სიახლეები

ჯაფარიძე: ისევ დარწმუნებული ვარ, რომ "ახალგაზრდა ადვოკატები" "ოცნების" შნირი ორგანიზაციაა

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო, "გირჩის" ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის საქართველოს ბანკებში არსებული ყველა ანგარიში დაყადაღდა. ორგანიზაცია ჯაფარიძეს ცილისწამებაში სდებდა ბრალს და ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ნათქვამი განცხადების უარყოფას ითხოვდა გირჩის ლიდერისგან.

ზურაბ ჯაფარიძემ 2015 წლის 17 თებერვალს "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ "ახალგაზრდა ადვოკატები" ოცნების სატელიტი ორგანიზაცია იყო და პირადად ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გახლდათ მართული, ამის შემდეგ "ახალგაზრდა ადვოკატებმა" სასამართლოს, 2015 წლის 23 მარტს მიმართეს და ჯაფარიძეს ცილისწამებაში დასდეს ბრალი. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების შინაარსობრივი მხარის განმარტების დროს, სასამართლომ აღნიშნა, რომ ზურაბ ჯაფარიძის მხრიდან სადავო გამონათქვამები წარმოადგენდა აზრს, ხოლო ორგანიზაციის სარჩელი იურიდიულად ვერ ამართლებდა მოთხოვნის საფუძვლიანობას.

"ადვოკატებმა" გაასაჩივრეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და თითქმის ორი წლის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზურაბ ჯაფარიძის განცხადება "ახალგაზრდა ადვოკატების" მისამართით იყო ცილისწამება და მან ზიანი მიაყენა ორგანიზაციის იმიჯს, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ზურაბ ჯაფარიძეს ჯარიმის გადახდა და გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაევალა. რისი შეუსრულებლობის გამოც, ყადაღა დაედო მის ანგარიშებს.

გირჩის ლიდერი სოციალურ ქსელში ეხმაურება აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ზურა ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ჯარიმას საკუთარი ნებით არ გადაიხდის და არც იმის უარყოფას აპირებს, რომ "ახალგაზრდა ადვოკატები" ოცნების სატელიტი ორგანიზაციაა. 

კომენტარები