163 Views
პოლიტიკა

"ოცნებას" კომპრომისის მიღწევის არანაირი მცდელობა არ აქვს - იაგო ხვიჩია

„ქართულ ოცნებას“ არანაირი კომპრომისის მიღწევის მცდელობა არ აქვს, – ამის შესახებ  „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პირველი არხის გადაცემა „ტრიბუნაში“ განაცხადა.

„ის არის დესტრუქციული ძალა, რომლის სიტყვასაც ფასი არ აქვს. ფორმალურად ხომ ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისმა თანაგუნდელებმა გადააგდეს და თუ მაინცდამაინც გულწრფელი იყო ბიძინა ივანიშვილი და ის ხალხი, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა, მათ იმ გადამგდებების გარეშე შეუძლიათ, გერმანული მოდელი მიიღონ. ქვეყნის შიგნით ამაზე იქნება პოლიტიკური კონსენსუსი. რეალურად, ეს თქვა ეუთო/ოდირის დასკვნამ, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ „ქართული ოცნება“ გულწრფელი არ არის; ის არც არავის გადაუგდია. პირიქით, მისმა ხელმძღვანელობამ გადააგდო ქართველი ხალხი და სწორედ ამიტომ არ იკვრება ის ჯაჭვი, რომლის შეკვრასაც ამდენი ხნის განმავლობაში ცდილობენ“.

– განაცხადა ხვიჩიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა კომპრომისულ მოდელზე შეიძლება შეთანხმდნენ პოლიტიკური ძალები, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები როგორი მოდელითაც არ უნდა ჩატარდეს, „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს წააგებს. თუმცა მისი აზრით, არსებულ მოდელზე დარჩენა, რომელიც ახლა გვაქვს, საზოგადოების დაცინვა იქნება.

„ის ნებისმიერი ფორმით წააგებს. მთავარია, ოპოზიცია არ გაგიჟდეს და ერთმანეთს არ გაუხსნან ცეცხლი, თორემ დანარჩენი, რაზეც „ქართული ოცნება“ იდგა, ეს იყო კონკრეტულად ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის მორალური ავტორიტეტი. მას ეს ავტორიტეტი ჰქონდა და მე ამის უარყოფას არ ვაპირებ. ამ ავტორიტეტის შედეგი იყო ის, რომ მეც კი დავიჯერე, რასაც ბიძინა ივანიშვილი დაგვპირდა, მაგრამ დღეს ეს არ არსებობს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

თუ არსებული მოდელი გაგრძელდება, 2020 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ცხოვრება ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება და ამიტომ, უკან დასახევი გზა არც ოპოზიციას აქვს და არც ქართველ ხალხს, ვისაც ქვეყანაზე გული შესტკივა. 

- ამბობს ხვიჩია "ტრიბუნის" ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა, ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.

ეუთო აცხადებს, რომ ნებისმიერი საარჩევნო ცვლილება საგულდაგულოდ უნდა განიხილონ და პარტიებმა ფართო კონსესუსით მიიღონ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შემოთავაზებული მოდელი აკმაყოფილებს უნივერსალური, თავისუფალი, ფარული და პირდაპირი ხმის მიცემის, ასევე პერიოდული არჩევნების პრინციპებს.

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები