სიახლეები

696 Views
პოლიტიკა

გიორგი ლომინაძე: ნაც-ქოცობა არის საქართველოს განვითარების ჩიხი

"საქართველოს განვითარების ჩიხიდან გამოყვანის გზა პროპორციული საარჩევნო სისტემა და ნულოვანი ბარიერია" - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ბაზრის" დამფუძნებელმა გიორგი ლომინაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. 

ნაც-ქოცობა არის საქართველოს განვითარების ჩიხი, რომელშიც შეგვიყვანა მაჟორიტარულმა საარჩევნო სისტემამ და 5%-იანმა ბარიერმა, და რომლიდანაც შეიძლება გამოგვიყვანოს პროპორციულმა საარჩევნო სისტემამ და ნულოვანმა ბარიერმა, თუკი მათ შენარჩუნებას შევძლებთ. 

როგორც იქნა, გაჩნდა შანსი, რომ თავისუფლების მოძულე  ეს საძაგელი პარტიები თავიდან მოვიშოროთ და უფრო უკეთესი პარტიების არჩევით განვითარების სრულიად ახალ რელსებზე გადავიდეთ.  

ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ მცდარ დიქოტომიაშია ჩარჩენილი და ან ნაცების ამომჩეველია, ან - ქოცების, მიუხედავად იმისა, რომ დიდად არცერთი მათგანი არ მოსწონს, ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რომ ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა და ამ ორი დინოზავრის მხარდაჭერა აღარ სჭირდება. 

ნულოვანი ბარიერის მქონე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მეტი თავისუფლების მომხრე ახალ პარტიებს საშუალებას მისცემს, რომ დინოზავრები გადააშენონ და უკეთესი მომავალი შექმნან. 

"არასდროს დაეჭვდე, რომ აზრიანი, თავდადებული  მოქალაქეების პატარა ჯგუფს სამყაროს შეცვლა შეუძლია. სინამდვილეში, ეს ერთადერთია, რასაც კი ასეთი რამ როდესმე გაუკეთებია."  
― მარგარეტ მიდი

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარების შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, 24 ივნისს განაცხადა.

 

კომენტარები