სიახლეები

იაგო ხვიჩია: ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა სახიფათოა

სარალიძის საქმეზე სამართლებრივი გადაწყვეტილება არასოდეს ყოფილა მიღებული.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობების საქმესთან დაკავშირებულ სიახლეებზე ისაუბრეს იაგო ხვიჩიამ და ზურაბ ჯაფარიძემ, ყოველდღიურ გადაცემაში "გირჩის აზრით".

იაგო ხვიჩიას თქმით, სარალიძის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებები ყოველთვის პოლიტიკური იყო და არა სამართლებრივი. თავიდან გადაწყდა, რომ არ დაეჭირათ ეს ადამიანები და ხელი დაეფარებინათ, ახლა კი, ისევ პოლიტიკური პროცესების გამო დააპატიმრეს. წინ 2020 წლის არჩევნებია და როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა სარალიძის ტრაგედია მოიშოროს მხრებიდან და სუფთად გამოძვრეს წინასაარჩევნოდ.

საქართველოში გვაქვს წესრიგი, როდესაც თუ პატრონი არ გყავს შენს საქმეზე, უბრალოდ შეუძლებელია დადგეს სამართლიანობა.

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ "მართლმსაჯულება ქვეყანაში, "დემოკრატიული" პრინციპების საფუძველზე ხორციელდება, ანუ ხალხის უმრავლესობამ თუ გადაწყვიტა, რომ ეს საქმე გამოსაძიებელია, შეიძლება ვიღაცა დაფიქრდეს და დაიწყოს გამოძიება... რეალურად კი, ამ საქმის გამოძიებაში არაფერი შეცვლილა და სწორედ ეს პროცესები ააშკარავებს მანკიერ საბჭოთა სისტემას, რომელიც გვაქვს ჩვენს მართლმსაჯულების სიტემაში. თუ შენ საქმეზე ხალხმა მიტინგი არ ჩაატარა და თუ წინასაარჩევნოდ არ დადგა საკითხი, რომ მთავრობა არჩევნებს წააგებს, მან მართლმსაჯულება არ აღსრულდება...". შესაბამისად, კანონის ნორმები კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ როგორც გირჩის ლიდერი ამბობს, გვაქვს სისტემა, რომელშიც იმისთვის, რომ კონკრეტულ საქმეზე სამართლიანობა აღსრულდეს, მნიშვნელოვანია ხალხი რას იტყვის  და ასეთი საპროტესტო ტალღის შემთხვევაში, სახელისუფლებლო ორგანოები (ამ შემთხვევაში მართლმსაჯულების ორგანოები) იწყებენ გამოძიებას.

ეს არის ძალიან სახიფათო სისტემა, მე იმის წინააღმდეგი ვარ, რომ ჩვენ ცხვრებივით მოგვწონდეს და ტაში დავუკრათ ორი წლის თავზე თუ დააკავეს ერთ-ერთი ბრალდებული. ეს ადამიანი იმიტომ კი არ დააკავეს, რომ ახალი მტკიცებულებები გამოიკვეთა, უბრალოდ ახლა მიიღო ეს სახე, ეს იყო ახალი პოლიტიკური გადაწყვეტილება.

იაგო ხვიჩიას თქმით, რომ თუ მართლმსაჯულების სისტემას რაიმეზე აქვს პრეტენზია, პოლიტიკურობა არ უნდა განსაზღვრავდეს კონკრეტულ საქმეებზე სამართლიანობის აღსრულებას. მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუციურ გამართულობას უზრუნველყოფს სამართლიანობის დადგომა, მიუხედავად პოლიტიკური ვნებებისა.

ამავე ეთერში ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ამ ტიპის სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება ძალიან საშიშია, რადგან მართლმსაჯულების ამბავი წყდება პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.

არსებული სისტემა მოტივებს აუკუღმართებს და ადამიანებს უბიძგებს საკუთარი ამბავი პოლიტიკურ პრობლემად აქციონ. 

3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვანი გ.ჯ. დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, დაუდგენელ პირთან ერთად.

დღეს კი, 4 ივნისს, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, მიხეილ კალანდია დააკავეს. ის პროკურატურის მთავარი მოწმეა. კალანდია ორივე ინსტანციის სასამართლომ, არაერთხელ შეცვლილი ჩვენების გამო, არასანდო მოწმედ ცნო.

კომენტარები