1957 Views
ბლოგი ეკონომიკა

"პირბადეების გაძვირებაზედ..."

ის, რაც ახლა ხდება პირბადეების ფასზე, არის კლასიკური price gouging - ფასების აწევა კრიტიკულ სიტუაციებში.

ერთი შეხედვით - როგორი ამორალურია, არა? ვიღაცების ხარჯზე დამპალი ბიზნესები მდიდრდებიან!!
თან, მარტო ჩვენ კი არ ვართ ასეთი "ცუდები" - აგერ, ამაზონზეც იგივე ხდება თურმე და ბეზოსი იმ სელერებს აბლოკინებს, რომლებიც პირბადეების ფასებს ზემოთ წევენ. 

მაგრამ, მეორე მხრივ - მხოლოდ გაზრდილი ფასებია იმის გარანტი, რომ მწარმოებლებს გაუჩნდებათ მეტის წარმოების მოტივი - მეტი მოგების მიღებისთვის. იმპორტიორებს - მეტის იმპორტის მოტივი. ადამიანებს - ამ დეფიციტურ ბაზარზე შესვლის და იმპორტიორად ან მწარმოებლად გახდომის მოტივი. 
გაზრდილი ფასი რამეზე ნიშნავს, რომ ამ რამის opportunity cost იზრდება -ანუ თუ ვინმეს აქვს ბამბა და ფიქრობს, ამ ბამბით ტანსაცმელი აწარმოოს თუ პირბადე - ახლა ზუსტად ეცოდინება, რომ პირბადით უფრო მეტ ფულს იშოვის. 
გაზრდილი ფასია იმის გარანტი, რომ რაც გვჭირდება, ის პროდუქტი უფრო და უფრო მეტი მოვა ჩვენამდე, რათა ჩვენი გაზრდილი მოთხოვნა დააკმაყოფილოს - ანუ მივიღოთ ის, რაც ახლა ასე გვჭირდება, თუნდაც ძვირად. 
მხოლოდ ფასების ბუნებრივი მატებაა იმის გარკვევის საშუალება, თუ ვის სჭირდება ესა თუ ის პროდუქტი ყველაზე მეტად. როდესაც რამე კრიტიკული სიტუაციაა, ადამიანები over-stocking-ს ახდენენ ყველაფრის - იმარაგებენ იმაზე მეტს, ვიდრე სჭირდებათ, ან სულაც იმას იმარაგებენ, რაც არ სჭირდებათ, ამით კი აძლიერებენ დეფიციტს. სწორედ გაზრდილი ფასებით შეიძლება ამ პანიკური ქცევის ნაწილობრივი კონტროლი. 
მაგალითისთვის, გაიხსენეთ ხოლმე, როდესაც სეზონური გრიპის შემოტევაა და "უფასო" სასწრაფოს იძახებს ყველა, ვისაც ოდნაც დაახველებს, იმიტომ რომ რატომაც არა! - შედეგად ვიღებთ 3-4 საათიანი დაგვიანებით მოსულ სასწრაფოებს და ვინ იცის, რამდენჯერ დაუგვიანია ჩვენი ასეთი ქცევის გამო სასწრაფოს იმასთან, ვისაც მართლა სჭირდებოდა ის. 

თუ პირბადეებზე ფასების მატებამ ეგრევე იმაზე წაგიყვანათ, რომ მთავრობამ პირბადის ფასი უნდა დაარეგულიროს და ვინც ძვირად გაყიდის უნდა დასაჯოს, დაფიქრდით, რატომ არ შეგიძლიათ თქვენ ასეთ სიტუაციაში გაზრდილ მოთხოვნას უპასუხოთ იმით, რომ თავადაც გახდეთ პატარა იმპორტიორი - სადმე ტაივანში შეუკვეთოთ პირბადეები ცენტის მეასედ ფასად და აქ 10 თეთრად გაყიდოთ - თქვენ ხომ კარგი ადამიანი ხართ! ამით უზარმაზარ მოგებასაც ნახავდით და თან მორალურადაც მოიქცეოდით, არა? 
იქნებ იმიტომ, რომ ამის უფლებას სახელმწიფო არ მოგცემთ? სამედიცინო ინვენტარის შემოტანაზე ლიცენზია გააქვთო, გეტყვიან? პირბადის მაგივრად აქ შეგიძლიათ ნებისმიერი წამალი ჩაწეროთ, რომელიც ჩვენს აფთიაქებში დეფიციტშია ხოლმე, სულ მესმის მასეთები. 

price gouging ცუდად ჩანს, არაა ლამაზი, ადამიანურ ბუნებას გვაჩვენებს და არ მოგვწონს. მარა ეგა ვართ რაც ვართ და მეტიც, ფასების ასეთი მატება ერთადერთი სწორი და ყველაზე ეფექტური რამაა, რაც შეიძლება ასეთ სიტუაციებში მოხდეს, იმისთის, რომ სამყაროს შეზღუდული რესურსები შესაძლო ვარიანტებიდან ყველაზე ეფექტურად გადანაწილდეს.

თუ თქვენი გულისტკივილი, რომ ვიღაც ასეთი ფასების გამო პირბადეს ვერ მიიღებს, ეს გულისტკივილი ნამდვილია - შეგიძლიათ ბლომად ბინტი იყიდოთ და ხელნაკეთი პირბადეები დაარიგოთ რუსთაველის მეტროსთან. სოციალური კამპანიაც წამოიწყეთ, ბევრი აგყვებათ და პრობლემის შემსუბუქებაში თქვენს წვლილს შეიტანთ.  აგერ, Zurab Girchi Japaridze-ს უდევს ტუტორიალი, როგორ გააკეთოთ პირბადე :))

ვიდეო 1 - ფრაის გაუჯინგზე

ვიდეო 2 - პირბადის გაკეთების ზურასეული ტუტორიალი 

ავტორი: ჰერმან საბო



კომენტარები