იზორიას ძმის შესახებ

ძალიან საყურადღებო გადაცემაა ეს.

გადაცემის სულისკვეთებით, რასაც პირველი ვგებულობთ ისაა, რომ დაკავებული გაათავისუფლეს, რადგან მისი ძმა მაღალი თანამდებობის პირია, ძალოვან უწყებებში.

ეს ფაქტია და ამ მოცემულობას მე ეჭვქვეშ არ ვაყენებ.

არც იმ მოცემულობას ვაყენებ ეჭვქვეშ, რომ ვიღაცისადმი პრივილეგიის მინიჭება, იმის გამო რომ ვინმეს ძმაა, დაუშვებელია.
სიუჟეტში, პროტაგონისტი - ყოფილი პოლიციელი, გმირად არის გამოყვანილი, რომელიც სისტემის წინააღმდეგ წავიდა, რადგან კანონს იცავდა და ამის მიღწევაში ხელი შეუშალეს - უკანონოდ გაათავისუფლებინეს რა, დაკავებული ჩინოვნიკის ძმა.

მაგრამ, მოდი, ერთი წამით დავივიწყოთ, რომ დაკავებული ვინმეს ძმაა და ამიტომ გაათავისუფლეს.

ჩავთვალოთ, რომ ჩვეულებრივი ადამიანია, არც მისი წარსული ვიცით და არც ოჯახური, თუ სულიერი მდგომარეობა.

რას ვხედავთ?

1. აკავებენ ადამიანს, რომელმაც არ ვიცით რა დააშავა და არც ის თუ რატომაა მისთვის აუცილებელი ხელბორკილის დადება (შედარებისთვის იხილეთ პოლიციის მიერ სამოქალაქო აქტივისტების და პოლიტიკოსების დაკავების ქეისები).

2. დაკავებული გაკვირვებულია იმ მოპყრობით, როგორც მას ეპყრობიან, ჩხუბობს და ამბობს რამდენს ბედავთო. პირველი პუნქტის გათვალისწინებით რა არის აქ არაბუნებრივი?

3. როცა ხვდება, რომ სხვა გზა არ დარჩა და იჭერენ, ეძებს გზას თავის დასახსნელად, აცნობს საკუთარ თავს სისტემას და ცდილობს ძმის დახმარებით დაიცვას თავი მისგან.

4. პოლიციელი ამბობს, რომ მისი ნება რომ იყოს ნარკოლოგიურში წაიყვანდა, თუმცა ამ ვიდეოდან ასევე არ ჩანს, რატომ არის ეს კაცი ნარკოლოგიურში წასაყვანი. მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაც მუნდირიანმა გადაწყვიტა ასე? რას ამბობს არალოგიკურს?

ანუ, ეს ადამიანი იზორიას ძმა თუ არ აღმოჩნდებოდა და მას სისტემა ისე მოექცეოდა, როგორც უპირებდა,(დაჭერა, ნარკოლოგიურში გადაყვანა და.ა.შ.)

თქვენი აზრით, სამართლიანობა იზეიმებდა?

ამ გადაცემის ავტორებს ისეთი წესრიგი უნდათ, რომელშიც ეს ადამიანი ციხეშია?

რა არის უფრო დიდი პრობლემა, ადამიანის უკანონო დაკავება თუ ის, რომ ძმას უხმობს საშველად, რათა დაეხმაროს ბოროტი სისტემის კლანჭებიდან თავის დახსნაში?

რა უფრო დიდი პრობლემაა იზორიას საქციელში, ძმას რომ დაეხმარა, თუ ის, რომ იცის სადაც მუშაობს და არაფერს აკეთებს იმ სისტემის შესაცველელად, რომელიც მის ძმასთან ერთად მთელ ქვეყანას ცუდად ექცევა?

ამ კითხვებზე პასუხი აკლია ამ სიუჟეტს, ამიტომაც არის ცალმხრივი.

და ამიტომ გამოჰყავს გმირად ის, ვინც რეალურად გმირი არაა.საბჭოთა სისტემის უსამართლობა კი პირიქით, მრავალმხრივია და თუ გვინდა მასთან ბრძოლაში წარმატებას მივაღწიოთ, მრავალი მხრიდან უნდა შევხედოთ და სრული სიმართლით უნდა დავუპირისპირდეთ.

ავტორი: იაგო ხვიჩია



Comments