18 ივლ 2019
38 Views
მართლმსაჯულება

20 ივნისის აქციაზე დაშავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებულ ბრალდებულ ლევან ჯიქურს, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა, რამდენიმე წუთის წინ ღუდუშაურის კლინიკაში მიიღო. 

ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე ჯიქურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ 2 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

გამოძიების ინფორმაციით, 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით პოლიციელებს ესხმოდნენ თავს, უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

შეგახსენებთ, რომ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, დღეისათვის, პასუხისგებაში12 პირია მიცემული.



კომენტარები