"ეგ ხო კვოტით მოხვდა პარლამენტში"?

მე „გირჩის“ ქალი პოლიტიკოსი ვარ. აქ ინდივიდუალიზმის სიყვარულმა მომიყვანა, იმის გააზრებამ, რომ ყოველი ჩვენგანი არის განსაკუთრებული და უნიკალური საკუთარი ცოდნითა და მიზნებით და რომ სრულიად თავისუფლები ვართ ამ მიზნებისკენ მიმავალ გზაზე, სანამ სხვაზე არ ვძალადობთ ან მათ საკუთრებას არ ვეხებით. 

ჩემი ოჯახი სამი ძმისა და მშობლებისგან შედგებოდა. ეს მრავალფეროვნება, სახლში, ყოველთვის იყო კარგი მაგალითი იმისა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის ინდივიდუალურ უნარებსა და მონდომებას წარმატების მისაღწევად, ნებისმიერი მიმართულებით, რადგან ყველას სხვადასხვა ინტერესი გვქონდა. დედაჩემი ყველაზე მებრძოლი ადამიანი იყო, რომელსაც კი შევხვედრივარ ცხოვრებაში და დიდწილად მისი დამსახურებაა ჩემი და ჩემი ძმების თავდაჯერებულობა, რომ ყველაფერს შევძლებდით, თუკი მოვინდომებდით. ცხოვრების არცერთ ეტაპზე, არ შემხვედრია დაბრკოლება, მაშინ, როცა მართლა დარწმუნებული ვიყავი საკუთარ თავში და რეალურად მინდოდა, რასაც ვაკეთებდი -  სკოლაში, უნივერსიტეტში, კონკურსებზე, სამსახურში, ყველგან..

დღეს, თუკი რაიმე პრობლემა აქვთ ქალებს საქართველოში, სწორედ ამგვარი აღზრდის ნაკლებობისა და სოციალური გარემოს ბრალი მგონია. 

საპარლამენტო კვოტების მომხრეები,  ამ იდეას ქალების არასახარბიელო მდგომარეობით, მათი გააქტიურების მნიშვნელობით და ისტორიული ჩაგვრის გამოსწორების მოტივით ხსნიან, მაშინ, როცა ყველამ კარგად ვიცით, რომ რეალურად, საქართველოში, ქალების (ნაწილის) პრობლემები სოციო-კულტურული ფაქტორებით არის განპირობებული და თუ ამ პრობლემის ფუნდამენტის მოშლა მართლა გვინდა, განათლების მნიშვნელობაზე, ცნობიერების ამაღლებაზე უნდა ვსაუბრობდეთ და არა მზა ადგილებზე პარლამენტში, რომელიც ცალსახად შეურაცხმყოფელი უნდა იყოს ყველა ქალისთვის.

როცა საპარლამენტო სიის ფორმირებისას ქალთა სავალდებულო კვოტები დაამტკიცეს, ერთადერთი კითხვა მქონდა საკუთარ თავთან: აქამდე არსებობდა რაიმე ფაქტორი, რომელიც ხელს შემიშლიდა მიზნის მიღწევაში, თუ მართლა მოვემზადებოდი პარლამენტის დეპუტატობისთვის?

ის ფაქტი, რომ ისტორიულად ქალები ზოგიერთ სფეროში, მაგალითად პოლიტიკაში, ბიზნესში, თავდაცვაში ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილნი, არ ნიშნავს, რომ გამოსავალი ამ პროფესიებში მეტი ქალის დაქირავებაა. 

წარმოვიდგინოთ, რომ ეს პრინციპი გადავიტანეთ სხვა სფეროებშიც:

პარლამენტში - ყოველი მე-4 ქალი;

ქართულ ჯარში - ყოველი მე-2 ქალი;

შევქმენით ქართველ ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა (მგონი არის კიდეც :დ )

კვოტები დავაწესეთ ბიზნესისა და ადმინისტრირების ფაკულტეტზე;

კვოტები დავაწესეთ საავიაციო ფაკულტეტზე (ქალი პილოტები გვაკლია);

ამ სიის გაგრძელებაა უსასრულოდ არის შესაძლებელი. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ ინდივიდუალიზმს ვართმევთ ადამიანებს და სტიმულს ვუჩენთ ისეთი სფეროში წავიდნენ, რომელიც რეალურად კი არ იყო მათი ინტერესი, არამედ იოლი გზა გახდა წარმატების მისაღწევად. 

ინდივიდუალიზმი საკუთარი თავის აღმოჩენისა და ზრდისკენ გვიბიძგებს. მე მჯერა, რომ ქალებს კაცებთან გათანაბრების მნიშვნელობას კი არ უნდა ვასწავლიდეთ, არამედ საკუთარ ინდივიდუალურ უპირატესობაზე მუშაობას.

