31 მაისი 2019
141 Views
პროცესი

ზაქარეიშვილი: არასდროს მითქვამს, რომ უნდა ვაღიაროთ აფხაზეთის დამოუკიდებლობა

"მე არასდროს მითქვამს, რომ უნდა ვაღიაროთ აფხაზეთის დამოუკიდებლობა,საქართველო ჩაიდენს ყველაზე დიდ დანაშაულს, თუ აღიარებს მათ დამოუკიდებლობას."

საქართველოს კონფლიქტებზე ისაუბრა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა,პაატა ზაქარეიშვილმა, იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში "პროცესი". ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ხშირად ეწევიან მისი განცხადებების არასწორ და კონტექსტიდან ამოგლეჯილ ინტერპრეტაციას.მისი თქმით, აფხაზების როგორც ფენომენის აღიარებაზეა ლაპარაკი და არა მათ დამოუკიდებლობაზე: "მე აფხაზებს ვეუბნები, რომ თქვენი სიკვდილი დაიწყება მაშინ, როცა ჩვენ თქვენ გაღიარებთ, როცა დავიღლებით ქართველები, ვიტყვით, რომ აღარ გვინდა აფხაზეთი, ეს არის ტვირთი, ბორკილები და რაც უფრო მალე მოვიცილებთ, მით უკეთესი. არანაირი შანსი თქვენი დამოუკიდებლობისა არ არსებობს, რადგან რუსეთი ამას არ დაუშვებს, ეს პოზიცია გამიმყარდა ყირიმის მოვლენების შემდეგ,რადგან რუსეთისთვის მთავარია გაიმყაროს თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობა რეგიონში."

პაატა ზაქარეიშვილმა ისაუბრა კონფლიქტების გადაჭრის შესაძლო გზებზე და იმ ფაქტზე, რომ აფხაზეთის რეალური დამოუკიდებლობა უტოპიაა :

"აფხაზების მომავალი არის მხოლოდ ორი გზა, ან რუსეთის შემადგენლობაში, რასაც მსოფლიო არ დაუშვებს და ჩვენ არ დავუშვებთ,ან დემოკრატიული საქართველოს შემადგენლობაში..."

"სხვანაირად მათი დამოუკიდებლობა ზღაპარია,ყველაზე საშინელ პირობებშიც კი,საქართველომ რატომ უნდა გაღიაროს, თუ დაკარგვაზე მიდგა საქმე, ურჩევნია რუსეთს დაელაპარაკოს, ივაჭროს, დევნილები დააბრუნოს, ტერიტორიები გაცვალოს და უამრავი პლიუსები მიიღოს ამ უმსგავსობაში, რასაც საქართველო არ დაუშვებს.. ან რუსეთთან იქნება გარიგება, ნახევარი აფხაზეთი შენ (რასაც სააკაშვილის აპირებდა და აღიარა კიდეც ) და ნახევარი მე და აქ დავაბრუნებ დევნილებს,ან ყველაზე უკეთესი ვარიანტია,შევთანხმდეთ საქართველოსთან ერთად,რაღაც საერთო სახელმწიფოზე.ზაქარეიშვილის განცხადებით, ამ საერთო სახელმწიფომდე მისვლა, არც ისე იოლი ამბავია, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,ჩვენ საერთო სახელმწიფოში არ გვიცხოვრია. შერიგებისა და თანასწორობის ყოფილი მინისტრი ამბობს,რომ კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული, რას ვთავაზობთ აფხაზებს,საჭიროა რაღაცა მოდელი შევიმუშავოთ და შევთავაზოთ მათ.

შეგახსენებთ, რომ პაატა ზაქარეიშვილი 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე გახლდათ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი.



კომენტარები