შიში ოხერია

შიში ოხერი რამეა, ადამიანს საღ აზროვნებას უხშობს. შეშინებული ადამიანებით მანიპულირებაც იოლია, ყველაფერს შეასაღებ მისივე დაცვის საბაბით.

"სახელმწიფოებრივად მოაზროვნე", "სახელმწიფო ინტერესებზე ორიენტირებულმა" პარტიებმა (ნაცმოძრაობა, ევროპ.საქართ. და სხვ.) მხარი დაუჭირეს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. არ გავვრცელდები იმის თაობაზე, რომ მატყუარა ხელისუფლების ნავში ჩახტომა, აქაოდა დაზომბირებულ ამომრჩეველს მოვეწონებიო, არაა ზნეობრივი საქციელი...

ამ საერთო ფსიქოზის ფონზე პოლიტიკური ძალა, რომელიც არ ერიდება განსხვავებული, მაგრამ საღი აზრის დაფიქსირებას, არის "გირჩი".

"ვაჟკაც იგია ვინც მართალს ეტყვის ქვეყანას მცდომსაო" .

სამოქალაქო გმირობა მავანს ეგებ სხვა რამ ჰგონია?! უმრავლესობის აზრის მიუხედავად შესძახებ: ის მაინც ბრუნავს! ბედნიერია ვისაც უფალმა ასეთი წამი აჩუქა!
მიმდინარე მოვლენების გირჩისეული შეფასებები, მორალურად სწორია და პოლიტიკურადაც გამართული. ადამიანი მომავალზე ორიენტირებული არსებაა, ამდენად საზოგადოება დიდხანს შეცდომაში ვერ გაიყინება. მტკივნეული გამოფხიზლება ახლოსაა. "გირჩის" პოზიციის მართებულობაც მალე ბევრისთვის ცხადი და გასაგები გახდება!

ავტორი: ვახტანგ ზენაიშვილი



კომენტარები