სიახლეები

16 Views
პოლიტიკა

რუსეთიდან ემიგრანტების მიღებაზე

1. როცა ესპანეთი ებრაელებს დევნიდა, ებრაელების დიდი ნაწილი ჰოლანდიაში გადაბარგდა. არც იქ უყვარდათ დიდად ებრაელები, მაგრამ ჰოლანდიელებს ისეთი წესრიგი ჰქონდათ აწყობილი, რომ ებრაელებს ცხოვრება და ვაჭრობა თავისუფლად შეეძლოთ. ამან კი იმდენად დიდი ბიძგი მისცა ჰოლანდიას, რომ მალე ის დიდ იმპერიად გარდაიქმნა და დღემდე ესპანეთზე ბევრად წინ არის

2. დავუბრუნდეთ აწმყოს. გასაგებია, რომ რუსეთი ჩვენთან პირველ რიგში ომთან ასოცირდება, და როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის შემთხვევაში, აგრესორი ქვეყნის იმიჯი მისი ძირითადი მოსახლეობის სტერეოტიპულ სახეზეც მოქმედებს. თუმცა, როგორც ყველა გერმანელი არ იყო ნაცისტი, იმავენაირად, ყველა რუსი ვერ იქნება პუტინისტი თუ ომის მხარდამჭერი. ადამიანების ეროვნებით დაყოფა, ჩვეულებრივი ნაციზმია, რომელიც თავისუფალ საზოგადოებასთან ვერასდროს იქნება თავსებადი.

3. ახლა რუსეთიდან ყველაზე აქტიური ადამიანები გარბიან, და ამავდროულად ისეთი ადამიანები, როლის მორალით ცხოვრება თანამედროვე რუსეთის პირობებში საშიშია. სხვა სიტყვებით, რუსეთს მოსახლეობის საუკეთესო ნაწილი ტოვებს და ებრაელების ნაირად, ამ ხალხმა დიდი სარგებელი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას, რომელიც მათ მიიღებს

4. როცა ქართველები 1920-იან წლებში საბჭოთა კავშირს ტოვებდნენ, ფრანგებს ან ესპანელებს შეეძლოთ ეთქვათ, „წადით, თქვე კომუნისტებო, უკან და დაამხვეთ სტალინის რეჟიმი“. დარწმუნებული ვარ, მათ ასე რომ გაეკეთებინათ, ახლა ამგვარ საქციელს კეთილად არ გავიხსენებდით

5. რეალობაში კი მთავარი პრობლემა, როგორც ყოველთვის, მთავრობაშია. იმიტომ, რომ მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, ვინ შემოუშვას და ვინ არა, მოქალაქეების აღქმა ამ პროცესის ხშირად მოწყვეტილია ლოგიკას და შეიძლება ამორალურიც კი იყოს. ეს პრობლემა რომ მოგვარდეს, ქვეყანაში მხოლოდ ის უნდა შემოდიოდეს, ვისაც აქ ვინმე ელოდება, სასტუმროს მფლობელი, დამსაქმებელი, ნათესავი ან ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე, რომელიც მზად არის გაუმასპინძლდეს სტუმარს. მაშინ ემიგრაცია ვერასდროს გახდება პრობლემა და ნებისმიერი კონფლიქტი ინდივიდუალურ დონეზე მოგვარდება. თუმცა ამისთვის პრივატიზაცია არის საჭირო, რაც სხვა და ბევრად უფრო რთული პრობლემის ნაწილია.

იხ. სტატია ფეისბუქზე.

 

კომენტარები