გიორგი მშვენიერაძე როინ ჩიხრაძეზე: ნახმარი შპრიცის გამო ადამიანის ციხეში გაშვება ცალსახად არაკონსტიტუციურია

კონსტიტუციონალისტმა და "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ, დღეს ''პოლიტიკური აგორის'' ეთერში, როინ ჩიხრაძის საქმეზე ისაუბრა: ''ეს საქმე, სამწუხაროდ, ერთადერთი არ არის. საქართველოს კანონმდებლობა, თითქმის არცერთ ნარკოტიკულ ნივთიერებაზე, მცირე ოდენობას არ ითვალისწინებს''.

ნარკოდამოკიდებული ადამიანები, რომლებიც მოხმარების შემდეგ, სხვებს საფრთხეს არ უქმნიან და შპრიცებს ფანჯრიდან არ აგდებენ, როგორც შეიძლება ამას სხვები აკეთებდნენ, ყოველდღიურად საფრთხის წინაშე დგანან, რომ მათთან ნებისმიერ დროს შეიძლება პოლიცია მივიდეს და ნახმარი შპრიცი ამოუღოს

                                                                                                                                                                                       - განაცხადა მშვენიერაძემ.

მისივე თქმით, ასეთ შემთხვევებშიც კი, როდესაც ამოღებული ნივთიერების დოზა, პირადი მოხმარებისთვისაც კი სრულიად გამოუსადეგარია, ეს ადამიანები პასუხისგებაში მაინც მიეცემიან

ჩვენ თუ გვინდა, ნარკომანიას როგორც სენს ვებრძოლოთ, გამოსავალი არ არის ნახმარი შპრიცის გამო, ადამიანის ციხეში გაშვება. ეს ცალსახად არაგონიერი და არაკონსტიტუციურია

კონსიტუციონალისტმა ასევე აღნიშნა, რომ მათ კოალიციას, რომელშიც 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია შედის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი აქვთ შეტანილი, გარკვეული ნარკოტიკული ნივთიერებების, გამოყენებისთვის გამოუსადეგარი დოზების შემთხვევაში, პასუხისგებაში პირების მიცემა დაუშვებლად სცნონ. როგორც მშვენიერაძე აღნისნავს, საწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არ მიუღია და ზოგადად ამ ტიპის საქმეებზე განცხადებების მიღება და წარმოება შეაჩერა.

ეს რეალურად სერიოზული პრობლემაა, სახელმწიფო ნარკოდამოკიდებულ ადამიანებზე ჩვეულებრივად ძალადობს. მსგავს საქმეებზე ადეკვატურ გადაწყვეტილებას, საბოლოოდ ისევ საკონსტიტუციო სასამართლო თუ მიიღებს, რადგანაც მშიშარი პოლიტიკოსები ამას არ გააკეთებენ" - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ "გირჩი ტივის" ეთერში.                                                    

შეგახსენებთ, რომ 52 წლის როინ ჩიხრაძეს  თბილისის საქალაქო სასამართლომ 0,00104046 გრ. მეტამფეტამინისა და 0,001035 გრ. ამფეტამინის ფლობისთვის, 2017 წელს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ამფეტამინისა და მეტამფეტამინის ერთჯერადი მოხმარებისთვის საჭირო მინიმალური  დოზა არის 5 მგ. (0,005 გრამი).

ამის საფუძველზე გამოდის, რომ როინ ჩიხრაძე ისეთი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის, რომელიც გამოუსადეგარია პირადი მოხმარებისთვისაც კი, სასჯელს უკვე მესამე წელია იხდის.

''გირჩის'' წევრმა ლევან ჯგერენაიამ, საკონსტიტუციო სასამართლოში პატიმრობის არაკონსტიტუციურად ცნობისთვის სარჩელი შეიტანა.

                                                                                                                                                                                 ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 



კომენტარები