სიახლეები

3440 Views
პოლიტიკა

სახელმწიფო ერთზე მეტ სამსახურში მუშაობას აგიკრძალავთ

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, ქართული ოცნების წევრის, დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მე-16 მუხლის, მე-5 პუნქტის მიხედვით, მოქალაქეებს ეკრძალებათ ერთზე მეტ სამსახურში დასაქმება, თუ აღნიშნული სამსახურის შესრულებით დადგენილი საათები, ჯამურად, აჭარბებს შრომის კოდექსის მეხუთე თავში არსებულ დანაწესს, რომლის მიხედვითაც “დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს და დღის განმავლობაში 8 საათს.” ხოლო, შვიდდღიანი სამუშაო პერიოდის განმავლობაში, ზეგანაკვეთების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.

შრომის კოდექსის მე-5 თავი კიდევ სხვა შეზღუდვებსაც აწესებს, მაგალითად, თუ “სამუშაო დრო შეადგენს არანაკლებ 6 საათს და არაუმეტეს 9 საათს, შესვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 45 წუთი. თუ სამუშაო დროის ხანგრძლივობა აღემატება 9 საათს, შესვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 60 წუთი.”

იმისთვის, რომ მოქალაქეს ერთზე მეტ სამსახურში შეეძლოს მუშაობა, მისი პირველი სამუშაოს შესრულებით, აღნიშნული თავით დადგენილი მაქსიმალური ლიმიტები არ უნდა იყოს შევსებული. ის, რომ შეთავსებული სამუშაოს შესრულება ძირითადი სამსახურისგან თავისუფალ საათებში უნდა მოხდეს, ეს მოქმედი კანონმდებლობითაც არის დადგენილი, თუმცა, არსებულ კანონმდებლობასთან შედარებით ახალი კანონპროექტი ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებაზე უფრო მკაცრ მოთხოვნებს აწესებს, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს დროის იმ შესაძლო მონაკვეთის მოცულობას, რომლის განმავლობაშიც, მოქალაქეს მეორე სამსახურის შესრულება შეუძლია.

აღნიშნულმა ცვლილებამ შესაძლოა, ათასობით ადამიანს დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, შეთავსებადი სამუშაოს შესრულება აუკრძალოს.

კომენტარები