სიახლეები

284 Views

"გირჩის" საკანონმდებლო ინიციატივა - კანაფი

დღეს, 5 ნოემბერს, პარლამენტში დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომლის მიზანია სისხლის სამართლის რეგულირებიდან კანაფის ყველანაირი პროდუქტის ამოღება. 

ინიციატივა გულისხმობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებული იქნას 273​-ე პრიმა მუხლი, რომელიც ეხება მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან/და გასაღებას.

კანონპროექტის მიზანია, მოახდინოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სრულყოფილად აღსრულება, კერძოდ, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, რაც გამოიხატება იმაში, რომ მცენარე კანაფისა და მისი პროდუქტების ბრუნვა არ გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

2018 წლის 30 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან შეუსაბამობის გამო ლეგალური გახადა მარიხუანას მოხმარება საქართველოში და ამ ქმედებისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დარქმევა აკრძალა. (№1/3/1282 გადაწყვეტილება)

არაკონსტიტუციურად ცნო მარიხუანას მოხმარებისათვის ადამიანის ადმინისტრაციული წესით დასჯა, თუმცა ის ფიზიკურად ვერ მოიყვანდა შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობას ამ ახალ რეალობასთან, ამაზე პასუხისმგებელი საქართველოს საკანონმდებლო ორგანო, ანუ პარლამენტია.

ერთი მხრივ არსებობს ნივთიერება, რომლის მოხმარებაც ლეგალურია და წარმოადგენს ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლების ნაწილს, ხოლო მეორე მხრივ არ არსებობს მისი მოპოვების არანაირი ლეგალური გზა და ადამიანებს ვსჯით სისხლის სამართლის წესით ლეგალური ნივთიერების შეძენისა და შენახვისათვის.

ამასთან, კანაფის ჯგუფის ნივთიერებების დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან გასაღებისთვის ნებისმიერი სისხლისამართლის ნორმით დადგენილი სასჯელი არის არაპროპორციული და ღირსების უფლების შემლახველი, რადგან სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისათვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებისათვის არის დადგენილი და მოგეხსენებათ, ამ ნივთიერებების გამოყენებისას საქმე გვაქვს ადამიანის გადაწყვეტილებასთან საკუთარი სხეულს მოექცეს ისე, როგორც ეს თავად სურს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე იმსჯელა კანაფის შეძენა/შენახვისთვის სისხლისამართლებრივი პასუხსიმგებლობის არსებობის ლეგიტიმურ მიზნებზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ადამიანის თავისუფლებაში მხოლოდ იმიტომ, რომ ის ირაციონალურ ქმედებას ანხორციელებს.

კანონპროექტის მიღების შედეგად ადამიანები აღარ დაისჯებიან სისხლის სამართლის წესით კანაფისა და მისი პროდუქტების ნებისმიერი ოდენობით შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან/და გადაგზავნისათვის. ასევე, განთავისუფლდებიან სასჯელებისაგან ის ადამიანები, რომლებიც სასჯელს იხდიან სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლისათვის და კანაფის სხვა (მაგ. კანაფის ზეთის ან ფისის) შეძენა, შენახვა, გადაზიდვაზე ან/და მოხმარებაზე.

საკანონმდებლო ინიციატივა:

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

   1. 260-ე მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

   „7. ამ თავის მოქმედება არ ვრცლდება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის N1 დანართის 82-ე-85-ე ჰორიზონტალური გრაფებით განსაზღვრულ ნივთიერებებზე.“

 

   2. 2731 ამოღებული იქნეს. 

 

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                                  სალომე ზურაბიშვილი

 

 

 

                                                     განმარტებითი ბარათი

საქართველოს კანონის პროექტზე

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შესახებ“

 ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის პროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:

კანონპროექტის მიზანია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით დაცული ადამიანის

უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის პრინციპის ეროვნულ კანონმდებლობაში სრულად ასახვა.

