როგორც კი ოპოზიცია უარს იტყვის კრიტიკულ დისკუსიაზე ის დიდხანს ვერ იარსებებს - ალექსანდრე რაქვიაშვილი

გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტ მაია მამულაშვილის გადაცემაში „დღის ამბები“ ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ ოპოზიციურ შეხვედრაზე ისაუბრა.

გირჩის წევრებმა შეხვედრა მის დასრულებამდე დატოვეს, მიზეზი რაქვიაშვილმა ასე განმარტა:

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რადგან გირჩს დანარჩენი ოპოზიციური სპექტრისგან განსხვავებული პოზიცია აქვს, მათ არ სურთ ჩვენთან საუბარი.

მისივე თქმით, საუბარს გაურბის მხოლოდ ის ადამიანი, ვისაც ეშინია ან არაფერი აქვს სათქმელი, რადგან საუბარი პოლიტიკოსის მთავარი იარაღია. „სამწუხაროა რომ ჩვენი ოპოზიცია ასეთ რეჟიმში გადავიდა“ - განაცხადა მან. 

ვფიქრობ თუ ვინმე ამ ქვეყანაში მართლა მიიჩნევს, რომ  ოპოზიცია უნდა არსებობდეს ეს გირჩია, რადგან იქ მყოფმა ადამიანებმა გააჟღერეს პოზიცია, რომ მათ საუბარი მხოლოდ იმიტომ არ სურთ, რომ ჩვენ განსხვავებული აზრი გაგვაჩნია, ასეთი ოპოზიცია უბრალოდ ვერ გადარჩება. როგორც კი ოპოზიცია უარს იტყვის კრიტიკულ დისკუსიაზე ის დიდხანს ვერ იარსებებს.

წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას მიიღებს თუ არა მონაწილეობას გირჩი 25 თებერვალს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაში სანდრომ უპასუხა:

ნებისმიერი აქციაში მონაწილეობის მიღება-არ მიღების გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ, როდესაც გვეცოდინება მისი შინაარსი. მნიშვნელოვანია ეს აქციები ისე არ დასრულდეს, რომ ჩვენ ოპოზიციის დიდი ნაწილი დავკარგოთ, რადგან თუ ეს მოხდება ამ ქვეყანაში ტირანიას ვერაფერი გააჩერებს და ჩვენ სულ სხვა რეალობაში აღმოვჩნდებით, რაც მე არ მინდა, რომ მოხდეს.

                                                                                                                                                                             ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები