სიახლეები

1325 Views
პოლიტიკა

რა არის #სირცხვილია-ს გენ. გეგმა?

20 ივნისიდან ზუსტად სამი თვის შემდეგ, აქციების #სირცხვილია საორგანიზაციო ჯგუფი მუშაობის განსხვავებულ ფორმატზე გადავა. ჯგუფის წევრებმა დღეს მედიასთან საგანგებო განცხადება გააკეთეს - განაცხადეს რომ ხვალ, ოც სექტემბერს, პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე ერთწლიან სამოქმედო გეგმას წარადგენენ.

„რა არის თქვენი გენ. გეგმა“? - ამ შეკითხვაზე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და გადაცემის #სირცხვილია წამყვანმა შოთა დიღმელაშვილმა გვიპასუხა. 

ჩვენ ხვალ უნდა წარვადგინოთ ჩვენი გენ. გეგმა, რაც სინამდვილეში, ოცი სექტემბრის მერე რასაც ვაკეთებთ, იმის შესახებ ინფორმაციაა. ეს იქნება ძველი, კარგი აქტივიზმი, რომელიც რეგიონულ კამპანიებსა და რეგიონებში აქტივისტური ჯგუფების შექმნასაც მოიცავს. აქტივიზმის გეგმა კი არის ის, როგორიც გვინახავს საქართველოში აქამდე აქტივიზმი, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერ, ყველაფერი ერთად იქნება

 - აცხადებს დიღმელაშვილი.


მისივე თქმით, მათი აქტივიზმის მიზანი არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობამ 2020 წელს, საარჩევნო ყუთთან ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს და პრორუსული ხელისუფლება გადაირჩიოს. 

შეგახსენებთ, რომ აქციები #სირცხვილია 20 ივნისს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლების მიწვევით, მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის ფარგლებში, საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი მივიდა და თავმჯდომარის სავარძელიც დაიკავა. რასაც საბოლოოდ, საპროტესტო აქციის ფონზე, პარლამენტიდან მისი გაპარება და ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან მოხსნა მოყვა.

20 ივნისის ღამით, ანტისაოკუპაციო აქციის ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშლის შემდეგ კი, რა დროსაც, რამდენიმე ადამიანი დაბრმავდა, აქციებს პერმანანტული სახე მიეცა - მისი მთავარი მოთხოვნა იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა იყო, რასაც ბიძინა ივანიშვილმა გახარიას გაპრემიერებით უპასუხა. 

აქციის მონაწილეების კიდევ ერთი მოთხოვნა, პროპორციული საარჩევნო სისტემა იყო, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები პროტესტის დაწყებიდან რამდენიმე დღეში დათანხმდნენ. მესამე მოთხოვნა კი "გავრილოვის პატიმრების" გათავისუფლება იყო. 

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტთან #სირცხვილია-ს რიგით 92-ე საპროტესტო აქცია გაიმართება - ხვალ კი საორგანიზაციო ჯგუფი მასშტაბურ აქციას აანონსებს. 

 

ავტორი: მარია გეგეჭკორი

კომენტარები