სიახლეები

41 Views
პოლიტიკა

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მესამე მოადგილის პოსტი უკვე დაკავებულია

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის სამხარეო რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის მოადგილედ დაინიშნა.

ხაჩიძე ამბობს, რომ შემოთავაზება გუბერნატორისგან მიიღო, იგი რწმუნებულის მესამე მოადგილე იქნება და კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მიმართულებას უხელმძღვანელებს.

უკვე რწმუნებულის მესამე მოადგილის თქმით, იგი 25 წელია სცენაზე დგას და სურს მიღებული გამოცდილება რეგიონს მოახმაროს; მიიჩნევს, რომ შეძლებს რეგიონი გახადოს ბევრად უფრო მიმზიდველი, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის.

მოგეხსენებათ, მე ვარ სამართალმცოდნე, მაგრამ ჩემი სფეროდან გამომდინარე პიარ სამსახურშიც მიმუშავია სხვადასხვა ადგილებზე და ძირითადად მინდა, რომ სამცხე-ჯავახეთს, რომელსაც დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, პოპულარიზაცია გავუწიო და რაც შეიძლება მეტად მიმზიდველი იყოს. კონკრეტულ გეგმებზე მოგახსენებთ დროთა განმავლობაში. კონკრეტული გეგმა აქვს დასახული მხარის გუბერნატორს, ბატონ ბესოს, მე მისი გუნდის წევრი ვხდები და მის დავალებებს შევასრულებ. ძირითადი მიმართულება არის როგორც პოპულარიზაცია, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები. მე ჩემს პროექტებსაც დავდებ და ყველაფერი გამჭვირვალე იქნება. ფეისბუქზეც მექნება ლაივები, ჟურნალისტებთანაც მექნება ინტენსიური ურთიერთობა. არ მაქვს არანაირი შეზღუდვა და ა.შ.",-განაცხადა ხაჩიძემ

როგორც ზურა ხაჩიძე ამბობს, მისი წარდგენა დღეს მოხდა, მოლაპარაკებები კი მხარის გუბერნატორთან დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მას „ფეისბუქის“ საშუალებით უკვე მიულოცა ნინი ქარსელაძემაც:

ჩემი ბიჭი, დარწმუნებული ვარ, შენს საყვარელ მხარეს ისე მოუვლი და გადაყვები, როგორც მე 8 წლიდან!!!
წარმატებები, მიყვარხარ.

ხაჩიძე საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში თანამშრომლობდა ქდმ-სთან, ასევე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყო წარდგენილი პატრიოტთა ალიანსიდან“, ბოლო არჩევნების დროს კი ლადო კახაძის მხარდამჭერ კამპანიაში მონაწილეობდა. 

კომენტარები