გარდა ამისა, კანონპროექტის მიზანია, მოახდინოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სრულყოფილად აღსრულება, კერძოდ, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, რაც გამოიხატება იმაში, რომ მცენარე კანაფისა და მისი პროდუქტების ბრუნვა არ გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავი, რომელიც აწესებს სასჯელს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად დანართი N1- ის 82-ე- 85-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული კანაფის ჯგუფის ნივთიერებებისთვის და ამავე კოდექსის 273​1 მუხლი  რომელიც აწესებს სასჯელს მცნარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა  ან/და გასაღებისთვის, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის  მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის მიხედვით, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა  და სასჯელის გამოყენება.საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია”. 

ღირსება არის თითოეული ადამიანის თვითმყოფადობის საფუძველი და თანაბარი გარანტია, იყოს სხვებისგან განსხვავებული საკუთარ უნარებზე, შესაძლებლობებზე, გემოვნებაზე, განვითარების გზის ინდივიდუალურ არჩევანზე დამოკიდებულებით. საქართველოს  კონსტიტუციის მე-9 მუხლი ადამიანის ღირსების ფუნდამენტური პრინციპის აღიარებით სწორედ ასეთი წესრიგის გარანტირებას ემსახურება, რაზეც არაერთხელ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ.ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს გარანტიას წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლი, რომლის თანახმად: `სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით“. ამ დებულებით საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს ადამიანს და მის უფლებებს როგორც უმაღლეს ფასეულობას. “ფასეულობათა კონსტიტუციური სისტემა დაფუძნებულია ძირითადი უფლებების პრიორიტეტსა და პატივისცემაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის #2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6)

თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა, ითვლება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად – მაგალითად, წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივი ვადა, ასევე დანაშაულებრივი ქმედებისთვის დაკისრებული აშკარად არაპროპორციული საპატიმრო სასჯელი. მაშასადამე, აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არამარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს.

კანაფის ჯგუფის ნივთიერებებზე ყველანაირი სისხლისამართლებრივი სასჯელის გაუქმების რამდენიმე მიზეზი არსებობს, რომელიც გამომდინარეობს როგორც საერთაშორისო პრაქტიკით ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან, თუმცა საერთაშორისო კონვენცია, რომლის ხელმომწერი მხარე არის საქართველო ხშირად სახელდება კანაფის ჯგუფის ნარკოტიკული ნივთიერებების მკაცრი კონტროლის მიზეზად, ამიტომ განვმარტავთ კონვენციის მიზნებს:

 ნარკოტიკულ საშუალებათა კონტროლის შესახებ 1961 წლის კონვენციის მიზანი ნარკოტიკების არასწორად გამოყენების მიმართ საერთაშორისო, კოორდინირებული მოქმედებაა. მასში მოცემული მუხლების შესაბამისად, ხელმომწერ ქვეყნებს მოეთხოვებათ ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობის, გამოყენების, ვაჭრობის, იმპოტის, ექსპორტის და წარმოების შეზღუდვა და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მხოლოდ სამედიცინო და სამეცნიერო მიზნებისათვის. ასევე, კონვენცია მიზნად ისახავს ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლას საერთაშორისო მაშტაბით.

