სიახლეები

390 Views

ნემო ბურჭულაძის ისტორია

ნემო ბურჭულაძეს დიდი ხანია პირადად ვიცნობ, გარდა იმისა, რომ მას მაღალი თანამდებობა ეჭირა პირველი პრეზიდენტის ხელისუფლებაში, ვიცოდი, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის გუნდის წევრი და თანამებრძოლი იყო.

პირველი ისტორია ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგე მხარის მიერ იყო მოყოლილი და მინდოდა, რომ ,,საქართველოს დაბადების“ მეორე გადაცემაში, პირველი პრეზიდენტის თანამებძოლთან მესაუბრა.

ბატონი ნემო სიამოვნებით დამთანხმდა.

ჩემთვის ყველაზე საინტერესო მომენტი, ამ ისტორიაში, იმ დღეების გახსენება იყო, როცა 1991 წლის დეკემბრის ბოლოს, საქართველოს დედაქალაქში ბრძოლები დაიწყო.

ნემო ბურჭულაძემ მოჰყვა, რომ ამ დროს ის, როგორც საქართველოს დელეგაციის წევრი, ალმა-ატაში იმყოფებოდა, სადაც განიხილებოდა საკითხი საქართველოს ,,დსთ“ -ში შესვლის შესახებ. ამ შეხვედრაზე ქართულ მხარეს გასაგებად უთხრეს, რომ თუ არ შევიდოდით ე.წ. 'ესენგე-ში", საქართველოში ომი დაიწყებოდა. ქართულმა დელეგაციამ ამაზე უარი თქვა და მეორე დღეს თბილისში ომი დაიწყო.

საკმაოდ რთულია შეაფასო ამ გადაწყვეტილების სისწორე დღევანდელი გადმოსახედიდან, როცა სისხლისღვრის და სამოქალაქო ომის მიუხედავად, ჩვენ მაინც მოგვიწია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლა მოგვიანებით, მაგრამ ჩემთვის ბატონი ნემოს არგუმენტაცია გასაგებია.

გასაგებია იმის გამოც, რომ იმ დროს საქართველოს პირველი პრეზიდენტის და მისი გარემოცვის თვალით, ეს მაინც სსრკ-ში დაბრუნება იყო და მათ უარი განაცხადეს ამაზე, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ მეტ ნაკლებად აცნობიერებდნენ შედეგებს.

ნემო ბურჭულაძემ გადაცემაში ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ფინანსდებოდა ეროვნული მოძრაობა, ისაუბრა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიაზე, საკუთარ ტყვეობაზე სამხედრო გადატრიალების დროს და იმაზე, თუ როგორ განდევნეს პირველი პრეზიდენტი, როგორ დაცხრილეს ადამიანებით სავსე ავტობუსი, რომელშიც თვითონაც იჯდა და წითელი ინტელიგენციის როლზე ამ პროცესებში.

დასახელდა კონკრეტული სახელი და გვარები, რომლებმაც მიიღეს შეიარაღებული მონაწილეობა პირველი პრეზიდენტისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ.

გარდა ამისა, გადაცემაში მოისმენთ სხვა საინტერესო და რეალურ ისტორიებს.

კომენტარები