5 სექ 2019
261 Views
პოლიტიკა

ღარიბაშვილი სამხედრო სავალდებულო სამსახურზე: ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავარეგულიროთ ეს საკითხი!

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი "გირჩის" ლიდერების განცხადებებს, პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე პასუხობს.

ღარიბაშვილი "გირჩს" კვლავ სექტად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მთავრობაში დამტკიცების პირველივე დღეს, სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ კანონმდებლობას გადახედავს. 

"მე აღარ მინდა იმ უღირსი ადამიანების შეურაცხყოფებს ვუპასუხო. უკვე გამოგვეხმაურნენ როგორც ნახეთ, სექტის წარმომადგენლები და მე ვიტყვი შემდეგს: ეს არის ისტორიული ფაქტი რომ ჩვენი ქვეყანა მოვიდა ჩვენი სარწმუნოებით, რაზეც დგას ჩვენი ერი და მეორე, ჩვენი ჯარი, ჩვენი უკვდავი მეომრები. 

ეს უღირსი ადამიანები ამ ორ მთავარ ფუნდამენტს ურტყამენ და ანგრევენ. მცდელობა აქვთ, რა თქმა უნდა. ეს არის 0.1% რომელიც ასე აზროვნებს. მე ბედნიერი ვარ რომ მივეკუთვნები იმ აბსოლუტურ უმრავლესობას, რომელიც სხვანაირად ფიქრობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება მათ ამ პროვოკაციულ ანტისახელმწიფოებრივ ანტიეროვნულ წამოწყებებს, ჩვენ უბრალოდ გავაკეთოთ ჩვენი საქმე. ისე როგორც ჩვენ მიგვაჩნია სწორად და მე მჯერა, რომ პარლამენტის უმრავლესობა ასე ფიქრობს. 

 ჩვენ, თქვენთან ერთად, ბატონო ირაკლი, პარლამენტის წევრებო, დავიწყებთ დღეიდანვე, როგორც კი დავინიშნებით სამინისტროში, დავიწყებთ მუშაობას რომ შევიმუშაოთ შესაბამისი კანონპროექტი და დავარეგულიროთ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ" - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

მანამდე კი, ირაკლი ღარიბაშვილმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის დასრულება, ერთ-ერთ პირველ და მთავარ საზრუნავად დაასახელა. 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების  გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას ღარიბაშვილმა სავალდებულო სამხედრო გაწვევის სფეროში ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს კატასტროფა და ტრაგედია, "გირჩს" კი სექტა უწოდა. 

„მე ვგულისხმობ პოლიტიკური მოძრაობის და ჩვენი ოპონენტების, ნაცმოძრაობის და მათთან აფილირებული წევრების, ე.წ. გირჩის ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც ხდება პირდაპირი დეგრადაცია, მცდელობა, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მომავალი თაობის, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. არ მოვერიდები და ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე მინდა აღვნიშნო. რომ ამ ორგანიზაციის, თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ჯარის ძლიერებას. ეს არის პირდაპირ ძირგამომთხრელი საქმიანობა ჩვენი სახელმწიფოსი“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ბიბლიურ თავისუფლებასთან" დაკავშირებით თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, ზურა ჯაფარიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოეხმაურა. 

მის ამ პოსტს უცვლელად გთავაზობთ: 

"ცოტა ხნის წინ პარლამენტში თქვი ბიბლიური თავისუფლება სექტაა, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის უსაფრთხოებასო.

8 წელია გიყურებ და შენთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას რომ აზრი არ აქვს ვიცი.

ამიტომ, იმედი მაქვს ეს მხოლოდ სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია, რომელიც ასავალ-დასავალის მკითხველ ელექტორატზეა გათვლილი.

ასეთ შემთხვევაში, შენ და მეორე ირაკლიმ, რომელიც ასევე ვითომ ქვეყანაზე ზრუნავს, გადაა...თ ერთმანეთს.

მაგრამ, თუ მართლა რამე ნაბიჯების გადადგმას აპირებ რომ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო - ასავალ-დასავალში გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროს სადარბაზოს შესასვლეთან" - წერს ჯაფარიძე. 

"ბიბლიური თავისუფლების" მღვდელმთავარი ლევან ჯგერენაია კი ღარიბაშვილს ასე გამოეხმაურა: 

ღარიბაშვილს აქამდეც ჰქონდა ასეთი მცდელობა, კუნთებს ათამაშებს, თითქოს რაღაცას წყვეტს  და ამბობს რომ ბიბლიურ თავისუფლებას ავკრძალავთ და ამით ჩვენ უფება გვექნება ადამიანები მონებად ვაქციოთო. საბოლოო ჯამში, ეს ღარიბაშვილის გადასაწყვეტი მაინც ვერ იქნება. თუ საქმე საქმეზე მიდგება, ისე შევაწუხებთ ამაზე რომ ღარიბაშვილზე ზემდგომ ადამიანს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება. თვითონ კი „ბლატაობს“ ახლა, მაგრამ „ბიბლიური თავისუფლების“ გაუქმება მისი გადასაწყვეტი არაა. ეგ კი არა, თანამდებობაზე მოსვლა-წასვლა არაა მისი გადასაწყვეტი.

ბიბლიურმა თავისუფლებამ“ ამ ქვეყანაში სისტემის მონობისგან 25 ათასზე მეტი ადამიანი დაიცვა და ახლა ღარიბაშვილი ამბობს რომ, 700 ათასი ადამიანი არის ამ ქვეყანაში ვისაც ჯარი ეხება და მათ პოტენციურ მონებად განიხილავს. ახლა გადაწყვიტა, რომ უფლება აქვს, ადამიანების უფლებების დაცვა აგვიკრძალოს და „ვიშკაზე“ მათ მსახურებად წაიყვანოს. ეს არ გაუვა ღარიბაშვილს იმიტომ რომ სიმართლე არ არის მის მხარეს“ - აცხადებს ჯგერენაია.



კომენტარები