რაც შეეხება კანონდარღვევის შემთხვევაში სასჯელს, ამ ინფორმაციას კონვენციის 36-ე მუხლში ვეცნობით, სადაც ნარკოტიკულ საშუალებათა კულტივირება, წარმოება, დამზადება, ექსტრაცია, მომზადება, ფლობა, შეთავაზება, შეთავაზება გასაღების მიზნით, დისტრიბუცია, ყიდვა, გაყიდვა, ნებისმიერი პირობით მიტანა, გარიგება, გაგზავნა, გადაგზავნა ტრანზიტით, ტრანსპორტირება, იმპორტირება და  ექსპორტირება ამ კონვენციის დადგენილებების დარღვევით (ასევე სხვა რაიმე მოქმედება, რომელიც ხელმომწერი ქვეყნის აზრით შეიძლება იყოს ამ კონვენციის დადგენილებების დარღვევა), ჩაითვლება დანაშაულად, თუ ჩადენილია საერთაშორისო მასშტაბით (When committed internationally). ეს სერიოზული დანაშაულები უნდა იყოს დასჯილი ადეკვატური სასჯელით კერძოდ, დაპატიმრებით ან თავისუფლების ჩამორთმევის სხვა გზებით. ასევე, ქვეყანას შეუძლია მოცემული სასჯელების ალტერნატივად ან სასჯელის დამატებით ზომად გამოიყენოს დამნაშავის მკურნალობა, სწავლება, მკურნალობის შემდგომი ზრუნვა, რეაბილიტაცია და სოციალური რეინტეგრაცია. 

ამ მუხლის ბოლო პუნქტშვე აღნიშნულია, რომ ეს მუხლი არ ახდენს ზემოქმედებას ქვეყნის შიდა კანონმდებლობაზე, თუ როგორ განსაზღვრავს, დევნის ან დასჯის ის ამ მუხლში ჩამოთვლილ დანაშაულებს (Nothing contained in this article shall affect the principle that the offences to which it refers shall be defined, prosecuted and punished in conformity with the domestic law of a party.) 

კონვენციას დაერთვის კომენტარები, რომელშიც ცხადად არის გამოკვეთილი, რომ მუხლი 36 არ არის სავალდებულო, თუ ქვეყნის კონსტიტუციაში სხვა რამ არის განსაზღვრული. აქვეა აღნიშნული, რომ შეუძლებელიც კი იქნებოდა საერთაშორისოდ მისაღები სადამსჯელო სისტემის შემოღება, ის რაც კულტურულად მისაღებია ერთი ქვეყნისთვის, მიუღებელია მეორესათვის, სწორედ ამიტომ, აღნიშნული ჩანაწერი არ არის სავალდებულო და რეკომენდაციის ხასიათი აქვს. ხაზგასმულია, რომ სადამსჯელო ღონისძიებები და მათი სირბილე/სიმკაცრე სასურველი სოციალური შედეგის მისაღწევად გამოიყენება და ისინი ეროვნული საზოგადოების დონეზე განსხვავდებიან.

ასევე, განმარტებაში გამოკვეთილია რომ მუხლი შეესაბამება მხოლოდ საერთაშორისო მაშტაბით ჩადენილ დანაშაულებს. ქართულ ვარიანტში კი სიტყვა საერთაშორისო ამ მუხლიდან სრულიად გამქრალია. (Only those of the activities mentioned in paragraph 1 which are “committed internationally” fell within the scope of this paragraph, and consequently within that of the other provisions of article 36).

კომენტარებშივეა მოცემული, რომ სიტყვა „ფლობა“ არ გულისხმობს პირადი მოხმარებისათვის ფლობას და ხელმომწერმა ქვეყნებმა არ უნდა განიხილონ ფლობა პირადი მოხმარებისათვის „სერიოზულ“ დანაშაულად, რომელიც დაისჯება დაპატიმრებით ან თავისუფლების აღკვეთით. (As regards the view that the term “possession” in the context of paragraph 1 does not include possession for personal consumption, and that in any event Parties which do not share that view need not consider possession for personal consumption to be a “serious” offence punishable by imprisonment or other penalties of deprivation of liberty).

ამის საილუსტრაციოდ გთავაზობთ პორტუგალიის მდგოამრეობას. 2000 წლის 29 ნოემბერს ქვეყანამ მიიღო კანონი 30/2000, რომლის მიხედვითაც 2001 წლის ივლისიდან, ნარკოტიკული ნივთიერებები კვლავ არალეგალური სტატუსის მქონენი არიან, თუმცა არალეგალური ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობა პერსონალური მოხმარებისათვის (საშუალოდ ერთი ადამიანისათვის 10 დღის სამყოფი მარაგი) ადმინისტრაციული სასჯელით ისჯება. ამ შემთხვევაში დასჯა მთავარი ამოცანაა არაა და მომხმარებელს ენიშნება შეხვედრა ადგილობრივ კომისიასთან, რომელშიც შედიან მოსამართლე, ექიმი და სოციალური მუშაკი. ისინი შეხვედრაზე აფასებენ მომხმარებლის სიტუაციას და გეგმავენ დამოკიდებულების განკურნებისა და რეაბილიტაციის გზებს. კომისიას შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა სადამსჯელო ღონისძიებები: გაფრთხილება, პროფესიული ლიცენზიის ჩამორთმევა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმის კეთება.  

2015 წლის 9 დეკემბერს ვენაში გამართულ შეხვედრაზე, საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის კომიტეტის პრეზიდენტმა განცხადებაში განიხილა პორტუგალიის შემთხვევა და აღნიშნა, რომ პორტუგალია არ არღვევს კონვენციის მოთხოვნებს, რადგან ქვეყანის საკანონმდებლო დონეზე ნარკოტიკული ნივთიერების მოპოვება და მოხმარება კვლავ დანაშაულია, სანქციად კი სისხლის სამართლის სასჯელის ნაცვლად ადმინისტრაციული სასჯელია განსაზღვრული.  პრეზიდენტი ხაზს უსვამს პორტუგალიის მიდგომის წარმატებულობას და მას საუკეთესო პრაქტიკის მოდელად მოიაზრებს. აღნიშნავს, რომ ის სრულიად ექვემდებარება კონვენციის პრინციპებს, რომლის ცენტრშიც ადამიანის ჯანმრთელობა და კეთილდღეობაა, ხოლო, საკითხის ბალანსირებული მიდგომა, დაფუძნებული პროპორციულობის პრინციპსა და ადამიანის უფლებებზე, დადებით შედეგს იძლევა.

ზემოთ აღნიშულიდან გამომდინარე, საქართველოს არ აქვს საერთაშორისო ვალდებულება, კანაფის ჯგუფის ნარკოტიკული ნივთიერებები იყოს იმგვარად რეგულირებული, რომ ამ ნივთიერებებთან დაკავშირებული ნებისმიერი  ქმედება იწვევდეს სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში, არაერთხელ განმარტა   სამართლებრივ სახელმწიფოში სისხლის სამართლის – ქმედების კრიმინალიზაციისა და მისი დასჯადობის ფუნქცია და აღნიშნა, რომ  ეს უკანასკნელი მხოლოდ მაშინაა წარმატებული, როდესაც ის გამოიყენება როგორც ,,ultima ratio.’’ საზოგადოების და ადამიანის ინტერესების დასაცავად სისხლისსამართლებრივი ნორმები უნდა გამოიყენებოდეს როგორც უკიდურესი საშუალება, როდესაც ამოწურულია სამართლებრივ სიკეთეთა დაცვის არასისხლისსამართლებრივი საშუალებები. ‘’  იმისათვის, რომ კონკრეტული სასჯელის არსებობა გამართლებული იყოს სამართლებრივ სახელმწიფოში, ის, თავად სასჯელის მიზნების მიღწევის ადეკვატური საშუალება უნდა იყოს,შესაბამისად უნდა დავადგინოთ ​​რამდენად არის კანაფის ჯგუფის ნივთიერებებზე სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

სასჯელის დაწესებით სამართლიანობის აღდგენა  გულისხმობს ქმედებისთვის მის მიერ გამოწვევადი საფრთხეების, სიმძიმის გათვალისწინებით, ადეკვატური, შესაბამისი, თანაზომიერი სასჯელის დაკისრებას. სამართლიანობის აღდგენის ფუნქცია რეალიზებადია მხოლოდ კონკრეტული დანაშაულის თანაზომიერი სასჯელის გამოყენებისას და სწორედ ამ გზით ემსახურება სასჯელის სხვა მიზნების რეალიზების შესაძლებლობას. მაგალითად, არაპროპორციული, არათანაზომიერად მკაცრი სასჯელი ხელს უშლის, ზოგჯერ კი სრულად გამორიცხავს რესოციალიზაციას, შედეგად, ეწინააღმდეგება სასჯელით მისივე მიზნების, ფუნქციების განხორციელების, მიღწევის შესაძლებლობას.

რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას. თუმცა სასჯელის მეშვეობით ამ მიზნის მიღწევის შესაძლებლობა  საეჭვო იქნება საამისოდ შესაბამისი პირობების გარანტირების გარეშე. შესაძლოა, სწორედაც რომ საწინააღმდეგო შედეგი დადგეს: პატიმრობის შედეგად პირის საზოგადოებაში ნორმალური ცხოვრების წესისა და უნარისგან კიდევ უფრო მეტი დისტანცირება მოხდეს. სწორედ ამიტომ ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევის და ამ მიზნით სასჯელის გამართლებისთვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ტვირთი ძალიან მაღალია ყოველ ჯერზე, როგორც სასჯელის სახეობის, მისი სამართლიანად შეფარდების, ასევე მსჯავრდებულის იმ სამართლებრივ თუ საყოფაცხოვრებო პირობებში მოთავსების თვალსაზრისით (პირველ რიგში იგულისხმება საპატიმროში საამისოდ შესაბამისი გარემოს შექმნა), რამაც საბოლოო ჯამში ობიექტურად შესაძლებელი უნდა გახადოს სასჯელით მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნის უზრუნველყოფა.

სასჯელის სპეციალური პრევენციის მიზანი გულისხმობს კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას, რომ ყველას, ვინც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, ემუქრება იგივე სასჯელი, მაგრამ, თუკი სასჯელი გამოყენებული იქნება მხოლოდ სხვათა შეკავების მიზნით, ის, ცხადია, უსამართლო იქნება, რადგან დაუშვებელია ადამიანის მიმართ სისხლის სამართლის უკიდურესი ინსტრუმენტების (სასჯელის) გამოყენება მხოლოდ ან უპირატესად იმის გამო, რომ სხვები მიდრეკილნი არიან ასოციალური ქცევისკენ. ერთი მხრივ, დაუშვებელია და, მეორე მხრივ, შეუძლებელიც დანაშაულებრივი ქმედების შეკავება ნებისმიერ ფასად. ამიტომ სასჯელის ზოგადი ნეგატიური პრევენციის ფუნქცია, ცხადია, მნიშვნელოვანია და ის მუშაობს, მაგრამ მისი მიზნობრივი ქმედითობა მიღწევადია მხოლოდ მაშინ, თუ კონკრეტული ქმედებისთვის დაკისრებულ სასჯელს აქვს ობიექტური საფუძველი და უნარი, უზრუნველყოს სამართლიანობის აღდგენის, რესოციალიზაციის და სპეციალური პრევენციის ფუნქცია. ამ ფუნქციებთან ბუნებრივი თავსებადობის გარეშე, მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანზე ორიენტირებით სასჯელის დაწესება ან გამოყენება არღვევს ბალანსს, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს და ემსახურებოდეს სასჯელის დანიშვნა ზოგადად. გაუმართლებელია პირისთვის  სასჯელის შეფარდება მხოლოდ საზოგადოების დამოკიდებულებაზე ზემოქმედებისთვის, ვინაიდან თავისთავად ეს გარემოება სასჯელს უხეშად არაპროპორციულ სასჯელად აქცევს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე იმსჯელა კანაფის შეძენა/შენახვისთვის სისხლისამართლებრივი პასუხსიმგებლობის არსებობის ლეგიტიმურ მიზნებზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ადამიანის თავისუფლებაში მხოლოდ იმიტომ, რომ ის ირაციონალურ ქმედებას ახორციელებს.

