528 Views
პოლიტიკა

ამ სისტემის დაშლა ყველასთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია - ვახო მეგრელიშვილი

ჩვენი ამოცანაა, რომ არცერთ ხელისუფლებას მომავალში, ამ წლის არჩევნების შემდეგ, აღარ ჰქონდეს შესაძლებლობა ხელში ჩაიგდოს სრული ძალაუფლება და ძალოვანი სტრუქტურები.

"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახო მეგრელიშვილმა "ქართული ოცნების" ღია მხარდამჭერ შალვა რამიშვილთან, "პოლიტიკურ ინტერვიუში", სისტემის დანგრევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მეგრელიშვილის თქმით ნებისმიერი პლატფორმით ისარგებლებს, სადაც ამ თემაზე საუბრის შესაძლებლობა ექნება, მით უფრო იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანთა ახალ "ბაბლზე" გასვლის საშუალება მიეცემა. 

"მინდა ქართული ოცნების" მხარდამჭერამდეც მივიდეს ეს თემა, ვუთხრა, რომ მათთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია ამ სისტემის დაშლა, როგორც ნებისმიერი ჩვენგანისთვის"

- როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, პოლიტიკურმა პარტიებმა რეალური კომუნიკაცია ახლა დაიწყეს ერთმანეთთან და ეს მნიშვნელოვანი შანსია. 

"პოლიტიკური ცხოვრება ახლა დაიწყო, აქამდე პარტიებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა ერთმანეთთან ელაპარაკათ. ისინი სტუდიებში მიდიოდნენ და ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ვინ უფრო მხატვრულად შეაგინებდა ხელისუფლებას ან ერთმანეთს. ვესაუბრებით ყველას, იურისტებს, თუკი ვინმეს რამე აზრი გააჩნია ამ თემაზე, ჟურნალისტებს, ელჩებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ველაპარაკებით ადამიანების ძალიან დიდ ჯგუფს, რათა ეს მასობრივად გავრცელდეს."

ვახო მეგრელიშვილის აზრით, ნებისმიერს, ვინც ამაზე ისაუბრებს, უნდა ესმოდეს, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, არავის არ ექნება შესაძლებლობა, რომ გავლენა მოახდინოს, პოლიციელზე, პროკურორსა და მოსამართლეზე.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის სამუშაო ჯგუფი ორპუნქტიან გეგმაზე თანამშრომლობს, რომელიც სისტემის დაშლას, დეცენტრალიზებულ  ძალოვან სტრუქტურებსა და რესტიტუციას (მოქალაქეებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემას) გულისხმობს.

ოპოზიციის სამუშაო ჯგუფის რიგით მესამე შეხვედრა "გირჩის" ოფისში ხვალ გაიმართება.

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები