სიახლეები

1674 Views
ეკონომიკა

ნაცარქექია, ეკონომიკურ ზრდა და ნობელის პრემია

ნაცარქექია უსაქმური კაციაო - თქვა ერთხელ განათლების მინისტრმა.

შეუსწორეს. ლელო დაუდო ზურაბ კიკნაძემ, გილგამეშისა და ოდისეას მთარგმნელმა. არ ვიცით გამგებმა გაიგო თუ არა. ზოგადად ეგრეა, ნულსა და ერთს შორის ზოგი ორს ხედავს, ზოგი უსასრულობას.

ეკონომიკაში მაგრად გვიჭირს. ეკონომიკურ ლიტერატურაში უფრო მეტად. „ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა“, თორემ ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ეკონომიკური ლიტერატურა გვაქვს გამოცემული, ალბათ ლიდერები ვიქნებით  ეკონომიკური მაკულატურით per capita. „ესე იგის ამოკლებენ - ე-წერტილი, ი-წერტილი-ს წერენ. შე დალოცვილო, ესე იგი“-ს რას ერჩი, რატომ ჩეხავ, იყოს თავისთვის, ამას ის არ სჯობდა, კილონახევარი წიგნი ტყუილად არ დაგეწერა?“ - ესეა ჩვენი საქმე.

წიგნებს თავი დავანებოთ, აიღო კაცმა ნობელის პრემია ეკონომიკაში, პროფესორი ხარ? დაწერე რა რაღაცა, ვინ არი, რატო მისცეს, რა დამსახურება?  ტყუილად წიგნის წერას არ ჯობია?

ძალიან შორს წავედი, აქტუალური თემა კია, მაგრამ ამაზე მოგვიანებით. ეს ბლოგი სხვა რამეზეა.

გუგლ სქოლარზე თუ შესულხარ ოდესმე, მაშინ ეს ფრაზა წაკითხული გექნება : Stand on the shoulders of giants. მოკლედ რომ ვთქვა, ეს ნიშნავს, რომ ახალი ცოდნა იქმნება ძველის გამოყენების ხარჯზე. ბევრი მიკიბმოკიბვის გარეშე, spoiler alert და გუგლ სქოლარს ამ ფრაზით ნაცარქექია ყავს მხედველობაში. ამერიკელი ნაცარქექიებიც არსებობენ და საერთოდ დღეს ამერიკელი ნაცარქექია ბევრად მაგარი ვინმეა ვიდრე ქართველი.

წინა ნობელის პრემია პოლ რომერს რომ მისცეს, გვერდზე ვილიამ ნორდჰაუსი მიუყენეს. ცოტა გაუგებარია რატომ, მე ვინ მეკითხება მაგრამ, პოლ რომერს ფილიპ აიონი და პიტერ ჰოვიტი უნდა ყოლოდა გვერდით. მინიმუმ.

ვითომ ინტელექტუალურ ბლოგში რომ არ ჩამეთვალოს ეს ამბავი, ამ სახელებსა და გვარებზე ცოტა ბევრს ვილაპრაკებ. მოკლედ, პოლ რომერმა ასეთი რამე თქვა, ეკონომიკა გაიზრდება, იმ შემთხვევაში თუ არსებობს ტექნოლოგიური ზრდა. ტექნოლოგიები გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ ფირმა აბანდებს ფულს კვლევასა და განვითარებაში, ე.წ [მე ე წერტილი წ წერტილი ვიხმარე] R&D.  ფირმის მთავარია მოტივიაა წარმატებით შექმნას ახალი ტექნოლოგია, მიიღოს მეტი მოგება, აჯობოს კონკურენტებს. ყველა ფირმა როცა ასე იქცევა, იზრდება ეკონომიკა.

თუმცა საქმე არც ასე მარტივადაა. პირველ რიგში, R&D-ის ადამიანური რესურსი სჭირდება, შემდეგ დაფინანსება. მეორე, ის რომ მოკლევადიან პერიოდში არსებობს ერთგვარი დაპირისპირება წარმოებასა და R&D-ის შორის. წარმოების მაქსიმიზაციისთვის აუცილებელია, ყველა ადამიანი  ჩართული იყოს საწარმოო პროცესში, მაშინ როდესაც R&D ითხოვს გარკვეული ადამიანების ჯგუფს და ფინანსებს რაღაცა გაურკვეველი სიახლის შესაქმნელად და კაცმა არ იცის გამოუვათ თუ არა ეს საქმე. როგორც იტყვიან fifty-fifty.

მოკლედ, რომერმა ეს ყველაფერი მათემატიკაში გადაიყვანა და კი აიღო პრემია 25 წლის მერე.

ამ თეორიას ბევრი მაგალითი უმყარებს ზურგს. მაგალითად - Apple.

ჩემს ბავშვობაში მახსოვს ვისაც უფრო პატარა მობილური ტელეფონი ქონდა, მით უფრო მაგარი ტიპი იყო. მერე გამოვიდა ჯინსიანი კაცი და ახალი სიტყვა თქვა. ნოკიას მხრებზე დადგა და დაიძახა: „პატარა ტელეფონები აღარ გვინდა ძმებო, პირიქით დიდი ტელეფონი უნდა იყოს, ყველეფერი რომ ეტეოდეს შიგნითო“ საერთოდ ჩაძირა ნოკია და მისნაირები. ამას ეძახის ავსტრიული სკოლა ,,შემოქმედებით ნგრევას“. ამიტომ უნდა აეღოთ ნობელი აიონს და ჰოვიტს, რომერთან ერთად.

დავუბრუნდეთ ნაცარქექიას.

ნაცარქექია R&D – ის კაცია!

ზის და ქექავს ნაცარს, რაღაც არ ასვენებს. ჩხერკედელაობს, მუშაობს, რომ შექმნას ახალი ტექნოლოგია. დღეს ხომ ყველას გვინახავს ე.წ. (ისევ ე.წ.) ჭკუიდან ,,შეშლილი“ მეცნიერები, რომლებიც ერთ ადგილას სხედან და სადღაც გაურკვეველ ფურცლებში იქექებიან. ნაცარქექია ამ ადამიანების პროტოტიპია. ამასობაში, მისი ძმები, (ანუ წარმოება) უჩიჩინებენ მას, დაიწყოს მუშაობა, რადგან საოჯახო საქმეებში მათ ნაცარქექიას სამუშაო ძალა ნამდვილად აკლიათ, თან უფრო მეტიც, უფასოდ ინახავენ კიდეც (აფინანსებენ).

ძმები უფრო ადრეც გამოგადებდნენ ნაცარქექიას სახლიდან. მაგრამ, მისი სახლიდან გასვლა მხოლოდ მისი კვლევითი საქმიანობის დასრულებას უკავშირდება. დროა მის მიერ შექმნილი პროდუქტი გამოიცადოს რეალურ პირობებში. დაზუსტებით ძნელია იმსჯელო იმაზე, თუ კონკრეტულად რა შექმნა ნაცარქექიამ. ეს შეიძლება იყოს სადგისი, გუდა, ყველი ან მათი კომბინირებული გამოყენება, ან საერთოდაც განსხვავებული საგანი ან იდეა. მაგრამ ფაქტია, ზღაპარში ნაცარქექას ვხედავთ, standing on giants shoulder, რაც ნიშნავს იმას, რომ ზღაპარში დევი, ნაცარქექიას სახლიდან გამოსვლამდე არსებული ცოდნის სიმბოლოა, ხოლო ნაცარქექია (სტივ ჯობსივით) მის მხრებზე ზის და იხედება უფრო შორს ვიდრე დევი. შესაბამისად, ძნელია არ იქნება იმის დადასტურება, რომ ნაცარქექიას მიერ შექმნილი პროდუქტი წარმატებულია, მან არსებულ ცოდნას კიდევ ერთი აგური დაადო. დევს, რა თქმა უნდა, ატკინა, ნოკიასაც ეტკინა თავის დროზე.

ალბათ ყველაზე კულმინაციური მომენტი ზღაპრის დასასრულია, როცა იგი თავის მონაგარს ძმებს აჩვენებს, და ეუბნება: ,,ეს ყველაფერი თქვენთვის დამითმია, ოღონდ ლუკმა-პურს ნუ დამაყვედრით და ნურც ნაცრის ქექვას დამიშლითო“, რაც ეკონომიკურად ნიშნავს: აი ახალი ტექნოლოგია! შეგიძლიათ გამოიყენოთ. იხეიროთ. მე კი დამაბრუნეთ ჩემს კვლევით საქმიანობაში და ხელს ნუ შემიშლით.

ასე იზრდება ეკონომიკა.

ამბის დასასრული,

ნახვამდის !

P.S. განათლების მინისტრს რას ვერჩი, ბოლოს და ბოლოს სტივ ჯობსი თავისივე შექმნილი კომპანიიდან გამოაგდეს.

 

ავტორი: ავთო აბაშიშვილი

კომენტარები