სიახლეები

ჯაფარიძე: პრეზიდენტს არ აქვს უფლება, რომ ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის დროს სრული თავისუფლება მისცეს

გადაცემა "Zoom იერი ჯაფარას" ეთერში, ზურაბ ჯაფარიძე გუშინდელ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას გამოეხმაურა, რომელიც კომენდანტის საათის არაკონსტიტუციურად ცნობას ეხებოდა.

მისი თქმით, ზოგადად პრეზიდენტს არ აქვს უფლება, რომ ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის დროს სრული თავისუფლება მისცეს. როგორც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, პარლამენტმა მთავრობას კონკრეტული ვადები და ჩარჩოები უნდა დაუდგინოს, რადგან საგანგებო მდგომარეობის პირობებში სახელმწიფო, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავს. პოლიტიკოსი ამბობს, რომ სწორედ ამისთვისაა საჭირო, პარლამენტმა მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები დაარეგულიროს.

ჯაფარიძის თქმით, ღამით ადამიანების სახლში გამოკეტვას, ვირუსის შეკავებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან საღამოს 9-დან დილის  6 საათამდე, დღის იგივე მონაკვეთისგან განსხვავებული, არაფერი ხდება. მისივე თქმით, თუ ვთანხმდებით, რომ კორონავირუსი რესპირატორული გზით გადადის მაშინ, პირიქით ღამე ადამიანებს შორის კონტაქტი უფრო ნაკლებია, ვიდრე დღის განმავლობაში.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, თუ საკონსტიტუციო სასამართლო კომენდანტის საათს არაკონსტიტუციურად ცნობს, მისი დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიც არაკონსტიტუციურად ჩაითვლება და შესაბამისად გაუქმდება.

შეგახსენებთ, რომ "გირჩმა" საკონსტიტუციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის არაერთი ადამიანი დააჯარიმეს.

                                                                                                                                ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები