სიახლეები

119 Views
პოლიტიკა

ჯაფარიძე: ქართული ოცნება კუნთების დემონსტრირებას ცდილობს

„მსგავს ქმედებებს, როგორც წესი, არ აქვს ერთი კონკრეტული მიზანი“, - აცხადებს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით, გირჩის ყოველდღიურ გადაცემაში „გირჩის აზრით“.

ჯაფარიძის თქმით, მელიას იმუნიტეტის მოხსნას შესაძლოა რამდენიმე მიზანი ჰქონდეს, პირველი - საზოგადოება ყურადღებას გადაიტანს ამ თემაზე და მიმდინარე აქცია შედარებით მეორე ხარისხოვნად იქცევა.

მეორე მიზანი შეიძლება იყოს მცდელობა, რომ აქციაზე გაჩნდეს მოთხოვნა, არ ჩამოერთვას მელიას მანდატი და ამის შემდეგ უკვე იმის თქმა, რომ ეს აქცია არის ნაცების და მოწოდება - „არ გახვიდეთ ხალხნო“ გაცილებით მარტივი იქნება.

ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ქართული ოცნება, თავისი განცხადებებით, გარკვეული თვალსაზრისით „კუნთების დემონსტრირებას“ ცდილობს.

მგონია, უბრალოდ აჩვენებენ, რომ საერთოდ არ არიან ჩამოშლილები, არანაირად არ არიან დემორალიზებულები, ისევ ჯანზე არიან და ისევ ისინი არიან ძალაუფლების მქონენი.

გირჩის ლიდერის განცხადებით, ნიკა მელიას ბრალეულობას დამოუკიდებელი სასამართლო უნდა არკვევდეს და რადგანაც ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ თავისუფალი სასამართლო არ გვქონდეს, ამ თემაზე საუბარი საერთოდ აზრს მოკლებულია, რადგან, სამწუხაროდ, ვერასდროს გავარკვევთ, ვინ არის დამნაშავე.

„ჩემი აზრით, ოცნების ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც თითს დააჭერს და მელიას გაუშვებს ციხეში, მთელი ცხოვრება ვერ გაექცევა მორალურ პასუხისმგებლობას“.

                                                                                                                             - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.   
კომენტარები