სიახლეები

1718 Views
პოლიტიკა

მიშა მშვილდაძე: რა თეთრი ტაქსები ბიჭო, რა სისულელეა!

მიშა მშვილდაძემ მოსახლეობას 20 სექტემბრის აქციაზე გასვლისკენ მოუწოდა. როგორც მან დღეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე #სირცხვილია განაცხადა, რაც უფრო მეტი ადამიანი გამოვა ხვალ, მით უფრო მეტად იგრძნობს „ქართული ოცნება“, რომ 2020 წელს არჩევნებს წააგებს. 

რაც უფრო მეტნი ვიქნებით ხვალ, მით უფრო ნაკლებ ადამიანს გადაუგრიხავენ ხელებს შემდეგი წლის მანძილზე. არჩევნებამდე მით უფრო ნაკლებ ადამიანს დააშინებენ, მით უფრო ნაკლები პოლიციელი და პროკურორი, რომელსაც არ ეკუთვნის რომ ეწოდებოდეს პოლიციელი და პროკურორი, მისცემს თავის თავს უფლებას, მივიდეს და დააშინოს ადამიანები.

რამდენი ადამიანია განაწყენებული, ტაქსისტებო გამოდით რა. რა თეთრი ტაქსები ბიჭო. რა საზოგადო სიკეთეა თეთრი ტაქსები. საერთოდ კაპიკი რომ არ გვიჯდებოდეს და უბრალოდ გადაღებვა არ გვეზარებოდეს, რა სიკეთე მოაქვს, რას ემსახურება, რა სისულელეა. სულ ასეთი სისულელეებია. ვინც თითო ასეთი სისულელე იცით, გამოდით ხვალ, გამოდთ ყველანი რომ დავიცვათ ჩვენი თავი, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი თავისუფლება“ - განაცხადა მშვილდაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ხვალ, საპროტესტო აქციების #სირცხვილია 93-ე დღეს, აქციის საორგანიზაციო ჯგუფი საკუთარ ერთწლიან სამოქმედო გეგმას წარადგენს. ხვალ დაანონსებული მასშტაბური აქციის შემდეგ, #სირცხვილია-ს გუნდი მუშაობის განსხვავებულ ფორმატზე გადავა.

შეგახსენებთ, რომ აქციები #სირცხვილია 20 ივნისს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლების მიწვევით, მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის ფარგლებში, საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი მივიდა და თავმჯდომარის სავარძელიც დაიკავა. რასაც საბოლოოდ, საპროტესტო აქციის ფონზე, პარლამენტიდან მისი გაპარება და ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან მოხსნა მოყვა.

20 ივნისის ღამით, ანტისაოკუპაციო აქციის ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშლის შემდეგ კი, რა დროსაც, რამდენიმე ადამიანი დაბრმავდა, აქციებს პერმანანტული სახე მიეცა - მისი მთავარი მოთხოვნა იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა იყო, რასაც ბიძინა ივანიშვილმა გახარიას გაპრემიერებით უპასუხა. 

აქციის მონაწილეების კიდევ ერთი მოთხოვნა, პროპორციული საარჩევნო სისტემა იყო, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები პროტესტის დაწყებიდან რამდენიმე დღეში დათანხმდნენ. მესამე მოთხოვნა კი "გავრილოვის პატიმრების" გათავისუფლება იყო. 

 

ავტორი: მარია გეგეჭკორი

კომენტარები