ასეთი ჩარევა გამართლებული რომ იყოს, საჭიროა, მან მიაღწიოს გარკვეულ სიმწვავეს, სხვებს უქმნიდეს რეალურ და სერიოზულ საფრთხეს.

სასამართლოზე არსებითი განხილვისას არაერთი ექსპერტი არის დაკითხული, მათ შორის ისეთი ექსპერტები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად არ ეთანხმებოდნენ დეკრიმინალიზაციას, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ვერ აღწერა კანაფის მოხმარებით გამოწვეული საფრთხე, თუმცა ამავედროს, ექსპერტმა დ. ანდღულაძემ აღნიშნა, რომ მარიხუანა, სხვა ნარკოტიკებისგან განსხვავებით, არ იწვევს ფიზიკურ დამოკიდებულებას. ამასთან, მიუხედავად მისი უარყოფითი გავლენისა ფსიქიკაზე, ასეთი ზემოქმედება არის სხვა ე.წ. მძიმე ნარკოტიკული საშუალებების უმრავლესობასთან შედარებით გაცილებით უფრო მსუბუქი. მარიხუანა ასევე შედარებადია ლეგალურად დაშვებული ნივთიერებების (სიგარეტი, ალკოჰოლი) მოხმარებით გამოწვეულ საფრთხესთან. ამავე ექსპერტის (ანდღულაძე) განმარტებით, ალკოჰოლის მავნედ მოხმარების შემთხვევაში არანაკლები ფსიქო-ფიზიკური და სამართლებრივი სირთულეები იქმნება.

მარიხუანა, კანაფი,კანაფის ფისი, კანაფის ზეთი, კანაფის ექსტრაქტი და ნაყენი ერთიდაიმავე ჯგუფის ნივთიერებებს წარმოადგენენ და მათზეც იგივე ლოგიკა ვრცელდება რაც ექსპერტმა მარიხუანის და ალკოჰოლის ერთმანეთთან პარალელით გაავრცელა და როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გამო პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ემსახურება მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანს, რომ სხვამაც არ ჩაიდინოს იგივე ქმედება და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს. მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანი, კონსტიტუციური გამაშუალებლის, ანუ პროპორციულობის გარეშე, მიემართება კონკრეტულ ინდივიდს და აქცევს მას ძალაუფლების ობიექტად, რადგან, სასჯელი ლეგიტიმაციას არ იღებს ქმედებისგან, მას არ ამართლებს პირის ქმედებიდან მომდინარე საშიშროება. ამგვარად, ადამიანი იქცევა ინსტრუმენტად სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რაც გარდაუვლად იწვევს მისი ღირსების ხელყოფას.

კანაფის ჯგუფის ნივთიერებების სრულად დეკრიმიალიზაციასა და სხვა დანაშაულების ზრდას შორის კავშირი დამაჯერებელი არ არის, რადგან საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ შალვა საღინაშვილმა აღნიშნა, რომ „საქართველოში 2014 წელს ნარკოტიკული ნივთიერებების ქვეშ ჩადენილი დანაშაული შეადგენდა თითქმის 6%-ს“. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მოწმემ არ იცოდა, რამდენი იყო აქედან კანაფით თრობის ქვეშ ჩადენილი ქმედება.

 

ყურადსაღებია არგუმენტი, რომ დიდი ოდენობით კანაფის ჯგუფის ნივთიერებების  გავრცელება, სხვათა ჯანმრთელობის დაზიანების მომეტებულ რისკებს შეიცავს, ამიტომ, მისი გავრცელება შეიძლება იყოს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებადი, მათ შორის, იწვევდეს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, როგორც ეს კონვენციით არის გათვალისწინებული. 

კანონპროექტში წარმოდგენილი სისხლის სამართლის XXXIII თავში მოცემული მუხლები ვერ აკმაყოფილებს სასჯელის ლეგიტიმურობის  შეფასებისთვის არსებით კრიტერიუმს – ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობას, ძირითადად მისი ბლანკეტურობის გამო. კერძოდ: 

 გათვალისწინებული სასჯელი თანაბრად მიემართება ყველა ნარკოტიკულ საშუალებას, რომლიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება გამოწვევადი საფრთხეების არსით, მასშტაბით, საშიშროების ხარისხით. მიუხედავად იმისა, რომ კანაფის ჯგუფის ნარკოტიკული საშალებები არის ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი ნარკოტიკული საშუალება, იმავდროულად, (მარიხუანას) მისი მოხმარებით გამოწვევადი შედეგების სიმძიმისა და საფრთხეების მიხედვით, გაცილებით უფრო მსუბუქია სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან შედარებით, მეტიც, (ზ. შენგელია) მიუთითებდა, რომ ის შედარებადია ალკოჰოლთან, თამბაქოსთან და ცალკეულ შემთხვევაში არა მხოლოდ იდენტური, არამედ ნაკლები საფრთხის გამოწვევაუნარიანიც არის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ნორმა ბლანკეტური ხასიათისაა  ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად დანართი N1- ის 82-ე- 85-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული კანაფის ჯგუფის ნივთიერებებისთვის და არა მხოლოდ არ გამორიცხავს, არამედ პირდაპირ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას ისეთი ქმედებისთვისაც, რომელიც არ უქმნის საფრთხეს სხვების ჯანმრთელობას, ის არ შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოს აუცილებელ და პროპორციულ ჩარევად ადამიანის თავისუფლებაში. ასეთი სასჯელი ვერც სასჯელის მიზნების მიღწევას უზრუნველყოფს და, შედეგად, სასჯელს გადააქცევს მიზნად. შეუძლებელია საუბარი სასჯელით სამართლიანობის აღდგენაზე ან პირის რესოციალიზაციაზე, როდესაც არ არსებობს საამისო მიზეზი და საფუძველი. როგორც უკვე აღინიშნა, საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გამო პასუხისმგებლობა იმთავითვე მხოლოდ ზოგად პრევენციას ემსახურება, რომ სხვებმაც არ ჩაიდინონ ასოციალური და საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის გამომწვევი ქმედება. რაც შეეხება სხვებისთვის ზიანის მიყენების საფრთხის თავიდან ასაცილებლად პასუხისმგებლობის დაკისრებას, მაშინ, როდესაც ასეთი საფრთხე ჰიპოთეტურია, ან საერთოდ არ არსებობს, ან ყოველ ჯერზე მისი არსებობის მტკიცება შეუძლებელია, სასჯელი კვლავ მხოლოდ ზოგადი პრევენციის დომინირების იმედად რჩება, რაც დაუშვებელია და გაუმართლებელი. 

ცხადია, აშკარაა სასჯელის სისასტიკე და მკაფიო არაადეკვატურობა, რადგან ასეთი მკაცრი სასჯელი გამოიყენება როგორც ადამიანის დასჯის მიზანი და არა როგორც ლეგიტიმური მიზნების დაცვის უკიდურესი და აუცილებელი საშუალება. შედეგად, ადამიანი სახელმწიფოს ხელთ ხდება ინსტრუმენტი და არა დაცვის ობიექტი. მაშასადამე, სახეზეა ადამიანის ღირსების ხელყოფა არაადამიანური, სასტიკი სასჯელის დაწესების გზით. 

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:

 

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების

წყარო:

კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.

 

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ

წარმოიქმნება.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა

მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა

მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის

ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:

კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს

წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს

წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ

ხელშეკრულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,

ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და

ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

ე) კანონპროექტის ავტორი:

 კანონპროექტის ავტორები არიან, საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

კანონპროექტის ინიციატორები არიან, საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი.

 

კომენტარები