თავისუფლებაში დაბადებული თაობა

•საბჭოთა კავშირი

ძალიან პატარა ასაკიდან დავინტერესდი საბჭოთა კავშირით. ღრმა ბავშვობიდან მახსოვს ამ იმპერიაზე მოყოლილი ისტორიები და ზღაპრები, რომელიც მუდმივად მაბნევდა. უფროსი თაობისგან მოსმენილი ისტორიები 37 მანეთით მოსკოვში მოგზაურობაზე, უდარდელ და  ბედნიერ ცხოვრებაზე ძალიან განსხვავდებოდა ჩემი მშობლების თაობის მონაყოლისგან, რომლებიც  იხსენებდნენ 9 აპრილის ისტორიას, ჩერნობილის ტრაგედიას, პიონერთა ყელსახვევებს, საბჭოთა სკოლების სიმკაცრეს და თავისუფლების არარსებობას საბჭოთა კავშირში. როგორც დაბნეულ ადამიანებს ჩვევიათ, კითხვა და ინფორმაციის ძიება დავიწყე. სწორედ ამ ძიებისას აღმოვაჩინე იური ანდრუხოვიჩის წიგნი, "მოსკოვიადა", რომელიც გვიყვება ისტორიას უკრაინელ მწერალზე საბჭოთა დედაქალაქში, მოსკოვში. ვკითხულობდი "მოსკოვიადას", ვეცნობოდი საბჭოთა საზოგადოებას, წესრიგს და მადლობას ვუხდიდი სამყაროს, რომ ამ სისტემისგან ძალიან შორს, 12 წლის შემდეგ გამაჩინა. სწორედ მაშინ შევიცანი და დავაფასე თავისუფლება. სწორედ მაშინ მივეცი ჩემს თავს პირობა, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანად ჩამოვყალიბდებოდი.

• ფერადი თაობა

ჩემი თაობა, რომელსაც ფერად თაობად მოვიხსენიებ, რადგან, თბილისის მერისგან განსხვავებით, სიფერადეს და განსხვავებულობას დადებით თვისებად აღვიქვამ, მუდმივად იტანს ზეწოლას ჩვენზე ბევრად უფროსი ადამიანებისგან. საბჭოთა საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ადამიანები ებრძვიან  სილაღეს, სიფერადეს, განსხვავებულ ხედვებს და ორიენტაციებს. რაც მთავარია, ისინი ებრძვიან გამოხატვის თავისუფლებას. ჩემი თაობის ყველა წევრს აქვს მოსმენილი ფრაზები: "ჯერ პატარა ხარ, რამდენს ტლიკინებ", "თავისუფლება კარგია, მაგრამ ზომიერად", "შენ ხელა რომ ვიყავი ამდენს ვერ ვბედავდი" და ა.შ მიუხედავად ამხელა ზეწოლისა ჩვენ არ ვჩერდებით. ვატარებთ იმდენ პირსინგს, რამდენიც გვინდა. ვიღებავთ თმას იმ ფერად, რა ფერადაც გვინდა. ვაფრიალებთ ჭრელ დროშებს და რაც მთავარია ვეთაყვანებით ტკბილ თავისუფლებას. ფერადი თაობა ვიდექით, 20 ივნისის შემდეგ, 3 თვე პარლამენტის წინ. ვაპროტესტებდით ძალადობას, ფერადმა თაობამ მოვუტანეთ ჩვენს ქვეყანას პროპორციული არჩევნები. ჩვენ ვამსხვრევთ სტერეოტიპებს და უაზრო წესებს. ვზრუნავთ და ვეთაყვანებით დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს. ფერადი თაობა  ცვლილებებისთვის ვიბრძვით, მაგრამ სამწუხაროდ ბევრს ვერაფერს ვაკეთებთ, რადგან თავისუფალ საქართველოში დაბადებულ ადამიანების უმეტესობას არ გვაქვს ხმის მიცემის უფლება. ადამიანებს, რომელთათვისაც პრიორიტეტი ქვეყნის მომავალია და არა ხვალინდელი კეთილდღეობა ხელი არ მიგვიწვდება რეალურ ცვლილებებზე. იქნებ სწორედ ეს წარმოშობს პრობლემებს ქვეყანაში? იქნებ სწორედ ამიტომ ითვალისწინებენ ნაკლებად  თავისუფალ საქართველოში დაბადებული ადამიანების სურვილებს? იქნებ უკვე დროა საარჩევნო ასაკს დავუწიოთ? 

ავტორი: თეკლა დალაქიშვილი
 



კომენტარები