სიახლეები

398 Views

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის განხილვამ ისევ გადაიწია - შეფასებები

დღევანდელ დილის გადაცემაში ვახო მეგრელიშვილმა და იაგო ხვიჩიამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის განხილვის ვადის გადაწევაზე ისაუბრეს.

როგორც იცით, 13 ივლისს, ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის სხდომის შემდგომ გაირკვა, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას ევროპარლამენტი 2022 წლის დეკემბრის ნაცვლად, 2023 წელს შეაფასებს. გადაწყვეტილება იმით აიხსნა, რომ დეპოლარიზაციასა და თითოეული პუნქტის შესრულებას მეტი დრო სჭირდება.

ხვიჩიას აზრით, ევროპელებმა ნახეს ქართული ოცნება როგორ მუშაობს, რა სამომავლო გეგმები აქვთ და ამაზე დაყრდნობით გამოიტანეს დასკვნა, რომ თუ პოლიტიკური სპექტრი ასე გააგრძელებს მოქცევას, ეს ვადა კიდევ და კიდევ გადაიწევს უსასრულობამდე. მისივე თქმით, ეს პროცესი, საბოლოოდ, ხელისუფლების ცვლილებამდე მივა.

ხელისუფლება თავს ისულელებს, თითქოს ვერ ხვდება, რა კავშირია მიშას პატიმრობა  ევროინტეგრაციასთნ, 3 დეპუტატის გასვლა პარტიიდან და იმ განცხადებების გაკეთება, რასაც ისინი აკეთებენ, გორის საკრებულოდან ოცნების წევრები რომ წავიდნენ და კელი დეგნანის განცხადებებს აკრიტიკებდნენ.

ამას რომ აკეთებ, ხომ გასაგებია, რომ არანაირი ევროინტეგრაცია არ გინდა, პირიქით, რაღაც ნიჰილიზმის დათესვა გინდა საზოგადოებაში, რომ სხვისი ბრალია, ეს ამბავი რომ არ გამოვიდა.

                                                                                                                                                                                   - იაგო ხვიჩია.

მისივე თქმით, ხელისუფლება უამრავ მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო  საკითხს განიხილავს სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე გარდა იმ მთავარი საკითხისა, რომლის გამოც არის მთელი ეს პროცესი შეფერხებული. დეპოლარიზაციაზე მუშაობის ნაცვლად ქართული ოცნება ულტიმატუმებს აყენებს და ამბობს, რომ მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომ მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

ხვიჩია მიიჩნევს, რომ კანდიდატის სტატუსის განხილვის ვადის გადაწევა არ არის ქვეყნისთვის სასარგებლო, რომ სინამდვილეში, ამ დროის გადაწევით საქართველო უკრაინასა და მოლდოვას შორდება და ცოტა ხანში ყველას დაავიწყდება, რა კავშირია ამ სამ ქვეყანას შორის.

ავტორი: პოლინა აბზიანიძე                                                                                                                                                              

კომენტარები