქედან გამომდინარე დავინტერესდით, კიდევ რა რეგულაციის გაუქმებას აპირებს ბოკერია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. მისთვის, ამ რეგულაციების ნაწილის ჩამონათვალი ასეთია:

📍  „საბანკო რეგულაციები რომლებმაც პირდაპირ დაარტყა არამარტო ბანკებს, არამედ მომხმარებლებს, ბიზნესს და ყველაფერს;

📍  საპენსიო რეფორმა - რომელიც რეალურად გადასახადების ზრდა იყო და 40 წლამდე ადამიანებისთვის არჩევანის აკრძალვა;

📍  დედოლარიზაცია - რომელიც სრული აბსურდი, მავნებლობა და ეკონიმიკის ზრდის შეფერხებაა;

📍  თამბაქოს კონტროლის რეგულაციები - ამ შემთხვევაშიც, პაპზე უფრო კათოლიკობა გამოიჩინა საქართველოს ხელისუფლებამ და რაზეც ვადებულება არ ჰქონდა, იმაზე ატარებს ექსპერიმენტებს, რაც ასევე ურტყამს ეკონომიკასაც და მომხმარებლებსაც. გვესმის რომ თამბაქო არ არის ჯანმრთელობისთვის კარგი, ცუდია, მაგრამ რასაც ესენი ამ რეგულაციით აკეთებენ, მაგის შედეგი ის არის, რომ გაუძვირდათ ადამიანებს სიგარეტი და ეწევიან უფრო დაბალი ხარისხის თამბაქოს;

📍  ტაქსების შეღებვა-ლიცენზირება თვითმმართველობის დონის გადაწყვეტილებაა, მაგრამ აშკარა მავნებლობა და პოლიტიკური სიტუტუცის გამოვლინებაა, რომელიც ადამიანს ვნებს და საქმიანობაში ხელს უშლის“.

სამსახურისა და სამუშაო საათების რაოდენობის შეზღუდვის ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით დეპუტატი შიშობს, რომ ამ რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში, ქვეყანაში ჩრდილოვანი დასაქმება დაიწყება და არ გამორიცხავს არც იმას, რომ შესაძლოა, ადამიანების ნაწილი საერთოდ ვეღარ დასაქმდეს. 

„სახელმწიფო თითქოს ადამიანებზე ზრუნავს და რეალურად უზღუდავს შესაძლებლობას იმუშაოს რამდენი ხანიც უნდა და შეუძლია ჰქონდეს შემოსავალი და არჩინოს ოჯახი.  ჩემ მიმართ იყო კრიტიკა, როდესაც ამბობდნენ, ადამიანები ერთმანეთზე უნდა ვზრუნავდეთო, ამას მინდა ვუპასუხო, ადამიანებზე უნდა ვზრუნავდეთ ოღონდ უნდა ვზრუავდეთ ჩვენი არჩევანით და კეთილი ნებით და არა იძულებით, ვიღაც სხვის ხარჯზე. 

კიდევ ერთი არგუმენტი რაც მოვისმინე, მე შეიძლება შემეძლოს ბევრი საათი მუშაობა, ვიღაცას არ შეუძლია და გამოდის რომ ჩემთან კონკურენციაში დაიჩაგრებაო. აქედან მივალთ იქამდე რომ ვიღაცა უფრო ნიჭიერია და ვიღაცა არა. რა ვქნათ ახლა, ნიჭერს ავუკრძალოთ წარმატებული შრომა? მივალთ ამ აბსურდამდე"- ამბობს ბოკერია. 

აქვე, განმარტა, რომ არც ის და არც „ევროპული საქართველოს“ სხვა წევრები ანარქისტები არ არიან და „არც ლიბერტარიანული იდეებით კეკლუცობა უყვართ“ - „სახელმწიფოს არსებობა აუცილებელია. ის უნდა იცავდეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ჩვენი მოქაალაქების სამოქალაქო თავისუფლებას“.

ბოკერიას განცხადებით, პარტიის წევრებთან ერთად მუშაობს პაკეტზე, რა ტემპში და როგორ უნდა გაუქმდეს „ქართული ოცნების“ და მისი წინამორბედის დროს მიღებული გარკვეული რეგულაციები. ეს დოკუმენტი მისი თქმით, ახლო მომავალში გამოქვეყნდება. 

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების დეპუტატის, დიმიტრი ცქიტიშვილის ინიციატივით, მოქალაქეებს ერთზე მეტ სამსახურში დასაქმება აეკრძალებათ, თუ აღნიშნული სამსახურის შესრულებით დადგენილი საათები ჯამურად კვირაში 48 საათს აჭარბებს.  


ავტორი: მარია გეგეჭკორი

კომენტარები