მეტი გამჭვირვალობა, ნაკლები კორუფცია და ელიტიზმი
ნებისმიერი მემარჯვენე ლიბერალისთვის მნიშვნელოვანია სახელწმიფოს წილი ეკონომიკაში არ იყოს დიდი. ოცნებამ დაგეგმა გადასახადების ზრდისთვის რეფერენდუმის საჭიროების მოხსნა. ჩვენ უნდა შევატრიალოთ მათი გეგმა და გამოვრიცხოთ გადასახადების კიდევ უფრო ზრდა. ასევე, უნდა გავაუქმოთ საპენსიო რეფორმის სახელით შეპარული დამატებითი, ანტიკონსტიტუციური ძარცვა.
თუმცა, გადასახადების შეზღუდვა არაა საკმარისი: ჩვენ ასევე უნდა ვიბრძოლოთ, რომ მთავრობამ ნაკლებად მავნებლურად ხარჯოს ნებისმიერი ფული, რასაც განკარგავს. მთავრობის ხარჯების მავნებლობას ბევრი წყარო აქვს: ერთ-ერთი მთავარი წყარო კორუფციაა. კორუფცია ნიშნავს დაუმსახურებლად გამდიდრებულ ადამიანებს, თავისუფალი კონკურენციის შესუსტებას, უნიჭო და არაწესიერ ადამიანებს ბიზნესში, ნაკლებ სტიმულს ბიზნესის პატიოსნად კეთებისთვის - ანუ, ეკონომიკის გაცილებით ნელ ზრდას და ქვეყანაში არაჯანსაღი ფასეულობების გამყარებას.
კორუფციის და ნეპოტიზმის შესაძლებლობებს ზრდის არაგამჭვირვალე, ხალხისთვის ნაკლებად გასაგები და ნაკლებად კონტროლირებადი სახელმწიფო პროგრამები. შესაბამისად, უნდა ვიბრძოლოთ, რომ ხარჯები გადამისამართდეს ასეთი პროგრამებიდან, მაქსიმალურად გამჭვირვალე, მარტივ, მთელი საზოგადოებისთვის სასარგებლო მიზნებზე.
უნდა ვიბრძოლოთ ელიტისტური პროგრამების წინააღმდეგ, რომელიც საზოგადოების ნაწილს აყენებს სხვებთან უპირატეს მდგომარეობაში. ასეთი პროგრამებია სხვადასხვა დარგის სუბსიდიები ან ცალკეული ინდივიდების წარმატებაში ინვესტირება. მაგალითად, მთავრობა ათეულობით ათას დოლარს ხარჯავს თითო რჩეული სტუდენტის პრესტიჟულ უცხოურ უნივერსიტეტებში სწავლაზე, მაშინ როცა უამრავი ქართველისთვის წელიწადში ათასი დოლარიც კი საოცნებო შემოსავალია. ასეთი პროგრამები, მეტ-ნაკლებად გამართულად მუშაობის შემთხვევაშიც კი უსამართლო და არაეფექტურია.
შესაბამისად, ჩემი მთავარი მიზნები იქნება: ნაკლები კორუფცია, ნაკლები მავნებლობა და უსამართლობა, მეტი გამჭვირვალობა სახელმწიფო პროგრამებში.