13 ივნ 2019
334 Views
განათლება

ტკივილის იმპერიის მემკვიდრეობა

გამარჯობა,

მე ნიკა ხუცურაული ვარ, ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი და მინდა გირჩის სკოლაში ბავშვებს ისტორია ვასწავლო.

ბევრჯერ მიფიქრია ისტორიის სწავლებაზე. მგონია, რომ ისტორიის ცოდნით სამყაროს შემეცნება უფრო მარტივი ხდება. საკუთარი ცოდნის სხვისთვის გადაცემა და ამბების მოყოლა კი ყოველთვის სიამოვნებას მანიჭებდა.

მიფიქრია, რა მეთოდით უნდა ისწავლებოდეს ისტორია და ყოველ ჯერზე პასუხი ერთი მქონდა: არა იმ გზით და მეთოდით, როგორც დღეს ისწავლება.

თანამედროვე ისტორია მთლიანად კომფორტზეა მორგებული. ის ირჩევს ფაქტებს, რა უნდა გვახსოვდეს და რა დავივიწყოთ და დავმალოთ ბიბლიოთეკების ბნელ კუთხეებში, სადაც არავინ არასდროს შეიხედავს. დავმალოთ ფაქტები საკუთარი კომფორტისთვის - ეს არის თანამედროვე ისტორიის და მისი სწავლების მიზანი.

წილხვედრობა კარგია, ყომარბაზი ყოფილა ღვთისმშობელი, ისევე, როგორც ქრისტეს მოწაფეები და ასე გაუნაწილებიათ ქვეყნები და ეს უნდა გვახსოვდეს.

რუსეთის მიერ ქართული სახელმწიფოების გაუქმება, ავტოკეფალიის გაუქმება, მოსახლეობის ხოცვა და გაუპატიურება უნდა დავივიწყოთ ჩვენი კომფორტისთვის.

1804 წლის მთიულეთის აჯანყება, მისი მიზეზები და შედეგები უნდა დავივიწყოთ, ზედმეტად მტკივნეულია ჩვენთვის. ისევე, როგორც 1812 წლის კახეთისა და 1819-20 წლებში დასავლეთ საქართველოს აჯანყებები - მტკივნეული გასახსენებელია ფალავანდიშვილი, რომელმაც 32 წლის შეთქმულება გასცა. საუბარი მიზეზებსა და შედეგებზე მტკივნეულია. იმის თქმა, რომ აგერ, გუშინწინ გმირები ვიყავით, ადვილია. და დაე ტრაგედიები მხოლოდ წლებად დარჩეს, რათა მეტად აღარ გვეტკინოს.

დავივიწყოთ წართმეული საკუთრება და გაკულაკება, რეპრესიები, ამ ქვეყნის შვილთა და ჩვენს წინაპართა ტანჯვა, რაც მათ საბჭოურმა რეჟიმმა მიაყენა; დავივიწყოთ მიხეილ ჯავახიშვილი და სხვანი, რადგან მტკივნეულია; სამაგიეროდ, გვახსოვდეს 37 მანეთად მოსკოვში ფრენა და ის, რომ ყველა ბედნიერი იყო,  ვითომ.

დავივიწყოთ წართმეული ტერიტორიები, ომი ხომ ჩვენ დავიწყეთ - აბა ამხელა რუსეთს რას მოვერეოდით.

დავივიწყოთ ამბროსი ხელაია, დავივიწყოთ ეგზარქოსები, რადგან დღევანდელთან პარალელის გავლება ვერ შევძლოთ

დავივიწყოთ პატრიარქი, რომელიც კაგებეშნიკია და ბავშვებს მის წმინდა საქმეებზე მოვუყვეთ...

მე არ ვარ ამ ისტორიის ნაწილი, რადგან ისტორია მე წარსულის დახმარებით მომავლის გააზრებას მასწავლის. მე ვერ ავიტან ეგზარქოსს და მეფისნაცვალს საქართველოში და ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ისტორია კომფორტის ზონიდან გამოვიდეს და მისი სწორად გააზრება მოხდეს. 

მნიშვნელოვანია, ისტორიამ დატოვოს კომფორტის ზონა, საზოგადოებამ დატოვოს ისტორიული კომფორტის ზონა და თუ ასე არ მოხდება, იქიდან ძალით უნდა გამოვათრიოთ. თუ ამას არ ვიზამთ, დაგვრჩება მხოლოდ ფრაზა: „ისტორია გვასწავლის მხოლოდ იმას, რომ არაფერს გვასწავლის“.

