სიახლეები

82 Views
პოლიტიკა

გია ჟორჟოლიანი: მთავრობას განვითარების პოლიტიკა მინდობილი აქვს ბაზრისთვის

ძირითადად, მთავრობას განვითარების პოლიტიკა მინდობილი აქვს ბაზრისთვის. მიაჩნია, რომ თვითონ ბაზარი განავითარებს ეკონომიკას. ეს არის ტყუილი. ეს არ მოხდება. ამიტომაც ქართული ეკონომიკა სასურველი ტემპებით არ ვითარდება - არ იქმნება საჭირო რაოდენობით სამუშაო ადგილები, საქართველოში არ იქმნება კონკურენტული პროდუქცია, რომელიც გავა ექსპორტზე და დაიკავებს თავის ადგილს გლობალურ ეკონომიკაში.    

გია ჟორჟოლიანმა  გაზეთ "ახალ თაობასთან" ინტერვიუში საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაზე ისაუბრა. პარლამენტის წევრის აზრით, ისეთი მიდგომებით, როგორიც მთავრობას აქვს, ეკონომიკა სერიოზულად არ შეიცვლება და მუდმივად ვიქნებით ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ვართ.  

ჩემი აზრით, მთავრობამ ეკონომიკური პოლიტიკა რადიკალურად უნდა შეცვალოს. ეს არ არის მხოლოდ ამ მთავრობის პრობლემა, ამ მთავრობის,  წინა  მთავრობისა და იმის წინა მთავრობის პრობლემაა. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ტიპის პრობლემა. მთავრობამ უნდა იკისროს განვითარების ორგანიზატორის როლი.

როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, პრაქტიკულად, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის პრობლემაა: "ე.წ. რადიკალური ნეოლიბერალური მიდგომები, რომელსაც სახელმწიფოს როლი, პრაქტიკულად ნულამდე დაჰყავს ეკონომიკის ორგანიზებასა და ეკონომიკური პროცესების წარმართვაში".

მიჩნეულია, რომ ბაზარი ამას თავისთავად  დაარეგულირებს. ეს არის მცდარი პოლიტიკა. ეს არის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის მთავრობის პრობლემა. თუ არსებული ეკონომიკური პოლიტიკა არ შეიცვალა, ეკონომიკა რადიკალურად არ გაჯანსაღდება.

პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრი ინტერვიუში ამბობს, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას რევოლუციური ცვლილებები სჭირდება. ჟორჟოლიანის თქმით, ეს ყველა წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების პრობლემაცაა. თუმცა როგორც ჩანს "ქართული ოცნების" მთავრობას მაქსიმალური კრიტიკისთვის ვერ იმეტებს და დასძენს:

დღევანდელი მთავრობა წინასთან შედარებით ფრთიანი ანგელოზია, როგორც პოლიტიკური ქცევის ნაწილში, ასევე სხვა მხრივაც. რაც შესაძლებელია არსებული ეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოებში, ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ფუნდამენტური ცვლილებაა საჭირო. 

წყარო: "ახალი თაობა"

კომენტარები