სიახლეები

3021 Views
პოლიტიკა

“ვიშკაზე“ საბოს ფუნქციას კამერა ასრულებს

„ბიბლიურ თავისუფლებასთან“ დაკავშირებით თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებებს ჰერმან საბო ეხმაურება. ამის შესახებ მან ყოველდღიურ გადაცემაში „გირჩის აზრით“ ისაუბრა.

მისი აზრით, ღარიბაშვილი, მთელ „ქართულ ოცნებაში“, ერთ-ერთი ყველაზე დაკომპლექსებული ადამიანია - „ეშინია დაცინვის, პატარა კაცის კომპლექსი აქვს ჩემი აზრით“.

საბო დარწმუნებულია, რომ ღარიბაშვილის განცადებების მიუხედავად, „გირჩის“ მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია მუშაობას ჩვეეულ რეჟიმში გააგრძელებს.

ცოტნე კობერიძესთან საუბრისას მან რამდენიმე თვის წინანდელი ამბავიც გაიხსენა - როცა იმ ადგილას იყო მისული, სადაც შვიდი წლის წინ, სავალდებულო სამხედრო სამსახურში თავად მსახურობდა და უკვე დღეს „ვიშკაზე“ ადამიანების ნაცვლად კამერები „მსახურობენ“.

„მომიწია იმ ადგილას მისვლა, სადაც მე სავალდებულო სამხედრო სამსახურს ვიხდიდი - პენიტენციურ სისტემაში ვიყავი, ყველაზე უპატრონოები სადაც მიყავთ ჯარში, იქ. უნდა გადაგვეღო გაწვეული ბიჭები როგორ დგანან „ვიშკებზე“. არავინ იყო, გავიხედე, გამოვიხედე, ვიფიქრე გამოვარდება ახლა ოფიცერი, ვის გძინავთო, მაგრამ არაფერი. თურმე კამერები დაუმონტაჟებიათ იქ სადაც მე ვიდექი.

იმდენად დეფიციტი აქვთ უკვე, რომ ის ხალხი, ვისაც ერთი წლის მანძილზე ასე აწამებდნენ, მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტებით ჩაანაცვლეს. რატო არ შეძლებოდა იგივე ექნათ 2011-12 -13 წლებში და მე არ ვეწამებინე, არ ვიცი. ვინ მეტყვის ლოგიკას, რომ ახლა კამერები გამართულია და რამდენიმე წლის წინ არ იყო.

კარგია, მინდა რომ დანარჩენ სამსახურებსაც ასე მოუწიოთ ან საკონტრაქტოზე გადასვლა იმიტომ რომ ჩვეულებრივი სამსახურია ციხეების გარე პერიმეტრის დაცვა, გადაიხადოს სახელმწიფომ თუ უნდა დაქირავებული ხალხი პროფესიონალები, ვინც დაიცავენ - და არა ის ხალხი ვინც ჩემთან ნაწილში იყვნენ და იარაღს ხელში რომ იღებდნენ, მეშინოდა“ - აცხადებს საბო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მოხსენებით წარსდგა. სიტყვით გამოსვლის დიდი ნაწილი მან სწორედ "გირჩსა" და "ბიბლიურ თავისუფლებაზე" საუბარს დაუთმო - პარტია სექტად მოიხსენია და თქვა ისიც, რომ "გირჩი" ჯარის ძლიერებას საფრთხეს უქმნის. 

კომენტარები