მე ასე სულაც არ ვფიქრობ, ისტორია ცხოვრების მასწავლებელი მგონია. ვაჟას დავესესხები და ვიტყვი, რომ „ისტორია იმდენად წარსულისთვის არ იწერება, რამდენადაც აწმყოსთვის“. წარსულისთვის ამას აღარანაირი მნიშვნელობა აქვს, სამაგიეროდ დღეს არის მნიშვნელოვანი. ისტორიული ფაქტების არა დავიწყება, არამედ გახსენება უნდა დავიწყოთ, რათა საკუთარი ისტორია შევქმნათ. გვჭირდება მისი თავიდან გადააზრება, რადგან ისტორია მთლიანად სუბიექტურია - მისი მწერლები ამა თუ იმ ფაქტის შეფასებისას წამითაც არ ყოფილან ობიექტურები.

მითებისა და ლეგენდების მთავარი მიზანი არის ინსპირაცია, ინტერესის გაჩენა მეტი ცოდნის მისაღებად. ის უბრალოდ წიგნის შესავალია, რომლის წაკითხვამაც შესაძლოა სამყარო ახალი თვალით დაგანახოთ. ჩვენ კი ტკივილის დამალვის გამალებულ მცდელობაში მოვახერხეთ და ამ მითებში ჩავიკეტეთ... წმინდა გიორგი იბრძოდა ჩვენ გვერდით დიდგორზე, ვახტანგ გორგასალი ცხენმოკიდებული ივარცხნიდა ქოჩორს, ღვთისმშობელი გვმფარველობს, რადგან კამათელი ასე გაუგორდა წილის ყრისას.

ეს ყველაფერი ტყუილია, ლამაზი ტყუილი, რომლის დაჯერებაც გვინდა, მსგავსი ტყუილები თავს კომფორტულად გვაგრძნობინებს და იმდენი ხანია ამ კომფორტში ვცხოვრობთ, რომ დავიჯერეთ, იმდენად დავიჯერეთ, კონსტიტუციაში ვწერთ ამ სისულელეებს.

ქართულ არმიაში დიდგორის ბრძოლისას წმინდა გიორგის თანხლებაზე ასწავლიან და არა თავდაცვის იმ გამოწვევებზე, რომელზე საუბრის გარეშეც რამდენიმე ათწლეულში დავკარგავთ იმასაც, რაც დაგვრჩენია.

ეს ყველაფერი ისტორიის სწავლების პრობლემაა საჯარო სკოლებში, რომელიც იმავე ფორმას ინარჩუნებს, რა ფორმაც ტკივილის იმპერიის დროს ჰქონდა.

საბჭოთა კავშირში დასრულდა ჩვენი გმირული ისტორია, დასრულდა საქართველოს ისტორია საბჭოთა ოკუპაციით და დაიწყო საბჭოთა ისტორია, ჩვენი მთავარი მიზანი კი საკუთარი ისტორიის, სახელმწიფოსა და კულტურის შექმნა ან აღდგენაა, რომელზეც ნოსტალგია გვაწუხებს. თავისუფლება და სტუმართმოყვარეობა არაა საბჭოთა ტრადიცია, საბჭოური ტრადიციები არასდროს ყოფილა ქართული, მაგრამ დღემდე ამას ვასწავლით ბავშვებს და ისე ვზრდით, მითებში და ლეგენდებში ვკეტავთ და აზროვნების განვითარების შესაძლებლობას ვუკლავთ.

ახლა გვაქვს შანსი ეს შევცვალოთ, ვიბრძოლოთ ცვლილებისთვის, რომლებიც შესაძლოა მტკივნეული იყოს თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის, მაგრამ არჩევანი გექნებათ ასწავლოთ ზღაპრები და დაუხატოთ ცხოვრება ლამაზ ფერებში, დაუკარგოთ ცხოვრების ხალისი და ყველანაირი ინტერესი საჯარო სკოლაში ტარებით თუ ასწავლოთ რეალობის შეცნობა და აზროვნება.

არჩევანი მარტივია: იდეოლოგიზებული საგანი, რომელიც „ასწავლის იმას, რომ არაფერს ასწავლის“ თუ თავისუფალი აზროვნება.

ისტორიის სწავლებაში მნიშვნელოვანი მგონია არა წლებისა და მითების დაზეპირება, არამედ უფრო მნიშვნელოვანი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბება, ბავშვებისთვის დახმარება, გაიაზრონ ადამიანების განვითარების ეტაპები, შეიცნონ აწმყო და გარემო, რომელშიც ცხოვრობენ, სწორად განსაზღვრონ საკუთარი თავისა თუ ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ინტერესები, ისწავლონ იყვნენ დამოუკიდებლები, გაიაზრონ ადამიანური თუ ისტორიული ტრაგედიების თუ ტრიუმფების გამომწვევი მიზეზები და დაიმკვიდრონ თავი საზოგადოებაში.

ნამდვილი ისტორია ისეთივე ცოცხალი იყო თავის დროს, როგორც ჩვენ და ჩვენი ყოფაც ოდესმე ისტორიად იქცევა.

ავტორი: ნიკოლოზ ხუცურაული



კომენტარები