ქალები და კაცები ერთმანეთთან ჯანსაღ კონკურენციაში უნდა ვიყოთ, როგორც ინდივიდები. ასეთი კონკურენცია ქართულ პოლიტიკაში დღეს მხოლოდ "გირჩშია" - ერთადერთი პარტიაა საქართველოში, რომელიც მთლიანად ჩვენი ამომრჩევლების მიერ ფინანსდება და პარტიულ სიასაც, შესაბამისად, ამომრჩევლები ადგენენ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით, რომელიც ღიაა ყველასთვის. როცა ამაზე ვსაუბრობთ, კვოტირების მომხრეებს „არგუმენტად“ სხვა პარტიების მაგალითები მოჰყავთ და მხოლოდ თქვენი გადმოსახედიდან ნუ საუბრობთო, გვამუნათებენ. თუმცა, ვერ ახსენებენ ვერცერთ კონკრეტულ მაგალითს, როდესაც ქალი თავისი სქესის გამო დაიჩაგრა და ამიტომ ვერ მოხვდა საპარლამენტო სიაში.  

თუკი „გირჩის“ მოდელი სამართლიანია და საკუთარი ამომრჩევლების ინტერესებს ითვალისწინებს, მაშინ, რატომ არ შეიძლება ის იყოს მაგალითი სხვა პარტიებისთვისაც? 

თუ ასეთი დიდი მოთხოვნაა ქალების მხრიდან პოლიტიკოსის პროფესიაზე და დიდი პარტიები მათ უბრალოდ არ აკარებენ საარჩევნო სიებს, რატომ არ შეიძლება ასეთმა ქალებმა თავად შექმნან პოლიტიკური პარტია და ისე მოხვდნენ პარლამენტში?! როდის უფრო კვალიფიციურ კადრებს მივიღებთ, როცა საკუთარი ძალისხმევით, შრომითა და ინტელექტით იბრძოლებენ პარლამენტისთვის, თუ მაშინ, როცა მზა ადგილები შეხვდებათ სიაში?!

(ცხადია, არ ვგულისხმობ, რომ კვოტიანი ქალები აუცილებლად უინტელექტო პოლიტიკოსები იქნებიან, მაგრამ ცალსახაა, რომ უსამართლო და დისკრიმინაციულ მიდგომას ვაკანონებთ.)

როცა გირჩში მოვედი, არ მქონია გააზრებული, რომ პოლიტიკოსად შეიძლებოდა ჩამოვყალიბებულიყავი. აქ დამხვდნენ ადამიანები, რომლებისგანაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და დღემდე ვსწავლობ. მოცემულ რეალობაში კი, „გირჩის“ საპარლამენტო სიაში მე, ხელოვნურად, რამდენიმე მათგანზე წინ შეიძლება აღმოვჩნდე.. როგორ ვუშვებთ, რომ სამართლიანი შეიძლება იყოს, ადამიანის სადმე დაწინაურება მისი სქესის მიხედვით?

გულწრფელი თუ ვიქნები, საკუთარ თავზე ცუდი წარმოდგენის არ ვარ, არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ დღევანდელი პარლამენტარების უმრავლესობაზე მეტი ცოდნა მაქვს, ბევრი მიმართულებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მორალურად გამართლებული მგონია, ჩემზე კვალიფიციურ და გამოცდილ ხალხზე წინ ყოფნა, საარჩევნო სიაში.

და ბოლოს, როცა საპარლამენტო კვოტებს ქალთა უფლებების დასაცავ მნიშვნელოვან ფაქტორად განიხილავენ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს უამრავი ისეთი თავისუფალი ქვეყანა, რომელშიც კვოტები არ არსებობს და ეს უფლებები გაცილებით დაცულია, ვიდრე იმ აფრიკულ თუ სამხრეთ ამერიკულ ქვეყნებში, რომელთა საკანონმდებლო ორგანოებშიც ქალთა წარმომადგენლობა ყველაზე მაღალია. კარგი იქნება, საკუთარ თავს დაუსვათ შეკითხვა - მართლა მჯერა, რომ მთავრობა ამას ქალთა უფლებების დასაცავად აკეთებს? (ის კიდევ ცალკე თემაა, რომ შეუძლებელია,  ცალკე აღებული "ქალთა უფლებები" არსებობდეს) 

პოზიტიური დისკრიმინაციის წყალობით და პარლამენტში ქალების წარმომადგენლობის გაზრდის მოტივით, კიდევ ერთი ყბადაღებული თემა ჩნდება იმისთვის, რომ ქალთა კვალიფიკაციასა და ცოდნაზე ბოროტად ხუმრობდნენ. 

„ეგ ხო კვოტით მოხვდა პარლამენტში“...

To be continued...

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები