სიახლეები

810 Views
პოლიტიკა

გიორგი ლომინაძე: სიტყვით ყველა გიჟდება ახალგაზრდებზე, საქმით კი - ვერა

არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ბაზრის" დამფუძნებელი გიორგი ლომინაძე, არჩევნებზე კენჭისყრის ასაკობრივი ზღვრის დაწევის შესახებ, "გირჩის" მიერ წამოყენებულ ინიციატივას ეხმიანება.

ლომინაძის თქმით, ქართული პოლიტიკური პარტიები ვერ თმობენ თბილ სკამებში ჩაჯდომის პერსპექტივას და არ ემეტებათ მართვის სადავეები ახალგაზრდა თაობისთვის. ამიტომაც სიტყვით ყველა გიჟდება ახალგაზრდებზე, თუმცა საქმით საპირისპიროს ამტკიცებენ.

სასაცილოა, რომ "გირჩის" გარდა არცერთი პოლიტიკური პარტია არ უჭერს მხარს ნულოვან, ანუ, "ბუნებრივ"  ბარიერს, და სადეპუტატო ასაკობრივი ზღვარის და ხმის მიცემის უფლებით მოსარგებლე პირების ასაკის დაბლა დაწევას, ანუ, ჯამში, ყველაფერ იმას, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, რომ უკვე არსებულ პარტიებთან კონკურენციაში შევიდნენ  და არჩევნებში დაამარცხონ, მაგრამ, ამავე დროს, თითქმის ყველა პარტია ლამის ვენებს იხსნის, ისეა აღფრთოვანებული ახალგაზრდების პროტესტით და მათ სიმტკიცეს და შეუპოვრობას დითირამბებს უძღვნის.

მოკლედ, სიტყვით თითქმის ყველანი გიჟდებიან ახალგაზრდებზე, მაგრამ საქმით, აი, ვერა, რა - ვერ თმობენ თბილ სკამებში ჩაჯდომის პერსპექტივას ჩვენი გადაღრძუებული პოლიტიკოსები, არ ემეტებათ მომავალი თაობებისთვის ქვეყნის მართვის სადავეები. მარქსიზმში ჩარჩენილი გრიგოლ ვაშაძეა ამათი არქეტიპული სახე, 20 ივნისის აქციის დროს მიკროფონთან რომ არ გააკარა ახალგაზრდები მათ მიერვე აგორებულ საპროტესტო აქციაზე.

არ უნდათ დინოზავრებს გადაშენება და რა გინდა, რომ ქნა? მაგიტომაც ცდილობენ ჩვენს მოტყუებას. მაგრამ ეს მხოლოდ მწვერვალია პრობლემის. კიდევ უფრო უარესი ისაა, რომ ამ პარტიების თითქმის ყველა პოლიტიკაც, სინამდვილეში, ახალგაზრდების ჩაგვრას ემსახურება, ჯერ უვარგის საჯარო სკოლებში უვიცი "პედაგოგი" ამომრჩევლების მიერ მათი ტვინის გამოლაყებით დაწყებული, მერე სავალდებულო სამხედრო სამსახურში მონებად მათი წასხმით გაგრძელებული, და, ბოლოს, მათი, როგორც სამუშაო ძალის ნაკლებად კონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენებით და მათთვის წართმეული გადასახადების მათზე ბევრად შეძლებული ხნიერებისთვის მიცემით დამთავრებული.

რადგან ახალგაზრდებს ხმის უფლება წართმეული აქვთ, ამიტომ პოლიტიკური პარტიები არც რაიმე ვალდებულებას გრძნობენ მათ წინაშე და, როგორც ჩანს, არც სურთ, რომ რაიმე ვალდებულებას გრძნობდნენ. "ჩვენს ყოჩაღ და გამბედავ ახალგაზრდებზე" სადღეგრძელოების ლაპარაკი ხომ ბევრად უფრო ადვილია. თან, მონები ხომ ბევრად უკეთ მუშაობენ, როცა ბატონები მათ აქებენ.

წერს საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე გიორგი ლომინაძე.

კომენტარები